skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა 25 იანვარს კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. მედიასთან საუბრისას კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სომატურად გაუმჯობესებულია, თუმცა ნევროლოგიური თვალსაზრისით, მისი მდგომარეობა თითქმის უცვლელია.

ტელეკომპანია „მთავართან“ საუბროსას ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ კერძოდ განაცხადა: „სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა იგივე რჩება, მაგრამ სომატური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც ნიშნავს, რომ წონაში მოიმატა ცოტა. 77 კილოა უკვე, რაც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მის სასიცოცლო ფუნქციებს საფრთხე არ ემუქრება, რაშიც დიდი როლი ითამაშეს კლინიკა „ვივამედის“ თანამშრომლებმა. მაგრამ რაც შეეხება ნევროლოგიურ სტატუსს, დაახლოებით, იგივე რჩება, როგორც იყო. როგორც ჩანს, ის დაზიანება, რომელიც თავიდან მიიღო, და საკმაოდ მძლავრია და ბიოლოგიური მდგომარეობა ძალიან სწრაფად არ უმჯობესდება ხოლმე. ხოლო ფსიქოლოგიური სტატუსი ასევე იგივე მდგომარეობაში რჩება და მას კვლავ აღენიშნება შფოთვა, ფორიაქი, დეპრესიული განწყობა. ფსიქოლოგიურად არასტაბილურად მიგვაჩნია პაციენტი. მისი მკურნალობა მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ჩანს, რეზიზტენტულია ამ მკურნალობის მიმართ“.

როდესაც მას პაციენტის ციხეში შესაძლო გადაყვანის შესახებ ჰკითხეს, ნევროლოგმა უპასუხა, რომ კონსილიუმის მანდატი ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებას არ ითვალისწინებს. წულაძის თქმით, სააკაშვილის წინა დიაგნოზები კვლავ ძალაშია და გადაწყვეტილებას მისი კლინიკიდან გაწერის შესახებ იღებს მისი მკურნალი ექიმი ან სამედიცინო ჯგუფი, რომელიც ამ შემთხვევაში კურირებს პაციენტის ჯანმრთელობას. წულაძემ შეშფოთება გამოხატა სააკაშვილის ფსიქოლოგიური სტაბილურობის თაობაზე და აღნიშნა, რომ მისი გადაყვანა რეკომენდირებული არ არის.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჩამოაყალიბა თავისი მანდატის ფარგლებში, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესის მონიტორინგის მიზნით. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ექიმთა ჯგუფი აგრძელებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესის მონიტორინგს და პერიოდულად, 2-4 თვის შუალედებით ახორციელებს პაციენტთან ვიზიტებს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი არ ერთვებოდა და არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.

შენიშვნა: კონსილიუმის სრული შეფასება მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება და მასალაც შესაბამისად განახლდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button