skip to content
ახალი ამბები

კონსილიუმის დასკვნა: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ნევროლოგიური კი უცვლელია

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა 25 იანვარს კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, სახეზეა დადებითი დინამიკა, თუმცა კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ამჟამად სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში და ნეგატიურ ორთოსტატიურ ტესტში. თუმცა, კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია. ექიმთა ჯგუფის აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას და ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.

კონსილიუმის აზრით, არსებული დადებითი დინამიკა განპირობებულია იმით, რომ პაციენტი „წელიწადნახევარზე მეტია იმყოფება პოლიპროფილურ კლინიკაში მაღალპროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობის და მკურნალობის ქვეშ“. თუმცა ყველა ფსიქონევროლოგიური პათოლოგია კვლავ იგივე ხარისხისაა.

„შესაბამისად, კონსილიუმი მიიჩნევს, რომ პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით არ იძლევა საშუალებას მყარი დადებითი პროგნოზები იქნას გაკეთებული. ექიმთა ჯგუფი მორიგ ვიზიტს პაციენტთან განახორციელებს საჭიროების შესაბამისად“, – ნათქვამია დასკვნაში.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჩამოაყალიბა თავისი მანდატის ფარგლებში, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესის მონიტორინგის მიზნით. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ექიმთა ჯგუფი აგრძელებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესის მონიტორინგს და პერიოდულად, 2-4 თვის შუალედებით ახორციელებს პაციენტთან ვიზიტებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button