ახალი ამბებიდაწვრილებით

ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის თაობაზე ინიცირებულ ცვლილებებში არჩევნების გაყალბების საფრთხეს ხედავენ    

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით ცდილობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, რომ არჩევნებზე ხმა ე.წ. ლამინირებული პირადობითაც მისცენ, რომლის გაყალბებაც მარტივია.

რა მოხდა?

საქართველოს პარლამენტმა 15 ნოემბერს პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომლითაც შესაძლებელი ხდება ხმის მიცემა არაელექტრონული პირადობის მოწმობით (პირადობის მოწმობა, რომელსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი).

კანონპროექტის ინიციატორია „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ფრიდონ ინჯია და მას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

„[ფრიდონ ინჯიას] ინიციატივა ანიჭებს არაელექტრონული პირადობის მოწმობების მქონე ადამიანებსაც ხმის მიცემის უფლებას. ჩვენ ამ ინიციატივას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.

რა ცვლილებებია დაგეგმილი?

ამჟამად, ხმის მიცემის უფლება მხოლოდ საქართველოს იმ მოქალაქეებს აქვთ, რომელთაც ელექტრონული პირადობის მოწმობები ან საქართველოს პასპორტები აქვთ. ეს წესი 2022 წლის დეკემბერში ამოქმედდა, როდესაც პარლამენტმა კენჭისყრის პროცედურის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ცვლილებები მიიღო.

ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ხმის მიცემის უფლება იმ ადამიანებსაც ექნებათ, რომელთაც მხოლოდ ძველი ე.წ. „ლამინირებული“ პირადობის მოწმობები აქვთ.

რამდენ ადამიანს აქვს ე.წ „ლამინირებული“ პირადობის მოწმობები?

გაურკვეველია, რამდენ ადამიანს აქვს ამჟამად მხოლოდ „ლამინირებული“ პირადობის მოწმობები. საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს აქტიურ, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) პირადობის მოწმობას 400 000-მდე მოქალაქე ფლობდა. თუმცა, დღეს ეს სტატისტიკა ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან მას შემდეგ მათი რიცხვი შესაძლოა შემცირდა. პოლიტიკოსები და ექსპერტები სხვადასხვა ციფრებს ასახელებენ, ძირითადად 200 000-დან 300 000-მდე.

ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღება 2011 წელს

2011 წელს ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებას საქართველოში საზოგადოების გარკვეული ნაწილის წინააღმდეგოვა მოყვა, რასაც ძირითადად ფასით უკმაყოფილება და რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებული შეშფოთება განაპირობებდა. 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის წესთან დაკავშირებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ ელექტრონულ პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში არსებული ჩიპები ადამიანებზე ტოტალური კონტროლის დამყარების საშუალება იყო და აპოკალიფსის ბიბლიურ წინასწარმეტყველებასთან იყო დაკავშირებული. მოსარჩელეებმა რწმენის მოტივით უარი თქვეს ამ ტიპის დოკუმენტების აღებაზე და განაცხადეს, რომ პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე მათი დატოვება სოციალური ცხოვრებიდან მათ სრულ იზოლირებას მოახდენდა და მათ კონსტიტუციურ უფლებებს შეზღუდავდა.   

რატომ შეიძლება კანონპროექტის მიღება პრობლემად იქცეს?

მას შემდეგ, რაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით იქნა მიღებული, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეოში აჩვენა, თუ რამდენად იოლია არჩევნების გაყალბების მიზნით დამატებითი ე.წ. „ლამინირებული“ პირადობის მოწმობების დაბეჭდვა, თუნდაც სახლშიც. მისი თქმით, არჩევნების გაყალბების მიზნით, მმართველ პარტიას საკუთარი ხალხი სჭირდება იუსტიციის სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც, მისი თქმით, მათ ეს ხალხი ჰყავთ.

რა პრობლემის მოგვარებას ემსახურება კანონპროექტი?

ცვლილებების განმარტებით ბარათში ნათქვამია:

„საქართველოს მოქალაქეობის მქონე ათიათასობით პირს შეეზღუდება კონსტიტუციური უფლება, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია“, – ნათქვამია ბარათში ელექტრონული პირადობის მოწმობების არმქონე საქართველოს მოქალაქეებზე.

განმარტებითი ბარათი საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებსაც იხსენებს, რომლებიც, განმარტებითი ბარათის თანახმად, ევროკავშირის 12 რეკომენდაციების საპასუხოდ იქნა ინიცირებული და რომლითაც ხმის დათვლის ელექტრონული მექანიზმი დაინერგა. ცვლილებების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო და სხვა მომავალ არჩევნებზე ხმების 70%-ზე მეტი ელექტრონულად დაითვლება. შედეგად, განმარტებითი ბარათის თანახმად, ძველი „ლამინირებული“ პირადობის მოწმობების მქონე პირებს ხმის მიცემა ეკრძალებათ. განმარტებითი ბარათის თანახმად, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ არავის შეეშალოს ხელი ხმის მიცემის უფლებით სარგებლობაში.

გარდა ამისა, განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიზანია, ქვეყნის საარჩევნო კოდექსი შესაბამისობაში მოიყვანოს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის იმ რეკომენდაციებთან, რომლებიც 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ერთობლივ მოსაზრებაშია ასახული.

განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ „ქართულ საზოგადოებაში პირადობის ელექტრონული მოწმობის შესახებ არსებული განსაკუთრებული დამოკიდებულებები, მათ შორის, ამომრჩეველთა რწმენა-წარმოდგენები, რომელთა გამოც მოქალაქეები ხშირად უარს ამბობენ პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებაზე, არ უნდა გახდეს მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების და, შესაბამისად, კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის შემზღუდველი ფაქტორი“. ბარათში ასევე ნათქვამია, რომ „ადამიანის რწმენა-წარმოდგენები არ უნდა გახდეს დისკრიმინაციის საფუძველი“.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების გარეშე, „არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ის მოქალაქეები, რომელთაც არ აუღიათ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, იძულებულნი გახდებიან აიღონ ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობები, რაც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან. ეს საფასური მერყეობს 60-დან 150 ლარამდე“.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გამოცხადდა ერთთვიანი საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო უფასოდ მიეღო ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობები.

რა თქვეს ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა 2022 წელს?

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ერთობლივ მოსაზრებაში ნათქვამია:

„მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობები შემოვიდა, მისი ფლობა სავალდებულო არ არის და ბევრი მოქალაქე კვლავ არაელექტრონულ პირადობის მოწმობას იყენებს (რომელიც უვადოა), მათ შორის ხმის მიცემის მიზნით. ფაქტობრივად, ამომრჩევლებს, რომელთაც მხოლოდ არაელექტრონული ბარათი აქვთ, ხმის უფლებით ვერ ისარგებლებენ. აუცილებელია, რომ კანონმა მაქსიმალურად უზრუნველყოს ყველა ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლება. ამის გათვალისწინებით, საჭიროა ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოიყენოს ნებისმიერი ტიპის პირადობის მოწმობა, ან ამოქმედდეს გარდამავალი დებულება, რომელიც ნებისმიერი მათგანის გამოყენების საშუალებას იძლევა გარკვეულ თარიღამდე“.

2022 წელს ეუთო/ოდირმა ასევე განაცხადა: „გარდამავალმა პერიოდმა უნდა უზრუნველყოს საკმარისი დრო, რათა შესაბამისმა ორგანოებმა ამომრჩევლებს ხმის მიცემის ამ ახალი მოთხოვნის შესახებ აცნობონ და მოქალაქეებს მიეცეთ გონივრული ვადა ელექტრონული პირადობის მოწმობების ასაღებად, თუ ისინი უკვე არ ფლობენ მათ. ამ კუთხით აუცილებელია შესაბამისმა ორგანოებმა განახორციელონ დროული საინფორმაციო კამპანია და გაამარტივონ მოთხოვნილი ელექტრონული პირადობის მოწმობების აღების პროცესი“.

რას ამბობს ოპოზიცია?

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე წუხილები გამოთქვეს.

„ნეტგაზეთთან“ საუბრისას ცესკო-ში პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ 300 ათასი ძველი პირადობა არსებობს და „ვის აძლევენ ამ პირადობებს და როგორ იყენებენ მათ, ეს არის ძალიან დიდი საფრთხე“. მისივე თქმით, „ელექტრონული მანქანები ძველ პირადობებს ვერ აღიქვამს თუ პირად ნომერს ხელით არ შეიყვან. შესაბამისად, ეს ტექნიკურად დროში გაწელავს კენჭისყრის პროცესს“.

გიორგი სიორიძე ხაზს უსვამს, რომ არჩევნებზე ხმის მიცემა აბსოლუტური უფლება არაა და ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ელექტრონული პირადობის მოწმობაც უნდა აიღოს. „მაგალითად, ჩვენ გვაქვს ქვეყნის დატოვების უფლება, მაგრამ თუ გვინდა საზღვრის გადაკვეთა, მაშინ უნდა ავიღოთ ბიომეტრიული პასპორტი“, – აცხადებს სიორიძე და დასძენს, რომ „თუ ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, მაშინ უნდა გვქონდეს ელექტრონული პირადობის მოწმობა ან პასპორტი“.

რადიო „თავისუფლებას“ ამ საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების კომენტარები მოყავს:

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საარჩევნო პროექტის კოორდინატორი გიგი ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები ნაკლებადაა დაცული გაყალბებისგან. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ ყველამ მიიღოს უფასო ელექტრონული პირადობის მოწმობა. „ასეთი აქციები ისედაც ყოველთვის არის ხოლმე წინასაარჩევნოდ“, – აღნიშნა მან.

ლევან ნატროშვილი, „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის მოადგილე, ამბობს, რომ ბევრად მარტივია გაყალბება არაელექტრონული პირადობის მოწმობების გამოყენებით. მას მაგალითისთვის 2012 წლის არჩევნების მსგავსი შემთხვევა მოყავს, როდესაც არჩევნების შემდეგ დიდი რაოდენობით ყალბი არაელექტრონული პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს, რომლებიც სავარაუდოდ არჩევნებზე გამოიყენეს.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უფრო მეტად უფროს თაობაში არიან, რომელთა უმეტესობაც არაელექტრონული პირადობის მოწმობების მფლობელია. „ცხადია, ხელისუფლება ცდილობს, მისი მომხრე არც ერთი ამომრჩევლის ხმა არ დაკარგოს… მათთვისაც წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფი სწორედ მოხუცები არიან“, – აცხადებს კაჭკაჭიშვილი. „მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ შემთხვევაში მთავარი მაინც ის არის, რომ ძველი პირადობების დაბეჭდვა კუსტარულად ძალიან იოლია. ისინი შესაძლოა უამრავი დაიბეჭდოს, მათ შორის იმათ სახელზეც, ვინც უკვე გარდაცვლილია, მით უფრო, რომ ეს პირადობები სწორედ უფროსი თაობის წარმომადგენლებს აქვთ“.

ას უნდა ველოდოთ?

ოპოზიციურმა პარტიებმა ინჯიას ინიციატივის გაუქმებისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ძველი პირადობები ქართული ოცნებისთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ბერკეტს წარმოადგენს. 24 ნოემბერს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ეს ინიციატივა ოპოზიციასთან დახურულ შეხვედრაზე განიხილა.

შეხვედრის შემდეგ მონაწილეთა მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „ჩვენ ვთქვით, რომ არის ძალიან დიდი რისკი იმის, რომ ასეთი [ლამინირებული] პირადობის მოწმობების გამოყენება მოხდეს საარჩევნო გაყალბებისთვის. ამიტომ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ამ ადამიანებმა გამოცვალონ პირადობის მოწმობა და მიიღონ ელექტრონული პირადობის მოწმობა. მივიღეთ ერთგვარი პირობა, რომ ეს ასე მოხდება“.

„ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც არის 2011 წლამდე გაცემული, ანუ იქამდე გაცემული, ვიდრე ამოქმედდებოდა ჩიპიანი პირადობის მოწმობები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ მაქსიმუმ 500-1000 ადამიანი იქნება, ვისაც ექნება არაელექტრონული პირადობის მოწმობები 2024 წლის არჩევნებისთვის. უცნობია, საიდან მიიღო მან ეს მაჩვენებელი, ან ზუსტად როდიდან გაუქმდება ძველი პირადობის მოწმობები.

„კონკრეტული რიცხვი, დღე იქნება დათქმული, რომლის შემდეგაც აღარ იმოქმედებს ეს პირადობის მოწმობები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ თუ იქნება გამონაკლისი და ვინმე მაინც მიუღებლად მიიჩნევს ახალი პირადობის მოწმობის აღებას რელიგიური შეხედულებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზების გამო, იგივე „ლამინირებული“ პირადობის მოწმობები კვლავ გაიცემა ამ ადამიანებზე. მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამჟამად ასეთი მოსაზრებების გამო სულ 64 პირადობის მოწმობაა გაცემული.

კანონპროექტის მომავალი გაურკვეველი რჩება. კანონპროექტი არ შეჩერებულა და პარლამენტში მეორე მოსმენა უახლოეს კვირებშია ჩანიშნული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button