საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კრიმინალურ პოლიციაში ათობით ადამიანი დაიბარეს
აქციის მონაწილეთა ჩვენებებისა და მედიის ინფორმაციით, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ათობით მომიტინგე კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს უწყება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოდან მიუვიდათ. ზოგიერთ უწყებაში მხოლოდ საქმის ნომერია მითითებული, ბრალეულობის ან გამოძიების მოტივის მითითების გარეშე.
გამოკითხვაზე დაბარებულთა მონაყოლის მიხედვით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. კერძოდ:
- მუხლი 222 – ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება – ისჯება ორ წლამდე პატიმრობით, დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში – ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით;
- მუხლი 225 – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა – ისჯება ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით, მასში მონაწილეობა – ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობით;
- მუხლი 226 – ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა – ისჯება სამ წლამდე პატიმრობით.
უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დაბარებები დაშინების ერთ-ერთი საშუალებაა. ისინი დაბარებულებს ახსენებენ, რომ მათ არანაირი სამართლებრივი ვალდებულება არ ეკისრებათ, რომ მსგავს გამოკითხვაზე გამოცხადდნენ. ისინი აქციის მონაწილეებს ურჩევენ, სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვონ, სადაც დაბარებულ პირს ოფიციალურად უნდა ეცნობოს ბრალეულობისა და სტატუსის შესახებ (მოწმე, ეჭვმიტანილი…) და ასევე სავალდებულოა ადვოკატის დასწრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)