ახალი ამბები

საქართველო ნატოს გენერალური მდივნის 2022 წლის ანგარიშში

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ 21 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში – „ნატო 2022-ში: ახალ სტრატეგიულ გარემოსთან ადაპტირება“ – რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომის შედეგად გამოწვეულ ვითარებაზეა ფოკუსირებული, რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ძირითად საფრთხედ არის დასახელებული. ანგარიშში 2022 წლის სხვა მოვლენებიც არის შეფასებული, კერძოდ: ნატოს პასუხი რუსეთის ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიის“ წინადადებებზე; ნატოს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების ღონისძიებები; პარტნიორებთან თანამშრომლობა მთელ მსოფლიოში; ნატოს გაფართოება შვედეთისა და ფინეთის მოწვევით; უკრაინის მხარდასაჭერად მუდმივი ძალისხმევა.

საქართველო ანგარიშის რამდენიმე ნაწილში ნახსენები, მათ შორისაა: თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, ორმხრივი და მრავალმხრივი პარტნიორობა, ასევე კიბერ და ენერგეტიკული უსაფრთხოება.

ქვეთავში – „თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების პაკეტები ერთი შეხედვით“ -ნათქვამია: „საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, [რომელიც] ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. დროთა განმავლობაში, პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრით მხარი დაეჭირა საქართველოს რეფორმების მცდელობებს და მის ევრო-ინტეგრაციის მიზანს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე“.

უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის მიღებული ზომების პარალელურად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს ფონზე, ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ „ახალ ზომებზე, რათა გააძლიერონ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის, ბოსნია და ჰერცოგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის“, რაც გულისხმობს ივნისში მადრიდის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, როდესაც ნატოს ლიდერებმა მხარი დაუჭირეს მორგებულ ზომებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის შემდგომი მხარდაჭერისთვის.

ღია კარის ქვეთავში ნათქვამია, რომ „ნატოს წევრობის კარი ღია რჩება ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომლიც იზიარებს ალიანსის ღირებულებებს… და რომელთა ჩართვას შეუძლია ხელი შეუწყოს ჩრდილო ატლანტიკური ზონის უსაფრთხოებას“. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ 2022 წლის სტრატეგიულმა კონცეფციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს ღია კარის პოლიტიკა და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკამ უდავოდ გააძლიერა ალიანსი და ხელი შეუწყო მშვიდობასა და სტაბილურობას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.

ამ კონტექსტში, ანგარიშში საქართველო და უკრაინაც არის მოხსენიებული და ნათქვამია: „მოკავშირეები აგრძელებენ მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის ნატოში საბოლოო გაწევრიანებაზე, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 2022 წლის მადრიდის სამიტზე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button