ახალი ამბები

DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები „სასტიკად სცემეს“

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ 16-17 აპრილს გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 13 პირიდან 12 „სასტიკად ნაცემია“, განაცხადა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 19 აპრილს.

„დაკავებულებს აღენიშნებათ სხეულის მძიმე დაზიანებები, მათ შორის, ტვინის შერყევა, ყბის ტრავმული ართრიტი, ზედა და ქვედა კიდურების დაზიანება, სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა, სილურჯეები, კოპები, ნახეთქი ჭრილობები“, – განაცხადა ორგანიზაციამ. მისივე თქმით, ორი დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ სპერაზმის მხრიდან „უკანონო და არალეგიტიმური“ ძალის გამოყენების დროს, დაკავებულებმა დაკარგეს ან დაუზიანდათ პირადი ნივთები.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ასევე აღნიშნა, რომ დაკავების ვადა 24-დან 48 საათამდე გაგრძელდა, რაც „ემსახურებოდა დემონსტრანტების დასჯას, მათთვის მიყენებული ძლიერი ფიზიკური ტკივილის გახანგრძლივებას ან/და მათი დაზიანებების საზოგადოებისთვის დამალვის მცდელობას“. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, დაკავების 24 საათიანი ვადა მტკიცებულების მოპოვების მიზნით შესაძლებელია ერთჯერადად გახანგრძლივდეს, თუმცა არა უმეტეს 24 საათისა.

ორგანიზაციის შეფასებით, 16-17 აპრილს დაკავებულების მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევა. DRI მოუწოდებს:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს – შეწყვიტოს შეკრების მონაწილეების უკანონო დაკავებები, შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება – უზრუნველყოს შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა.
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს – გამომდინარე იქიდან, რომ საჯაროდ გავრცელებული ვიდეო კადრებით დასტურდება დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევის მთელი ჯაჭვი, შეწყვიტოს მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ საქმის წარმოება და მიუთითოს მათი დაკავების უკანონობაზე.
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – სრულყოფილად, ობიექტურად და გონივრულ ვადაში გამოიძიოს შსს-ს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი ძალადობის და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები და, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უკანონოდ დაკავებულ დემონსტრანტებს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

დაკავებულებს ასევე შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. მისი თქმით, დაახლოებით მათ ნახევარს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ 15 საქმეზე, საჩივრები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაიგზავნა გამოძიებების დასაწყებად.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button