skip to content
ახალი ამბები

საიამ საპროტესტო აქციის მონაწილესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში წერილობითი პოზიცია წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2023 წლის მარტში უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს საქართველოს მოქალაქის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წერილობითი პოზიცია წარუდგინა, განაცხადა საია-მ 19 სექტემბერს. განცხადებაში ორგანიზაცია ასევე საუბრობს საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ დაკავებასა და ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებებში არსებულ შეუსაბამობებზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამჟამად განიხილავს საქმეს, რომელიც უფრო ფართო სურათს ასახავს, რაც ბევრ მსგავს შემთხვევაში შეინიშნება. მოქალაქეებს ხშირად პოლიცია აკავებს საპროტესტო აქციების დროს ორი ფართოდგავრცელებული ადმინისტრაციული ბრალდებით: 166-ე მუხლით წვრილმანი ხულიგნობისთვის და 173-ე მუხლით პოლიციის კანონიერი ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის. იგივე სურათი შეიმჩნეოდა უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროსაც.

საქმეზე, რომელზეც საიამ წერილობითი პოზიცია წარადგინა სტრასბურგის სასამართლოში, მოქალაქე დააკავეს 166-ე და 173-ე მუხლებით, როცა ის აქციის სხვა მონაწილის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა ძალადობრივ ქმედებას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა, რომ არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე. საია-მ განაცხადა, რომ საქმის ერთადერთი პოლიციელი მოწმის განმარტებით, მომჩივანი დააკავეს იმის გამო, რომ ის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი, მაშინ როდესაც მომჩივანი ტროტუარზე გადაადგილდებოდა. მომჩივანმა 35 საათზე მეტი გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო სახელმწიფოს არ დაუსაბუთებია დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზეზები. ამ საკითხით არც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დაინტერესებულა. საბოლოოდ, პირს 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

„საია მრავალი წელია ხაზს უსვამს ადმინისტრაციული დაკავებების მანკიერ პრაქტიკას და ეროვნულ დონეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში საფრთხეს უქმნის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას“, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.  

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ადგილობრივი სასამართლოების დადგენილებები „შაბლონური სახისაა და არ ითვალისწინებს საქმის ინდივიდუალური გარემოებების სათანადო ანალიზს“. საია-ს თქმით, „თითოეულ დადგენილებაში ვხვდებით სრულიად იდენტურ მსჯელობას, რომლებშიც მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნეულ პირთა სახელი და გვარები იცვლება“.  

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არის ურთიერთგამომრიცხავი და მოპასუხე მხარემ ვერც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ვერ შეძლო ნეიტრალური მტკიცებულებების წარმოდგენა.  

ამასთან, ორგანიზაციის თქმით, აქციის დაშლა არ იყო კანონიერი, არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და ვერ აკმაყოფილებდა აუცილებლობის სტანდარდს. „დამატებით, მთავრობამ, ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებებთან ერთად, წარმოადგინა სრულიად სხვა დღის  ამსახველი სატელევიზიო რეპორტაჟები, რითაც მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია და პირიქით ნათელი გახდა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ რაიმე სახის მტკიცებულება არ არსებობს“, – აცხადებს საია.   

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button