ახალი ამბები

9 მაისთან დაკავშირებული პარალელური აქციები ვაკის პარკში

ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები დღეს წინააღმდეგობრივ ატმოსფეროში ჩატარდა. ვაკის პარკში პრორუსული ორგანიზაციების „უკვდავი პოლკისა“ და „საქართველოს ფრონტის“ წარმომაგდენლები შეიკრიბნენ. მათი რიტორიკის საწინააღმდეგოდ კი ანტისაოკუპაციო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტიას“ ორგანიზებით პარალელური აქცია გაიმართა.

„უკვდავი პოლკის“ წარმომადგენლებმა შეკრება დღეს დილიდან კუს ტბის ასახვევთან დაიწყეს და მსვლელობით ვაკის პარკისკენ გაემართნენ, სადაც ისინი „საქართველოს ფრონტის“ წარმომდგენლებს შეუერთდნენ და ვაკის პარკის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.

ფოტო: იანა კორბეზაშვილი/Civil.ge

წითელი საბჭოთა დროშებით და სტალინის ფოტოებით აღჭურვილი მოქალაქეები განმარტავდნენ, რომ ისინი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ, პარალელურად კი პრორუსულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდასავლურ გზავნილებს აჟღერებდნენ. მათი განმარტებით, ისინი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ემხრობიან, რუსეთს ოკუპანტად არ მიიჩნევენ და საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაციას „მთავრობის არასწორ საგარეო პოლიტიკას“ მიაწერენ.

მათი ნაწილი არც საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის მიმართ ნოსტალგიას მალავდა და ამბობდა, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში ისინი, საბჭოთა სიმბოლიკებს დიდი სიამოვნებით გამოიყენებდნენ. აქციის მონაწილეები რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ სიმპატიასაც ღიად გამოხატავდნენ და ამბობდნენ, რომ დღეს ჩვენ ამერიკის მიერ ვართ დაპყრობილები.

ფოტო: ეანა კორბეზაშვილი/Civil.ge

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტიას“ წარმომადგენლები, რომლებიც კონტრაქციაზე ნატოს დროშებითა და 2008 წელს, რუსეთთან ომისას წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის ფოტოებით მივიდნენ, განმარტავდნენ, რომ „უკვდავი პოლკი“ რუსული პროექტია და რომ საქართველო ოკუპაციას არასდროს შეეგუება.

„ვიდრე საქართველო არის ოკუპირებული, ქართული საზოგადოება ვერ შეეგუება ასეთი ტიპის აქციებს და დღეს ჩვენ მოვედით გიორგი ანწუხელიძის ფოტოებით, იმიტომ, რომ ეს ადამიანი და ბევრი ქართველი ემსხვერპლა ცალკე საბჭოთა რეპრესიებს და ცალკე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას“, – განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა თამარ კინწურაშვილმა, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმყოფებოდა.

დღესვე ვაკის პარკში, ტრადიციულად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებიც შეიკრიბნენ. ისინი უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან მივიდნენ, ის ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილებს პატივი მიაგეს. ღონისძებაზე პოლიტიკოსებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა, რომელსაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები შეძახილით – „მოღალატე“ შეხვდნენ.

ფოტო: ეანა კორბეზაშვილი/Civil.ge

სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, დღეს, თბილისში მიმდინარე აქციების დროს, შსს-მ ჯამში 5 ადამიანი დააკავა. 4 წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩლებლობისთვის, ერთი კი – საბჭოთა სომბოლიკის გამოყენებისთვის. შსს-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხუთივე მათგანი ხელმწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია.

9 მაისს, თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც აღნიშნეს, მათ შორის, გორში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბათუმში.

ფაშიზმზე გამარჯვების დღედ 9 მაისი რუსეთთან ერთად, საქართველოში აღინიშნება. ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი ფაშიზმის დამარცხებას 8 მაისს აღნიშნავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button