skip to content
ახალი ამბები

პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით მასშტაბური ღონისძიებები ჩაატარა

საქართველოს პროკურატურის და 11 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, 23 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები საქართველოს ტერიტორიაზე 2023 წლის ივლისში შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად ჩატარდა. ღონისძიების მიზანს ტრანსნაციონალური ხასიათის მქონე თაღლითური ქოლ-ცენტრების და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენა წარმოადგენდა, რომლებიც საქართველოს გარდა არაერთ, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც მოქმედებდნენ.

ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ „ორგანიზებული ჯგუფის წევრები ასეულობით ვებ გვერდის გამოყენებით ქმნიდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. ორგანიზებული ჯგუფის სამიზნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის ძირითადად შვეიცარიის და გერმანიის მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით ზიანი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს“.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოში ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებული იქნა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ-მოძრავ ქონებებს, საბანკო ანგარიშებს და მათზე განთავსებულ ფულად თანხებს.

ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (Eurojust) ინფორმაციით, საინვესტიციო თაღლითობის გამოძიება 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა შვეიცარიის ხელისუფლებას მიმართა. შედეგად გამოვლინდა სავარაუდო ფინანსური სავაჭრო კომპანიების თაღლითური ქოლ-ცენტრები და ვებსაიტები უკრაინაში, და მოგვიანებით საქართველოში. უკრაინის ომის გამო გამოძიება დროებით შეჩერდა. თუმცა, 2022 წლის ბოლოს მიზანმიმართული ქმედებები განხორციელდა 23 ქვეყანაში, სადაც გაჩხრიკეს ადგილები და გაიყინა საბანკო ანგარიშები და აქტივები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button