ახალი ამბები

არასამთავრობოებისა და აქტივისტების ერთობლივი განცხადება: ხელისუფლებამ ხალხის წინააღმდეგ რეპრესიები დააანონსა

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს გამართული კონტრაქციისა და ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის საპასუხოდ დღეს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. აღნიშნეს რა, რომ აქციაზე გამოსვლები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმსა და რეპრესიებს აანონსებს, მათ პირობა დადეს, რომ ამ მცდელობას სათანადოდ დაუპირისპირდებიან.  

„ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ რუსული კანონის მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების  მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს. მათ განაცხადეს, რომ დასავლეთს ხედავენ მტრად, ხოლო ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი, არც კი უხსენებიათ ამ კონტექსტში. ყველამ ნათლად გაიგო, რომ რუსული კანონის მიღების მიზანი არა ყბადაღებული “გამჭვირვალობა”, არამედ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა და რუსეთიზაციის გაფორმებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები სამომავლო გეგმებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ისინი:

  • შეეწინააღმდეგებიან კანონის მეორე მოსმენით მიღების მცდელობას და კიდევ ერთხელ აჩვენებენ ხელისუფლებას, რომ რუსული კანონით კონსტიტუციის ღალატი და ევროკავშირზე უარის თქმა არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი;
  • მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, კვლავ შეასრულონ საკუთარი მოვალეობა ხალხის წინაშე და კიდევ უფრო მტკიცედ იბრძოლონ პარლამენტში რუსული კანონის წინააღმდეგ;
  • მოუწოდებენ ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობა, კონსტიტუცია და საქართველოს ევროპული გზა მნიშვნელოვანია, შეიკრიბონ პარლამენტის წინ 19:00 საათზე;

„ჩვენ თვალს მივადევნებთ, თუ როგორ იმოქმედებს ხელისუფლება და ვიმოქმედებთ არსებული სიტუაციის შესაბამისად, ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისა და ქართველი ხალხის გაცხადებული ნების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button