ახალი ამბები

ტელეკომპანია „ფორმულა“ გასართობ პროგრამებს წყვეტს და  საინფორმაციო-ანალიტიკურ პროგრამებზე გადადის

ოპოზიციურმა ტელეკომპანია „ფორმულამ“ 31 იანვარს განაცხადა, რომ  თებერვალსა და მარტში ახალ ფორმატზე გადადის და გასართობი გადაცემების ნაცვლად ეთერი მთლიანად  საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის პროგრამებს დაეთმობა, რასაც თანამშრომლების გათავისუფლებაც მოჰყვება.

„ფორმულას“ განცხადებით, გუნდის „მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება“  „მძიმე ფაქტია“. „ჩვენ ვაფასებთ მათ ნამუშევარს და მადლობას ვუხდით თავდადებისთვის, რაც ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში აჩვენეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ფორმულას“ ინფორმაციით,  ტელეკომპანიამ სტაბილური რეიტინგული ზრდის მიუხედავად, გასულ წელს ვერ შეძლო დაგეგმილი თანხების მობილიზება და ამის ერთ-ერთ მიზეზად პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ერთად ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები სახელდება, რომელთა „მთავარი ამოცანაც კრიტიკული მედიისთვის დაფინანსების წყაროების შემცირება იყო“.

ამავე განცხადებით, ტელეკომპანია, მოცემული რეალობიდან გამომდინარე, 2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებისა და ქვეყნის დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში შედეგის მისაღწევად გადაწყვეტილებას იღებს არჩევანი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე გააკეთოს.

ტელეკომპანია „ფორმულა“ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა დააარსა.

გასულ წელს დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანიაში საკუთარი წილი დათმო და მისი ნახევარი ხელმძღვანელობას და ჟურნალისტებს გადასცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button