skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს სტუმრობს

14 მაისს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მმართველი პარტია “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის მიღებას გეგმავს, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ხოლო საღამოს იგი საქართველოში ვიზიტს პრესკონფერენციაზე შეაჯამებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე“. ამავე ინფორმაციით, „მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს“.

„ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო’ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც „ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს“.

ერთი დღით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯიმ ო’ბრაიენმა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა ამ თხოვნაზე უარი განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავარ პრობლემას „სანქციების“ საკითხი წარმოადგენს. მან ასევე განაცხადა, რომ გასული თვეების განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც ამ მიზეზის გამო სხვა უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button