skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნების თავმჯდომარე რეგიონებში ვიზიტებს აანონსებს და ოპოზიციას აკრიტიკებს

„ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თანამდებობაზე თავის პირველ ბრიფინგზე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მარტიდან 100 დღის განმავლობაში საქართველოს ათ რეგიონში ვიზიტები დააანონსა.  

ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრები გაიმართება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, პარტიულ აქტივთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, რათა „მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი“. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, „მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე“.

შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და მინისტრთა კაბინეტს წარმატებები უსურვა.

კითხვა-პასუხი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პასუხებს ჟურნალისტების კითხვებზე ოპოზიციის მიმართ ჩვეული ბრალდებები და ქართული ოცნების ხელისუფლების ქება ახლდა თან.

ოპოზიციის შანსების შეფასება – როდესაც მას სთხოვეს შეეფასებინა ოპოზიციის შანსები და შესაძლებლობები მომავალ არჩევნებზე, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის“. მან ღიად განაცხადა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტია.  ღარიბაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არის „ყველაზე ანტიეროვნული, ანტიქართული მოვლენა“. მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და ოკუპაციაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

ღარიბაშვილის თქმით, არც ერთი ოპოზიციური პარტია და ლიდერი არ არის დამოუკიდებელი და ყველა მათგანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია. ამ კონტექსტში მან კონკრეტული პარტიები და ლიდერები დაასახელა, როგორიცაა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც მან „კრიმინალი“ უწოდა, ოპოზიციური ტელეკომპანია  „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერი ნიკა მელია და ამავე პარტიის მოქმედი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, ყველა მათგანი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები – ღარიბაშვილმა უარყო კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები, რომლებიც მის სახელსა და პირად გარემოცვას უკავშირდება და განაცხადა: „ეს არის სრული სიცრუე და მორიგი დემაგოგია“ და „თქვენ [ჟურნალისტები] ატყუებთ ხალხს“.

ცენტრალური საარჩევნო კომისია – ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არის „ერთ-ერთი ყველაზე გამართული ორგანიზაცია“ და რომ „მისი საქმიანობა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე“. ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის ნებისმიერი კრიტიკა სპეკულაციაა.

ევროკავშირის ცხრა პირობის შესრულება – ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე „რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიცია არ იყო ჩართული 12 რეკომენდაციის შესრულებაში“. მისი თქმით, ოპოზიციას „არ უნდოდა, რომ მიეღო სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი“. რაც შეეხება ევროკომისიის მიერ დასახული ცხრა პირობის შესრულებას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ნათლად იცის, რა უნდა გააკეთოს მათ შესასრულებლად.

მადლიერება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ოპოზიციის ხელახალი კრიტიკა – კითხვაზე, აქვს თუ არა მმართველ პარტიას საკმარისი სახალხო მხარდაჭერა საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად (113 მანდატით), ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მტკიცე პოზიცია, რომ „ქართული ოცნებას“ მხარდაჭერა ნამდვილად აქვს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ქვეყანას მოუტანა უწყვეტი მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რეალური დემოკრატია“.

მისი თქმით, მეორე ალეტრნატივა ქართველი ხალხისთვის არის ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიციური პარტიები, „რომლებიც მიწებებული არიან ამ პარტიასთან“. „მათი მიზანი იყო აქ მეორე ფრონტის გახსნა, მათი მიზანი იყო უკრაინიზაცია, ქვეყნის განადგურება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ ამას არ დაუშვებს.

შეკითხვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით – ღარიბაშვილმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და მას „მოღალატე“ და ოპოზიციური ძალა უწოდა. მისი თქმით, ზურაბიშვილმა, „ევროპაში გაზრდილმა ქალბატონმა“, არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია და აგრძელებს ამას. მან აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის რეიტინგი იყო „მხოლოდ 1%“ [პრეზიდენტობამდე] და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ იგი მოიყვანა პრეზიდენტად“.

მთავრობის განკარგულებები – კითხვაზე, თუ რატომ არ გამოქვეყნებულა მთავრობის განკარგულებები მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ღარიბაშვილმა თქვა, რომ „მე არც ერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია, ყველა გადაწყვეტილება იყო კანონის შესაბამისობაში სრულად და არც ერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგებოდა“. მან იქვე დასძინა, რომ როდესაც ვინმე მოითხოვდა ინფორმაციას, მთავრობა უზრუნველყოფდა განკარგულებებზე წვდომას. „ამის ვალდებულება არ არსებობდა… ეს არ არის მანდატორული წესი“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა. შემდეგ მან რიტორიკულად ჰკითხა ჟურნალისტებს, „თქვენ გგონიათ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა“ აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს თანამდებობიდან გადადგა. მის ნაცვლად პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე დასახელდა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ, სადაც ყველა მინისტრი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, ოფიციალურად დაინიშნა, პარლამენტმა საქართველოს ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button