ახალი ამბები

პარლამენტსა და ადგილობრივ საკრებულოში ოპოზიციონერ დეპუტატებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

31 ოქტომბერს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ინციდენტები როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში მოხდა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ანა წითლიძესა და თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო გარდაბნის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ მამაკაცს.  

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა საქართველოს დელეგაცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას მხარი არ დაუჭირა. ბერაიამ განაცხადა, რომ აქუბარდია „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარაა“, რომელმაც იცის, რომ „ქართული დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ხმას არ აძლევს არცერთ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი სახელმწიფო“. მან ასევე აღნიშნა, რომ აქუბარდია ასამბლეის სხდომებს არ დასწრებია, რადგანაც „შოპინგზე იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა“. „მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს“,- დასძინა ირაკლი ბერაიამ.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე დეპუტატების თხოვნის კომენტირებისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა. მან წითლიძეს „ბანძი“ და „ფარჩაკი“ უწოდა და უთხრა, რომ ის იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდება, ვინც სააკაშვილს „ევასებოდა“.

პარლამენტის თავმჯდომარემ არაფერი მოიმოქმედა სხდომაზე წესრიგის დასაცავად. თუმცა, მოგვიანებით, მან აღიარა, რომ დააგვიანა რეაგირება: „როდესაც პიროვნული შეურაცხყოფები არის, მე მაქვს ხოლმე რეაქცია და მექნება კიდეც, როდესაც პიროვნული შეურაცხყოფაა. რაღაც მომენტში შეიძლება ამ კუთხით დამეგვიანა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ შენიშვნას მე, როგორც სხდომის წამყვანი მივიღებ“.

დაპირისპირების შემდეგ, ქალმა დეპუტატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ „ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. ის, რაც მან დღეს იკადრა, ამას კაცობა არ ქვია“. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო მათი დისკრედიტაციის მცდელობა და დასძინეს, რომ ბინძური მეთოდებით მათ ვერ გააჩუმებენ.

მოგვიანებით, ბერაიამ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ „როცა სამარცხვინოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება კრემლთან კავშირში, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია… ვაღიარებ, რომ იყო ემოციურად გადაჭარბებული, განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ვისმენდით და ამის გამო, მინდა, ბოდიში მოვიხადო“.

ინციდენტს საზოგადოების კრიტიკა მოყვა და მას „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამოეხმაურნენ.

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: „მიმაჩნია ეს სრულიად მიუღებლად… მე მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მიიღოს უმკაცრესი ზომები ამ ადამიანების მიმართ, ვინც დღეს თავს მისცეს უფლება, რომ ასე მოიქცნენ იმიტომ, თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ თვითონ აკარგინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი უნდა იმოქმედოს სწრაფად და რეაგირება მოახდინოს“.

მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „ნამდვილად არ იყო მოსაწონი ის რეაქციები, რაც მეორე მხრიდან სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა, თუმცა ეს შედარებით მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც მართლაც შეიძლება ეთიკის რაღაც ნორმები ირღვევა და ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე თითოეულ ჩვენგანს და ეს უნდა ვაღიაროთ“.  

ნინო წილოსანი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე: „დღეს პოლიტიკურ განცხადებებში, ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს. არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა და მნიშვნელობა არ აქვს რა იყო ამის წინაპირობა“.

ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი: „ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად  სახალხო დამცველის  აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან  ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ  დამოკიდებულებას ახალისებს“.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა დაგმო „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების „გენდერული ნიშნით“ დისკრიმინაცია და აღნიშნა, რომ „საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების ღირსების შემლახავი, უხამსი და დისკრიმინაციული განცხადებები ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების  მიმართ სცდება პოლიტიკური სიტყვის და დებატების თავისუფლების ფარგლებს“. ორგანიზაციის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა სიტყვიერი თავდასხმა ოპოზიციონერ ქალებზე მიზნად ისახავს „მათ დარცხვენას და პოლიტიკურ სივრცეში მათი სამოქმედო არეალის შეზღუდვას ქცევით ნორმებზე გენდერული ნიშნით აპელირებით“. განცხადებაში ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსს იშველიებს და აცხადებს, რომ „საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება.“ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს, „შეისწავლოს ალუდა ღუდუშაურისა და ირაკლი ბერაიას მხრიდან პარლამენტის ეთიკის კოდექსის დარღვევის საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს, „იმოქმედოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რაც საქართველოს პარლამენტში შექმნის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის სტანდარტს“.

თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელზე გარდაბანში

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე სკოლის ტერიტორიის გასხვისების თაობაზე დავას მოყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ მისი პარტიის წევრებს გარდაბნის საკრებულოში სკოლის ტერიტორიის დაცვა უნდოდათ, რომელსაც, მისი თქმით, საკრებულოს წევრები და მისი თავმჯდომარე, მერთან შეთანხმებით, ასხვისებდნენ. ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ამ გასხვილებას ხელი შეუშალეს. დაპირისპირების დროს, საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ფიზიკურად გაუსწორდნენ საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. მოგვიანებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შენიშვნა: სტატია განახლდა 1 ნოემბერს 13:32 საათზე და მასში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადება აისახა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button