skip to content
ახალი ამბები

ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე შვიდი პირია დაკავებული

ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა. 4 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდივე პირი პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურის მიერ 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 18 ივლისს, ასევე მიმდინარე წლის 1 თებერვალს, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტური უწყების წარმომადგენლების ჩართულობით და ევროჯასტის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩაატარა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას. ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს მოტყუებით ეუფლებოდნენ და ათეთრებდნენ.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ეს თანხები საკუთარ საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და სხვადასხვა მიზნით, მათ შორის ქონების შესაძენად გამოიყენეს.

პროკურატურამ ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button