skip to content
ახალი ამბები

საქართველოს დაზვერვის სამსახურს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს

5 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის უფროსად საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ბერაია დანიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე ჩაანაცვლა.

ირაკლი ბერაია, პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით მოხვდა. კარიერა საქართველოს წითელ ჯვარში დაიწყო, 2007 წელს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი იყო.  2012 წლიდან 2015 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2015-დან 2016-მდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო.

გასული წლის ოქტომბერში ირაკლი ბერაია სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც ამ უკანასკნელმა საქართველოს დელეგაცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას მხარი არ დაუჭირა. ბერაიამ განაცხადა, რომ აქუბარდია „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარაა“, რომელმაც იცის, რომ „ქართული დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ხმას არ აძლევს არცერთ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი სახელმწიფო“. „მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს“,- დასძინა ირაკლი ბერაიამ.

მოგვიანებით, ბერაიამ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ „როცა სამარცხვინოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება კრემლთან კავშირში, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია… ვაღიარებ, რომ იყო ემოციურად გადაჭარბებული, განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ვისმენდით და ამის გამო, მინდა, ბოდიში მოვიხადო“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button