skip to content
ახალი ამბები

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმი არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტების წინააღმდეგ ‘ცილისმწამებლურ კამპანიას’ ეხმიანება

31 იანვარს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამეთვალყურეო კომიტეტმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭომ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც გმობენ „ხალხის ძალასთან“ აფილირებული მედიის მიერ განხორციელებულ „ცილისმწამებლურ კამპანიას“ და „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გაკეთებული „სახიფათო განცხადებებს“  აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის 2023 წლის გამოცემის ქართველი ავტორების წინააღმდეგ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის მე-9 გამოცემის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა ექვს ქვეყანას შორის, მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ, და რომლის თანახმადაც, „ქვეყანამ მნიშვენლოვანი პოზიციები დაკარგა როგორც დემოკრატიის, ისე კარგი მმართველობის კუთხით, ასევე პოლიტიკის დაახლოების მიმართულებითაც“, მმართველი პარტიის წევრებმა ინდექსის ქართველი ავტორები გააკრიტიკეს, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ისინი ევროპულ სტრუქტურებს საქართველოს შესახებ არაზუსტ ინფორმაციას აწვდიან. ამასთან, სახელისუფლებლო მედია საშუალებამ POSTV-მ ინდექსის ქართველი ავტორების წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყო და მათ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს შესახებ უარყოფითი დასკვნების გაგზავნაში დასდო ბრალი.

„სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობები, ჩვენი როგორც დამკვირვებლის როლის დაკნინება და აქტივისტების ქვეყნის „მტრებად“ წარმოჩენა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ღირებულებებს და მის ვალდებულებებს ევროინტეგრაციის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ხაზგასმულია, რომ ლიბერალური გარემო ნებისმიერი „ჯანსაღი დემოკრატიისა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მქონე ქვეყნის ხელხემალია“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „სამოქალაქო საზოგადოებასთან ნდობის დამყარება, აკადემიური თავისუფლების წახალისება და დამოუკიდებელი ექსპერტებისა და აქტივისტების მიერ პოლიტიკასთან დაკავშირებით მოწოდებულ რეკომენდაციებზე კონსტრუქციული დისკუსიის უზრუნველყოფა მხოლოდ მთავრობის პოზიტიურ დღის წესრიგს“ და საბოლოოდ უფრო მტკიცე დემოკრატიას შეუწყობს ხელს.

განცხადება ავტორების წინააღმდეგ პროპაგანდას „ცილისმწამებლურ კამპანიას“ უწოდებს და სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ექსპერტების წინააღმდეგ ცილისმწამებლური ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გაითვალისწინოს ანგარიშის დასკვნები და მათ განხორციელებაზე იმუშავოს. ისინი ასევე მოუწოდებენ ევროპულ ინსტიტუტებს „ყურადღებით დააკვირდნენ საქართველოს მიერ რეფორმებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას“. განცხადება ასევე მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სოლიდარობა გამოუცხადონ ყველა ექსპერტს, რომლებიც მსგავსი ცილისწამებლური კამპანიის მსხვერპლნი არიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button