პრეზიდენტი მედიასთან არჩევნებზე, ჩინეთზე, პატრიარქსა და სააკაშვილზე საუბრობს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში შვიდი ადგილობრივი მედიის ჟურნალისტებს უმასპინძლა, სადაც მათ კითხვებს უპასუხა სხვადასხვა საშინაო თუ საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის მოსალოდნელ ჩარევაზე, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე, საქართველოს საპატრიარქოზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასა და არჩევნებში ქართული დიასპორის მონაწილეობაზე.
რუსეთის შესაძლო ჩარევა მოახლოებულ არჩევნებში
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მოელის რუსეთის ჩარევას მომავალ არჩევნებში ზოგიერთი ჯგუფის დაფინანსების, მარგინალური ფრაქციების გაძლიერების, რუსული პროპაგანდის პირდაპირი გავრცელებისა და არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობების გზით. თუმცა, მისი თქმით, საქართველოს წინასწარ არ ეცოდინება, რას ემსახურება რუსეთის ჩარევა არჩევნებში. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ საკუთარ ინტერესებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და კოალიციური მთავრობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა ის რუსეთსა და საქართველოს მმართველ პარტიას ან მის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შორის ინტერესთა თანხვედრას, პრეზიდენტმა განაცხადა: „არის რაღაც ნიშნები“. პრეზიდენტის თქმით, იგი ყველგან ამბობს, რომ „საქართველოში ვერ იქნება პრორუსული მთავრობა“, რადგან, მისი თქმით, ქართველი ხალხი არასოდეს დაუშვებს პრორუსულ ძალას ქვეყნის სათავეში.
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა
როდესაც ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობის შესახებ ჰკითხა, ზურაბიშვილმა განაცხადა: „შეიძლება ძალიან ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს ჩინეთთან, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე მაქვს ბევრი კითხვები“. მან განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი არც საქართველოს მთავრობას და არც პარლამენტს არ შეუმუშავებია და დასძინა, რომ „ალბათ ჩინეთში წარმოადგინეს“.
ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტში მოხსენიებულია „ერთიანი ჩინეთის“ პრინციპი, მაგრამ არაფერია ნათქვამი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „დისბალანსი ძალიან ნათლად ჩანს“, განაცხადა მან. პრეზიდენტმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა დოკუმენტში ასახული ჩინეთის ერთპარტიული სისტემის „შეფასება და დაფასება“, როდესაც საქართველო დემოკრატიული მმართველობის მოდელის ერთგულია.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღიარა ჩინეთის როლი მსოფლიო პოლიტიკაში და განაცხადა, რომ მასთან ურთიერთობების დამყარება „გასაგებია“, თუმცა, დასძინა, რომ საქართველო ისე არ უნდა მოიქცეს, რომ ამან „გაურკვევლობა“ გააჩინოს მის მთავარ პარტნიორებთან.
სალომე ზურაბიშვილმა, როგორც გამოცდილმა დიპლომატმა, დასძინა, რომ „ცოტა გამოცდილებაც საჭიროა საგარეო პოლიტიკაში“.
საქართველოს საპატრიარქო და პატრიარქი ილია მეორე
პრეზიდენტ ზურაბიშვილს სთხოვეს განემარტა მისი ბოლო განცხადება საქართველოს საპატრიარქოსა და პატრიარქ ილია მეორის შესახებ, როდესაც მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს პროდასავლური კურსის ერთგული დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მის სათავეში. მის ამ განცხადებას კრიტიკა მოყვა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არაფერი აქვს ასახსნელი და მხოლოდ გაიმეორა, რომ „მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ქართული ეკლესია იქნება, როგორც იყო, პროდასავლური და პროევროპული“.
მიხეილ სააკაშვილის შეწყალება
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაიმეორა საკუთარი პოზიცია და აღნიშნა, რომ შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა და რომ „არცერთი ზეწოლის ქვეშ არასოდეს არ მივიღებ არანაირ გადაწყვეტილებას. არც შიდა ზეწოლის და არც გარე ზეწოლის“.
ქართული დიასპორის მონაწილეობა არჩევნებში
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქართული დიასპორის არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მოახლოებულმა არჩევნებმა, რომელიც, მისი თქმით, „ერთგვარი რეფერენდუმია“, შესაძლოა რადიკალური ცვლილებები მოიტანოს. მისი თქმით, დიასპორის წარმომადგენლებს, ვისაც „იმედი გაუჩნდა, რომ ეს ქვეყანა პერსპექტიულია, რომ ეს ქვეყანა გახდება ევროპის ნაწილი და მათთვის გაიხსნება დაბრუნების გზა, მათი მოვალეობაცაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ“.
პრეზიდენტმა აღიარა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ბევრი ქართველისთვის შესაძლოა რთული იყოს საარჩევნო უბნებზე მისვლა, მაგრამ „ჩვენ ვცდილობთ და ვმუშაობთ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, იმისათვის, რომ რაც შეგვიძლია გავამარტივოთ არჩევნებში მონაწილეობა“. პრეზიდენტი მომავალ კვირას დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის გამართვას გეგმავს. „თქვენი ქვეყნის ბედი ამ წელს არჩევნების ყუთთან წყდება“, – დასძინა პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/03/2024 – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC HARDtalk-თან
- 29/02/2024 – სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერობის ამბიცია არ აქვს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)