რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 14 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მახლობლად, უკანონოდ დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „უშიშროების კომიტეტმა“ განაცხადა 2023 წლის 8 დეკემბერს, რომ 2023 წლის 24 ნოემბერს „სახელმწიფო საზღვრის განზრახ და უკანონო გადაკვეთის გამო“ გიორგი მელაძისა და დიტო კორინთელის წინააღმდეგ „სისხლის სამართალწარმოება“ დაიწყო. სულ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, თუმცა ერთი მათგანი 2023 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მწვავედ იქნა დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში.
ამავე ინფორმაციით, გიორგი მელაძისა და დიტო კორინთელის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით „აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი“.
„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა სუს-მა.
ასევე წაიკითხეთ:
- 28/02/2024 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- 16/02/2024 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- 09/02/2024 – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 15/01/2024 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- 29/11/2023 – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)