ახალი ამბები

ოპონენტების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები ეხმიანებიან

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 8 მაისს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შექმნას მონაცემთა ბაზა, სადაც „თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.“

„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს ამ თემაზე.

მმართველი გუნდი

გიორგი ვოლსკი, „ქართული ოცნება“: „ადამიანები კონკრეტულ სიტუაციაში ძალადობენ და კონკრეტულ გეგმას მიყვებიან… ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს ისეთი სივრცე, სადაც ადამიანები გაეცნობიან კონკრეტულ პირებს, ვისი პასუხისმგებლობაც საკუთარი ოჯახის, ქვეყნისა მიმართ უნდა იყოს ხაზგასმული. ამასთან დაკავშირებით რომელ „კაგებეს“ მეთოდებზეა საუბარი?“  

ირაკლი ზარქუა, „ქართული ოცნება“: „უსამშობლოები, რომელთაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის. აი, ასეთების სია უნდა გაკეთდეს, რომ იცოდეს საზოგადოებამ, ვინ დგას და ვინ არის ორგანიზატორი ამ ანტიქართული მოძრაობის. ჩვენ ვამბობთ, რომ ის, ვინც აბულინგებს საზოგადოებას, ის, ვინც შეურაცხყოფს, ის, ვინც ეკლესიას უტევს, ის, ვინც საჯაროდ გამოდის და დამხობისკენ მოუწოდებს, მათი სახელები და გვარები იყოს იდენტიფიცრებული… ეს არის, რომ ყველა, ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, ვინც ჩვენს მოქალაქეებს აბულინგებს განსხვავებული აზრის გამო, აი, იმათი იდენტიფიცრება ხდება, მეტი არაფერი“.

ოპოზიცია

ნიკა გვარამია, „ახალი“: „ის, რასაც ოცნება აკეთებს არის ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების აღრიცხვა 1937 წელს. წარმოუდგენელი რამეა, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ეს არის შავი სიის შექმნა, მტრების სიის შექმნა, რომელიც თან ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ანუ მიუქსევენ ადამიანებს როგორც ჩანს. შეუძლებელია უბრალოდ ვილაპარაკოთ ქვეყანაზე, რომელსაც ეს ხელისუფლება ჰყავს, რომ ის დაუახლოვდება ევროპას რამით. ეს არის შეუძლებელი აბსოლუტურად. ეს არ მომხდარა ბოლო პერიოდში არსად რუსეთის და ბელორუსის გარდა. რუსეთშიც, სხვათა შორის, ამგვარი სიები შედგა აგენტების შესახებ კანონის მიღებიდან წლების შემდეგ და ამათ ჯერ კანონი არ მიუღიათ, უკვე სიას ადგენენ… უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ ვართ დიქტატურის ეპოქაში, ჩვენ ვართ ძალადობრივი რეჟიმის პირობებში და მხოლოდ დროის საკითხია იმის გადაწყვეტა, ჩვენ ვიმარჯვებთ ამ ქვეყანაში და დასავლეთში მივდივართ, თუ რუსეთ იმარჯვებს ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ხელით და ვეღარსად ვეღარ მივდივართ, მივდივართ მხოლოდ უკან. ეს არის მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი, დასავლეთი ჩვენ მაქსიმალურად დაგვეხმარება თავისი განცხადებებით, თავისი ზეწოლით ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაგრამ დანარჩენი, მთავარი ნაწილი არის ჩვენი გასაკეთებელი“.

ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი – მეტი თავისუფლება“: „თავისთავად, ფაქტი სასაცილოა, რომ დააკოპირეს mona.ge-ს იდეა, თუმცა თვითონ ის, რომ რეესტრს აკეთებენ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ, განსხვავებული აზრი აქვთ და ეს რეესტრი იარსებებს, არის სახიფათო ამბავი, იმიტომ, რომ ვიცით როგორ მუშაობს იგივე სისტემა რუსეთში, სადაც კონკრეტული ადამიანები, და ასეთები ბევრნი არიან, ციხეებში სხედან Facebook-ზე ლაიქების და შეარების გამო, ამიტომ, ერთი მხრივ სასაცილოა რომ აკოპირებენ, მაგრამ მეორე მხრივ უნდა გვესმოდეს საით მიდის ეს პროცესი და საითაც მიდის, ის საერთოდ არ არის სასაცილო ამბავი“.

ლევან ბეჟაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „შალვა პაპუაშვილის განცხადება „ქართული ოცნების“ მანიპულაციური პოლიტიკაა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებენ. მაშინ როდესაც დღეს, მთავარი მოძალადე არის სახელმწიფო, როცა სახელმწიფოს და მმართველი პარტიისგან დაქირავებული ზონდერები და ბანდები დათარეშობენ თბილისი ქუჩებში და ძალადობენ ახალგაზრდებზე, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, ძალადობენ პოლიტიკურ ლიდერებზე… ამ ფონზე შალვა პაპუაშვილის კიდევ აქეთ ბრალდებები არის მორიგი მანიპულაცია და უსირცხვილობა“.  

ელენე ხოშტარია, „დროა“: „ეს არის სწორედ რუსული რეჟიმის ლოგიკის გაგრძელება. რუსული კანონიც, ეს რაღაც სიაც აბსოლუტურად იდენტური იმ პროცესების, რაც რუსეთში ხდება. სწორედ ამას ვებრძვით, ეს არის დაუშვებელი…  ამასთან, თუ mona.ge შემოინახავს საშვილიშვილოდ იმ ხალხის სიას, ვინც ქმნიდა ამ რუსულ რეჟიმს, ეს სია შემოინახავს იმ ხალხის სიას, ვინც რეალურად არის ღირსეული მებრძოლი, თავისუფლების მოყვარე“.

გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება ვნახეთ, რომელიც მათ სისუსტეზე და შიდა ჩამოშლაზე მიუთითებს… საერთოდ,  სირცხვილია როცა პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ განცხადებებს აკეთებს…   შალვა ნუ ჩაყვები საფლავში ბიძინას, პირდაპირ გეუბნები, იმიტომ, რომ ახლა რა გზასაც ადგახარ, არის სწორედ ეგ, ბიძინას საფლავში და სამარისკენ მიმავალი გზა“.

საბა ბუაძე, „ლელო საქართველოსთვის“: „საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებით აკეთებენ სიებს, აკეთებენ რეესტრებს და ამით ცდილობენ, რომ კიდევ დამატებით გააფართოონ ის რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ატარებენ… ძალიან კარგად ჩანს მათი განზრახვა: ეს არის საზოგადოების დაყოფა, დაპირისპირება, დამატებით კიდევ იარლიყების მიკერება, როგორც ხდებოდა ბოლშევიკების დროს. ესენი არიან ბოლშევიკების პოლიტიკური მემკვიდრეები“.

გიორგი გახარია, „საქართველოსთვის“: „პარლამენტის თავმჯდომარემ გაურკვეველი და სრულიად არაკონსტიტუციური რეგისტრის შექმნა დააანონსა, რომლის საშუალებით ოცნება მისი მოწინააღმდეგე მოქალაქეების მტრებად გამოცხადებას გეგმავს. მსგავსი აბსურდული, რუსული მეთოდები ხაზს უსვამს ოცნების არაადეკვატურობას და მძიმე ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. ცდილობს რა ძალაუფლების შენარჩუნებას, საქართველოს უსუსური და კორუმპირებული ხელისუფლება იქცა მოსკოვის სასარგებლო იდიოტად. ივანიშვილი ღიად ებრძვის ახალგაზრდებს, საკუთარ მოსახლეობას. ყველა, ვინც ამ უკანონო ქმედებებში მონაწილეობს, პასუხს აგებს კანონის წინაშე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button