ანტი-ლგბტ კანონმდებლობის თაობაზე საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. პირველი ასეთი განხილვა 22 აპრილს ქუთაისში გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის ოფიციალური პრეს-რელიზის თანახმად, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით, 22-27 აპრილს, ქუთაისის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ბათუმის, ზუგდიდის და მესტიის მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.
საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში არიან: მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი; რატი იონათამიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; მაკა ბოჭორიშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ანრი ოხანაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; დავით მათიკაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირაკლი შატაკიშვილი, საპროცესო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; სალომე ქურასბედიანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; თენგიზ შარმანაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; სოზარ სუბარი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე; ფრიდონ ინჯია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე; შალვა კერესელიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრი; და ნინო შავგულიძე, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის უფროსის მოადგილე.
25 აპრილს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ცვლილებებში მკაფიოდაა გაწერილი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები“.
მდინარაძის თქმით, საკონსტიტუციო კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტი კენჭს უყრის ცვლილების შეტანას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში, რომელიც ოჯახს განიხილავს, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს. „ამ მუხლს დაემატება მესამე პუნქტი შემდეგი შინაარსით ‘ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით’“, – განაცხადა მან.
მეორე იქნება თავად საკონსტიტუციო კანონი, რომელსაც პარლამენტმა ცალკე უნდა უყაროს კენჭი და რომელიც შედგება რვა პრინციპისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ლგბტ უფლებებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას და ა.შ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)