თავდაცვის ძალების დღეზე პრეზიდენტი მთავრობას აკრიტიკებს, პრემიერ-მინისტრი „ქვეყნის ღალატზე“ საუბრობს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდლის რანგში და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ. პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ გამართულ აქციაზე ოფიციალური პირების რიტორიკა მკაცრად გააკრიტიკა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს „მოღალატე“ უწოდა.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა
საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე; ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები“.
შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა:
„დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში, თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა!
ჩვენ, და პირველ რიგში თქვენ, ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა XIX საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას.
იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა!
ვინ, თუ არა ქართულმა ჯარმა, იცის – ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა როცა გვიჭირდა, როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენს გვერდში.
სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს – იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა. ჩვენ ყველას გვევალება მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართების და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგიც არის, ვინც ქადაგებს ერთობას ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს!
მინდა თქვენ მადლობა მოგახსენოთ წარსულისთვის და ხვალინდელი გამარჯვებისთვის. თქვენი და ჩვენი გამარჯვება არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გადის, მშვიდობიანი საქართველო მხოლოდ ევროპის წიაღში და თანასწორუფლებიან თანამეგობრობაში მოიაზრება. თქვენ ამ მომავლის სადარაჯოზე დგახართ!
გაუმარჯოს საქართველოს ჯარს, თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს!
გაუმარჯოს იმ გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენობას და თავისუფლებას შეეწირა! მათი ხსოვნა უკვდავია!“
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა: „ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის [პრეზიდენტის] პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე ყველა აგებს პასუხს“.
შემდეგ მან თავდაცვის ძალებს 33 წლის იუბილე მიულოცა. კობახიძის თქმით, ჯარზე, სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ უფრო დაფასება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვალდებულებაა.
„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ჯარი არის ის დიდი ოჯახი, რომელსაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და აერთიანებს“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)