ახალი ამბები

საქართველოს ლიდერების სიტყვა ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე

9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქართველი ხალხის ევროკავშირისადმი მისწრაფება.

თბილისში, კინოთეატრ ამირანში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ევროპა ერთადერთი გამოსავალია, რომ აღარ გაისმას კითხვა ,“მშვიდობა თუ თავისუფლება“ რამეთუ, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე, ევროპა!“.

„მსოფლიო ისტორიამ არ იცის მსგავსი ორგანიზაცია, რომელმაც შეძლო გაძლიერება და გაფართოება არა ომით, არა ექსპანსიით, არამედ მასში შემავალი სუბიექტების სურვილით და თავისუფალი ნებით“, – ხაზი გაუსვა მან.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების „შორეული პერსპექტივა დღეს ხელმისაწვდომი ხდება თუ ჩვენ შევძლებთ კითხვარში დასმულ კითხვებზე, არა მხოლოდ პასუხის დაწერას, არამედ შესრულებას“.

დაახლოებით 7-წუთიან სიტყვაში სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომსა და კრიზისის დაძლევაში ევროპის პასუხსა და სოლიდარობაზე.

„ომი შუაგულ ევროპაში თვით ევროკავშირს ემუქრება, რამეთუ რუსეთმა ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ პრინციპებს რაზედაც დგას ევროპა“, – აღნიშნა მან.

ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ჰელსინკის პრინციპები, საერთაშორისო სამართლის კანონები, ყოველივე სახელმწიფოს სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, სამართლიანობა, დემოკრატია და მშვიდობაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული ურთიერთობები დაასახელა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ გამოწვევაზე ევროპამ 27-ვე წევრი ქვეყნის „მჭიდრო“ ერთიანობით „ყველაზე ძლიერი პასუხი“ გასცა.

„ეს ღირსეული ევროპა არის ის, რომელთანაც გაერთიანებას ჩვენი მოსახლეობის 88% მხარს უჭერს. ეს ძლიერი ევროპაა, რომელიც საკუთარ ძალას ომიდან კი არა, მშვიდობიანი განვითარებიდან იძენს, სწორედ ის ევროპაა, რომელიც ჩვენ გვიზიდავს და რომლისკენაც მივილტვით“, – თქვა მან.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ „თავისი თავდადებული, გმირული, თავდაცვითი ბრძოლით განგვიახლა და დაგვიჩქარა ევროპის გზის გახსნა“.

„უკრაინა და თითოეული უკრაინელი, რომელიც თავს სწირავს საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად, ამავე დროს, თავს სწირავს და იბრძვის ჩვენი და მთლიანი ევროპის თავისუფლებისთვის, საკუთარი და ჩვენი ევროპული გზისთვის“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.

„ჩვენთვის გაღებული მსხვერპლის დაფასებაც უნდა ვიცოდეთ, მადლიერება და სოლიდარობა ჩვენი ვალდებულებაა“, – დასძინა მანვე.

„ჩვენი ვალდებულებაა დღეს, რომ ვიცოდეთ როგორ დავუდგეთ გვერდში უკრაინას, როგორ გამოვხატოთ სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ევროპელების გვერდით დავდგეთ“, – თქვა მანვე და დაამატა – „ყველას ესმის რომ, თავისთავად ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, საფრთხის ქვეშ მყოფი ვერ შეედრება ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, თუმცა სოლიდარობის გამოხატვას მრავალი ფორმა გააჩნია“.

პრემიერმინისტრის სიტყვა

„ჩვენ, ქართველებს გვაერთიანებს ევროპასთან ჩვენი საერთო ღირებულებები, ფასეულობები. ეს არის ის ფასეულობები, რომლებიც არის ფუნდამენტური და რომელსაც ჩვენ არასდროს გადავუხვევთ“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ეს არის არა მარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის არჩევანი, – ხაზი გაუსვა მანვე.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო 9 მაისს აღნიშნავს.

„ფაშიზმი, რომელიც იყო გამოწვევა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის, იქნა დამარცხებული ჩვენი ერთიანობით“, – განაცხადა მან და ამ გამარჯვებაში ქართველი მებრძოლების წვლილს გაუსვა ხაზი.

„სამწუხაროდ, 77 წლის შემდეგ, ევროპის შუაგულში, ყველაზე დიდ ევროპულ სახელმწიფოში, უკრაინაში დღეს მიმდინარეობს უთანასწორო და უსამართლო ომი, რომელიც, რა თქმა უნდა, გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის“, – დასძინა პრემიერმა.

მანვე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა და „ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს მშვიდობის მოკლე დროში აღდგენა“ უსურვა.

ასევე წაიკითხეთ:

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button