ახალი ამბები

მედია და ადგილობრივები ოკუპირებულ აფხაზეთში გადაჭარბებული თევზჭერის გამო წუხან

ადგილობრივებზე დაყრდნობით, მედია იუწყება, რომ თურქული გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, უფრო კონკრეტულად კი ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან ქაფშიის უკანონო ჭერაში არიან ჩართული. უკვე წლებია,რაც თურქული გემების ჩართულობით თევზჭერა გრძელდება ოკუპირებულ აფხაზეთში. წელს, ადგილობრივები თევზჭერის მასშტაბის ზრდამ და ქალაქ სოხუმში მოდებულმა აუტანელმა სუნმა შეაწუხა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ეკოლოგიის მიმართულებით მომუშავე საველი ჭითანავას ცნობით, უსიამოვნო სუნი თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან მოაქვს ქარს. რაც შეეხება თევზჭერასთან დაკავშირებულ დარღვევებს, საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ორი ასეთი შემთხვევა გამოვლინდა და ორივე მათგანზე მიმდინარეობს გამოძიება.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, გასული წლის დეკემბერში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა მიმდინარე სეზონზე 90 000 ტონა ქაფშიის დაჭერა ივარაუდა. ეს მაჩვენებელი წინა სეზონთან შედარებით საგრძნობლადაა გაზრდილი, თევზჭერის მასშტაბების სერიოზული ზრდა კი იწვევს შეშფოთებას ქაფშიის პოპულაციის რეპროდუქციული შესაძლებლობების პოტენციურ საფრთხესთან დაკავშირებით.

უცნობია, მისცა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ კომპანიებს თევზჭერის ნებართვა. სამოქალაქო საქართველო საქართველოს კომპეტენტურ უწყებებს დაუკავშირდა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button