ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება მოქალაქეებს აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების რისკებზე აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 თებერვალს საკუთარი მოქალაქეები აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლასთან დაკავშირებული „უსაფრთხოების რისკების ზრდის” შესახებ გააფრთხილა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის „უზენაესმა სასამართლომ“ რეგიონის მკვიდრს, რომელსაც 2019 წელს რუსი ტურისტის „განსაკუთრებული სისასტიკით“ გაუპატურების გამო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, სასჯელი შეუმსუბუქა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ ედგარ აბუხბას გათავისუფლების შესახებ 2 თებერვალს მიღებულმა ინფორმაციამ რუსულმა მხარე „უკიდურესად განაცვიფრა“. სამინისტრომ კრიტიკა გამოთქვა სასჯელის შემსუბუქების გამო და აღნიშნა, რომ ეს გახმაურებული საქმე აფხაზეთის მართლმსაჯულების „ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას აჩვენებს“ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულებისა და „დამნაშავეთათვის დაკისრებული სასჯელების მიმართ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს უსაფრთხოების გაზრდილი რისკების შესახებ აფრთხილებს და აღნიშნავს: „ცხადია, ეს საფრთხეს უქმნის ყოველწლიურად აფხაზეთის კურორტებზე ჩასული დიდი რაოდენობის უცხოელი სტუმრების უსაფრთხოებას და ამის შესახებ ჩვენი თანამემამულეები უნდა გავაფრთხილოთ“.

18 თებერვალს აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს პრესსამსახური რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს არასრულწლოვანი იყო, ამიტომ მისი სასჯელი ვერ იქნებოდა 10 წელზე მეტი და მას 9 წლიანო პატიმრობა შეეფარდა.

ამავე წყაროს თქმით, სასჯელის შემსუბუქებას ადგილი არ ჰქონია. წყარომ განმარტა, რომ აფხაზეთში გამოსასწორებელი კოლონიები არ არსებობს და მხოლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორია. ამის გამო, ზოგადი რეჟიმით თავისუფლების აღკვეთის დროს ერთი წელი ორ წლად, ხოლო  მკაცრი რეჟიმით  თავისუფლების აღკვეთის დროს ორი წელი სამად ითვლება. წყარომ „არ გამორიცხა“, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო, აბუხბა, რომლის სასჯელის ათვლაც 2019 წლის 2 აგვისტოდან დაიწყო, 4,5 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა.

ბოლო პერიოდში რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა. ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას ადანაშაულებს და ოკუპირებული რეგიონის ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომას მოითხოვს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button