skip to content
ახალი ამბები

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 10%-ზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 25 ოქტომბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 10%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ბანკის თქმით, საქართველოში ინფლაცია კვლავ დაბალია და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. მიმდინარე წლის სექტემბერში მთლიანი ინფლაცია 0.7%, ხოლო საბაზო ინფლაცია 2.5% იყო. „დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ფასებზე ზეწოლის შესუსტება განაპირობებს. მეორე მხრივ, ინფლაციის კლებას ხელს უწყობს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივად წარმოებული საქონლის კლებადი ინფლაციაც“, – განაცხადა ბანკმა და დასძინა, რომ მიმდინარე პროგნოზით, ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3%-ზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება.

მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, ბანკი განმარტავს, რომ მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გლობალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს. ბანკის თქმით, არსებულ შოკებს დაემატა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის  ახალი ფაქტორი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით. „ბოლო პერიოდში, საწვავის ბაზარზე ტენდენციებიც გარკვეულწილად გაუარესდა, როგორც ფასების, ასევე მიწოდების არასტაბილურობის თვალსაზრისით. ამ რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციებიც საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს მოთხოვნა კვლავ ძლიერია და მოსალოდნელია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნავს ბანკი. მისი თქმით, ბოლო თვეების მანძილზე სესხების ზრდის ტემპიც შედარებით დაჩქარდა, რისი ძირითადი წყაროც გაზრდილი ბიზნეს სესხებია, უმეტესწილად უცხოურ ვალუტაში.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button