კულტურის სამინისტრო გელათზე საექსპერტო დასკვნას აკრიტიკებს, საპატრიარქო კი – იცავს
რა მოხდა?
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციაა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართვის საფუძველზე ქუთაისის გელათის მონასტრის რესტავრაციის შესახებ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა.
დასკვას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო და აღნიშნა, რომ დოკუმენტი „ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია“, რომელიც „შორს არის მეცნიერული დასკვნისაგან“.
საპასუხოდ, საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ადასტურებს რომ დასკვნა მათი თხოვნით მომზადდა და აღნიშნავს, რომ „აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“.
რას ეხება დასკვნა?
ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს ეხება, რაც 2016 წლიდან დაიწყო.
წინაისტორია
- გელათში 2016-2019 წლებში ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ, იყო ცნობები, რომ უხარისხო გადახურვის გამო დაზიანდა ფრესკები.
- თავდაპირველი უარყოფის შემდეგ, კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წელს გასცა განკარგულება დროებითი გადახურვის შესახებ, თუმცა ექსპერტების თქმით, ეს გადახურვაც არ უზრუნველყოფდა ფრესკების დაცვას.
- ამ საკითხზე ჩვენ 2020 წელს ვწერდით: 20/10/2020 – „საია“ გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიებას ითხოვს
ახლა რა ხდება?
ჩუბინაშვილის ცენტრის თქმით, 2020-2021 წლებში განხორციელდა დაზიანებული მონაკვეთების გამაგრება, ხოლო რამდენიმე თვის წინ, იტალიურ-ქართულმა ჯგუფმა დაასრულა კონსერვაცია.
დასკვნის თანახმად, მოხდა პროფესიული ექსპერტიზის სრული უგულებელყოფა და კონსერვაციის ნაცვლად, გელათის მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავში გაკეთდა მხატვრობის თვითნებური ტონირება-რესტავრაცია ისე, რომ ის ეწინააღმდეგება უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს.
კერძოდ რა პრობლემებია?
- გელათის დასავლეთ მკლავში ფრესკების „მძიმე დაზიანებები“ არაერთია, „ფერწერული ფენის აქერცლილი მონაკვეთები არაერთგან არის უკვე სრულად მოცილებული საფუძველს და ცვივა“.
- 2020-2021 წლებში გამაგრებულ მონაკვეთებზე „მარილების დაშლა-კრისტალიზაციის პროცესი მიმდინარეა“, შედეგად ფრესკები აქერცლილია და ცვივა.
- ანგარიში „უკიდურესად შემაშფოთებელ მეთოდოლოგიურ დარღვევად“ აფასებს დასავლეთ მკლავში გამოყენებულ ტონირება-რესტავრაციასთან გამოყენებულ მიდგომასაც, რომელიც „პრინციპულად ეწინააღმდეგება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოში მიღებულ და გაზიარებულ პრინციპებს“. დასკვნა ამბობს, რომ მოხდა რესტავრატორების მიერ „ინტერპრეტირებული რეალობით ისტორიული რეალობის ჩანაცვლება“, რასაც „არსებითად, მხატვრობის ფალსიფიკაციას“ უწოდებს.
როგორ მოხდა ამგვარი დარღვევები?
- ცენტრის დასკვნით, სამუშაოებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უკიდურესად ცენტრალიზებულია კულტურის სამინისტროში და გაუმჭვირვალეა. ამასთან, უცნობია სამუშაოთა შეფასების კრიტერიუმები და მექანიზმიც.
- სამუშაოების ამსახველი დოკუმენტაცია, პროფესიული წრეებისთვისაც კი რთული მოსაპოვებელია და, შესაძლოა, არც არსებობს.
- „დასავლეთი მკლავის მხატვრობის ავთენტური სახის შემლახავი ჩარევები პროფესიული წრისგან მალულად შესრულდა – მას არ გაუვლია პროფესიული შეფასების, რეცენზირების თუ დამტკიცების არც ერთი რგოლი“.
რისი გაკეთება შეიძლება?
არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლდ, ჩუბინაშვილის ცენტრის აზრით, აუცილებელია:
- დარგის მესვეურთა მიერ უგულებელყოფილი მაღალკვალიფიციური ექსპერტების რეკომენდაციების შესრულება და უსაფრთხო და გრძელვადიანი მუშაობისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველმყოფი ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობა;
- ყველა სივრცეში გარემო პირობებისა და მოხატულობების უწყვეტი მონიტორინგი.
კულტურის სამინისტროს გამოხმაურება
ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნას გუშინვე ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო და ავტორებს პოლიტიკურ მიკერძოება და მინისტრზე პირადი შეტევა დასწამა. განცხადებაში წერია, რომ:
- დოკუმენტი „ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია“, რომელიც „შორს არის მეცნიერული დასკვნისაგან“.
- „თვალში საცემია დასკვნის ზედაპირულობა და დასკვნის ავტორთა არაკომპეტენტურობა, რომლებიც „ხარაჩოდან ვიზუალური დათვალიერებით“ აკრიტიკებენ განხორციელებულ სამუშაოებს, მათ მეთოდოლოგიას და ამას აკეთებენ ისე, რომ არავითარი პრაქტიკული გამოცდილება კედლის მხატვრობის კონსერვაცია-რესტავრაციის დარგში არ გააჩნიათ.“
- „სამინისტრო სწორედ იუნესკოს ექსპერტების ჩართულობითა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით ცდილობს, აღმოფხვრას პრობლემები, რომლითაც „ცენტრის ზოგიერთი, პოლიტიკოსად ქცეული „მეცნიერი“ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნამდე, მთელი 12 წლის განმავლობაში, საერთოდ არ დაინტერესებულა.“
სამინისტროს თქმით, 2021 წლის მაისიდან დღემდე, კულტურის სამინისტროს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილებისა და გადადგმული ნაბიჯის შესახებ ცნობილია იუნესკოსა და მისი სტრუქტურებისათვის.
ამავე განცხადებით, ჩუბინაშვილის ცენტრის ლოგოტიპით გამოქვეყნებული დასკვნა შესრულებულია მეცნიერთა პოლიტიზებული ჯგუფის მიერ, არა აქვს ცენტრის ხელმძღვანელის ხელმოწერა და, ამდენად, არ წარმოადგენს ცენტრის ოფიციალურ პოზიციას.
საგულისხმოა, რომ დასკვნის გამოქვეყნებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩუბინაშვილის ცენტრში ფინანსური შემოწმება იწყება.
ჩუბინაშვილის ცენტრის პასუხი
კულტურის სამინისტროს დღეს ასევე ოფიციალური განცხადებით უპასუხეს ჩუბინაშვილის ცენტრში და აღნიშნეს, რომ „სამინისტროს წერილში ცხადად იკვეთება გელათის პრობლემის პოლიტიზაციის სურვილი“. ცენტრში ასევე ხაზი გაუსვეს, რომ გელათის მდგომარეობის შეფასება ფაქტების კვალიფიციურ ობიექტურ ანალიზს ეფუძნება და არა „პარტიულ ინტერესებს“ და რომ „ექსპერტები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებით არ ხელმძღვანელობენ“.
ცენტრში იმედი გამოთქვეს, რომ „სამინისტროს მიერ გამოხატული მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიშის მიმართ უფრო უშუალო გაღიზიანებული ემოციაა, ვიდრე რაციონალური განსჯის შედეგი“ და რომ „მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლობა ქართველ ექსპერტთა ფართო წრესთან მაინც შედგება“.
საპატრიარქოს გამოხმაურება
- დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და სამინისტროს უპასუხეს, რომ „არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს“.
- უარყვეს სამინისტროს გუშინდელი მოსაზრება, რომ თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია.
- დაადასტურეს, რომ დაკვნა „სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და კვორუმის პირობებში“ მიიღეს და რომ მას ხელს აწერს და ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
კულტურის სამინისტრო გელათის კომპლექსის რესტავრაციის შესახებ პირველი კრიტიკული კომენტარების გამოჩენისთანავე ბრალს დებდა ოპონენტებს პოლიტიკურ მიკერძოებაში. კერძოდ, ნაგულისხმევი იყო, რომ სარესტავრაციო პოლიტიკას აკრიტიკებდნენ სამინისტროს უწყებებში მომუშავე ყოფილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისდროინდელი კადრები.
მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნისთანავე სამინისტროს ქვემდებარე მთელ რიგ უწყებებიდან და მუზეუმებიდან გაათავისუფლეს ძველი კადრები. მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა კულტურული მემკვიდრეობის ეკლესიისთვის დასაბრუნებლად, მათ შორის, კულტურის ძეგლების ეკლესიებში გადატანაც.
ჩუბინაშვილის ცენტრის მხარდაჭერა საპატრიარქოს მიერ მკვეთრად ცვლის სამინისტროს მიერ დახატულ სურათს მათ წინააღმდეგ პოლიტიკური ობსტრუქციის შესახებ და რთულ მდგომარეობაში აყენებს მინისტრ წულუკიანს.
ასევე წაიკითხეთ:
- 14/02/2022 – ეროვნულ მუზეუმის დავა კულტურის სამინისტროსთან სამეცნიერო პროექტებზე გამოყოფილ გრანტებზე
- 25/05/2022 – პროფკავშირების ცნობით, ეროვნული მუზეუმის სისტემიდან კიდევ 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს
- 31/01/2022 – დათხოვნილი თანამშრომლები კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივლებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)