ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ ნარატივს იმეორებს და მისი სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო მცდელობაზე საუბრობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 თებერვალს განაცხადა, რომ დაუდგენელმა თავდამსხმელმა რამდენიმე დღის წინ,  სავარაუდოდ, მისთვის ზიანის მიყენება სცადა. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას კალანდარიშვილმა გაიმეორა მმართველი პარტიის განცხადება, რომ ოპოზიციის წევრები თითქოს ცდილობენ ცესკოს თავმჯდომარის „მოშორებას“ და ცესკოზე კონტროლის ხელში ჩაგდებას, რასაც მოჰყვა პარლამენტის გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ დაკავებული თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმების შესახებ.

როგორც კალანდარიშვილი განმარტავს, რამდენიმე დღის წინ მის წინ მყოფმა ავტომობილმა გზაზე საავარიო სიტუაციის შექმნა სცადა. როდესაც ორივე მანქანა გაჩერდა, მანქანიდან გადმოვიდა პირი, რომელმაც კალანდარიშვილის მანქანის უკანა კარი გააღო და გაკვირვებული დარჩა, რომ ის უკანა სავარძელზე არ იჯდა, რადგანაც მანქანას თავად მართავდა. ცესკოს თავმჯდომარე ამ ინციდენტს „პროვოკაციულად“ მიიჩნევს.

გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ვენეციის კომისიის მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელსაც ოპოზიცია ირჩევს, იგივე უფლებამოსილება აქვს, რაც ცესკოს სხვა ოპოზიციონერ წევრებს, მხოლოდ ერთი განსახვავებით: მას შეუძლია ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე ვერ შეძლებს მასზე დაკისრებულ მოვალეობების შესრულებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „რაღაც მოცემულობა აქვთ მათ [ოპოზიციას] მოფიქრებული თავისთვის, რა მოცემულობაშიც, ალბათ, იციან, რომ თავმჯდომარე აღარ იქნება და მის მოვალეობას შეასრულებს მათი თანაპარტიელი, იმ კაცს შეიძლება რაღაც დამართონ, ვინც არის თავმჯდომარე“. მან იქვე დასძინა, რომ „არ დაუმართიათ, ხალხი არ დაუხოციათ ქუჩაში, თუ ასეთი არ ჩაუდენიათ“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე გაიმეორა „ქართული ოცნების“ პოზიცია იმის თაობაზე, თუ რატომ გაუქმდა ოპოზიციის მიერ არჩეული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი და განაცხადა, რომ არსებობდა შესაძლებლობა, რომ ოპოზიციურ პარტიებს „დაეგეგმათ ცესკოს საბოტაჟი, ცესკოს თავმჯდომარის მოშორება და ოპოზიციის მიერ არჩეული თავმჯდომარის მოადგილის გამოყენება დაწესებულების „კონტროლისთვის““.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button