ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25%-დან 10%-მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 13 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 10%-მდე შეამცირა.

ბანკმა შემცირების მიზეზად ინფლაციის კლება დაასახელა. აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0.9% შეადგინა. ამას საგარეო ფაქტორებმაც შეუწყო ხელი, კერძოდ საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულისა და ნავთობის ფასების კლების ტენდენციამ. ბანკის თქმით, საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც თითქმის პანდემიამდელ დონემდე შემცირდა, ეს კი, ლარის გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, საქართველოში იმპორტული საქონლის ფასებს ამცირებს. ამასთან, ინფლაციის კლებას ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინები, რამაც აგვისტოში 6.1% შეადგინა და წლის განმავლობაში, მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი.

ეროვნული ბანკის თქმით, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ 3%-იან დონეზე დაბალი იქნება, ხოლო „საშუალოვადიან პერიოდში კი, მასთან ახლოს შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივ დონეზე დაბალი ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზებას უწყობს ხელს“.   

ბანკის თქმით, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია, ხოლო მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის. „ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, საგარეო რისკებთან ერთად, ჯერ კიდევ საყურადღებოა ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც. მიუხედავად ერთობლივი მოთხოვნის დასტაბილურებისა, საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობა უცხოურ ვალუტაში დაჩქარდა. აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებამ  მომავალში ინფლაციაზე დამატებითი წნეხი შეიძლება,  წარმოშვას“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

„ამ რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს“, – აცხადებს ეროვნული ბანკი. „საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button