საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გაუქმებისკენ „კატეგორიულად მოუწოდებს“
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმო საქართველოს ხელისუფლების არალიბერალური შემობრუნება, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ევროპულ კურსს და ხელისუფლებას “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის გაუქმებისკენ “კატეგორიულად” მოუწოდა.
ითვალისწინებს რა საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ აზრის, გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ქვეყნის დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის შემზღუდველ ხასიათს, საქართველოს კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ასევე უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შეუსაბამობას ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, რეზოლუცია:
- ადასტურებს თავის „ურყევ მხარდაჭერას“ საქართველოს ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი ნების მიმართ, იცხოვრონ აყვავებულ ქვეყანაში, რომელიც „ებრძვის კორუფციას, იცავს ადამიანის უფლებებს და პატივს სცემს მედიის დამოუკიდებლობას“;
- გმობს პოლიციის მიერ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების დარბევას, თვითნებურ დაკავებებს დ ხელისუფლების ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ დაშინებისა და შევიწროების კამპანიას, და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის უფლებას შეკრების თავისუფლებაზე;
- კატეგორიულად მოუწოდებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გაუქმებისკენ იმის გათვალისწინებით, რომ ის საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავისუფალ ფუნქციონირებას და დამოუკიდებელი მედიის არსებობას და შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და, შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან;
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს ვენეციის კომისიის მოსაზრებაში ასახული რეკომენდაციები;
- მიაჩნია, რომ ევროკავშირმა არ უნდა გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები საქართველოსთან, თუ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი იქნება მიღებული;
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაატაროს რეფორმები, რომლებიც გააძლიერებს კანონის უზენაესობასა და კორუფციასთან ბრძოლას, „საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ოლიგარქების დომინანტური როლის შესამცირებლად“.
- გმობს ჟურნალისტებისა და ხელისუფლების ოპონენტების, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დევნას.
- მიაჩნია, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ პირველ, მეორე და მეცხრე პირობას.
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ევროპული ვალდებულება, განახორციელოს საჭირო რეფორმები და გააძლიეროს კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ფუნდამენტური თავისუფლებები, ასევე შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ქვეყნისთვის განსაზღვრული ყველა პირობა.
- სთხოვს ევროკომისიას ცხრა ნაბიჯის შესრულებაში საქართველოს პროგრესზე შუალედური ანგარიში წარმოადგინოს.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/05/2024 – ლიეტუვის პარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას „აგენტების“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს
- 22/05/2024 – პიტერ ფიშერი: ‘აგენტების’ კანონის მიღების შემთხვევაში, გერმანია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას ხმას არ მისცემს
- 19/05/2024 – გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები: საქართველოს ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ ევროკავშირის გზიდან გადაუხვია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)