აშშ-ის ელჩი ვიზებზე ირაკლი კობახიძის კრიტიკას პასუხობს
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა უარყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართველებზე არასაკმარისი ვიზების გაცემის თაობაზე და განაცხადა, რომ „ზოგჯერ, ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ განსაკუთრებულად უნდა მოეპყრან“. აშშ-ის ელჩმა ამის თაობაზე ჟურნალისტებთან თბილისში რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებულ უსაფრთხოების კონფერენციის გახსნის შემდეგ ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები უფრო ნაკლებ ვიზებს იღებენ, ვიდრე მათი მეზობლები სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთშიც კი (სანქციებამდე). კობახიძის თქმით, აშშ-ის ელჩმა ჯობია ასეთ საკითხებს მიხედოს. მან ბავშვთა ხალხური სიმღერის ანსამბლის, „მართვეს“ მაგალითი მოიყვანა (არსებული ცნობებით, ანსამბლის ერთ-ერთი წევრი თავად კობახიძის შვილია), რომელმაც აშშ-ში დაგეგმილი ტურნესთვის ვიზები ვერ მიიღო. „მგონი ჯობია, რომ თვითონ გადადგან ასეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება იგივე სავიზო რეჟიმის გამარტივებას, პირდაპირ ფრენებს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას“, – აღნიშნა მან.
კობახიძის კრიტიკის საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ „ყოველ წელს ათასობით ქართველი მიემგზავრება ამერიკაში, მათ შორის, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების მეშვეობით“. „მხოლოდ გასულ თვეს, ბალეტის 30-მა მოცეკვავემ მიიღო ვიზა. ასევე მიიღეს ვიზები ქართველმა მოცეკვავეებმა და მომღერლებმა, რომლებიც კონგრესის ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა ელჩმა.
„ზოგჯერ ადამიანებს სურთ იფიქრონ, რომ მათ განსაკუთრებულად უნდა მოექცნენ და არ გაიარონ ის ნაბიჯები, რაც საჭიროა. თუმცა, სრული ინფორმაცია ვიზების მიღების შესახებ ონლაინ არის ხელმისაწვდომი, ისევე როგორც რეკომენდაციები, რომელთაც ჩვენ ვიძლევით, რათა ადამიანებმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ვიზები. თუკი ისინი ამ წესებს და რჩევებს გაითვალისწინებენ, ისინი შეძლებენ ვიზების მიღებას“, – ხაზი გაუსვა აშშ-ის ელჩმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/05/2023 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს აეროპორტებში კომპანიების დასანქცირებას არ გამორიცხავს
- 11/05/2023 – აშშ-ის ელჩი რუსეთის მიერ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ საუბრობს
- 10/05/2023 – რუსეთმა 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და ფრენებზე აკრძალვა მოხსნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)