ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სამხატვრო გალერეა განადგურდა  

ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის შედეგად აფხაზი მხატვრების ნამუშევრები განადგურდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარს 4 000-ზე მეტი ნახატი ემსხვერპლა და მხოლო 200-მდე ნამუშევრის გადარჩენა მოხერხდა. გალერეის დირექტორმა, სურამ საკანიამ განაცხადა, რომ გალერეას „გამოუსწორებელი ზიანი“ მიადგა. ინციდენტს დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ პროტესტი და კრიტიკა მოყვა მისი დაუდევრობის, გალერეის მიმართ არასწორი, უყურადღებო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო. კრიტიკის სამიზნე ოკუპირებული რეგიონის ლიდერი, ასლან ბჟანიაც გახდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრიდან მალევე “სტალინის აგარაკზე” ჩავიდა თავის გუნდთან ერთად დღესასწაულის აღსანიშნავად.

საკანიამ მეხანძრეებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა. „როგორც ჩანს, ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვა მოხდა“, – გაანცხადა მან.

ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა „პროკურატურას“ ხანძრის მიზეზების გამოძიება დაავალა.

ოკუპირებული რეგიონის „კულტურის მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებელმა, დინარა სმირმა საგამოფენო დარბაზში გაჩენილ ხანძარს „აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგი“ უწოდა. მისი თქმით, მთელი პირველი სართული კვამლში იყო გახვეული და არაფრის გადარჩენის შანსი არ იყო. სმირმა განაცხადა, რომ არავინ დაუკავშირდა ხელისუფლებას იმის თაობაზე, რომ გალერეის შენობის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობა სავალალო იყო, თუმცა მისი სიტყვები ადგილობრივმა მეცნიერებმა უარყვეს და განაცხადეს, რომ გალერეაში ხანძარი 2014 წელს უკვე მოხდა და ამის შემდეგ ხელისუფლებას სთხოვეს, შეესწავლათ შენახვისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების საკითხი.

რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრმა ოლგა ლიუბიმოვამ ხანძარს ოკუპირებული რეგიონისთვის „ნამდვილი ტრაგედია“ და „ჰუმანიტარული კატასტროფა“ უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი აღდგენით სამუშაოებში დახმარების მიზნით სპეციალისტებს აგზავნის.  

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინციდენტს „თითოეული ჩვენგანის ტრაგედია“ იწოდა. მან სინანული გამოხატა იმის გამო, რაც „როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია“.

„მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.  

გალერეა 1963 წელს შეიქმნა. ამჟამინდელი შენობა გალერეას ოკუპირებული რეგიონის ე.წ „პირველი პრეზიდენტის“, ვლადისლავ არძინბას გადაწყვეტილებით გამოუყვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button