ახალი ამბები

„სამოქალაქო იდეა“ ანტიჩინური განცხადებების გავრცელების თაობაზე პაპუაშვილის ბრალდებას პასუხობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“, რომელიც ბოლო წლებია საქართველოში ჩინეთის საქმიანობას აკვირდება, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრიდან ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის თინათინ ხიდაშელის მწვავე კრიტიკას გამოეხმაურა. კრიტიკა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც „სამოქალაქო იდეამ“ 18 იანვარს გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „ზღვაში წვეთი – ჩინური ინვესტიციები საქართველოში“.

სტატია, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებზეა დაფუძნებული, შეიცავს ინფორმაციას ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ. იგი ხაზს უსვამს ჩინური ინვესტიციების „მინიმალურ“ რაოდენობას და აღნიშნავს, რომ „სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩანს ხელისუფლების სრული ფიასკო ჩინური ინვესტიციების მოზიდვის გზაზე, განსაკუთებით მაშინ როდესაც დიდ ინტერესსა და „უსაზღვროდ გაღრმავებულ“ ურთიერთობებზე გვესაუბრებიან“. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ჩინური ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს ის გაორმაგდა და 221 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2011-2022 წლების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წლიდან ჩინეთი საქართველოს მთავარ ინვესტორთა ათეულშიც კი ვერ მოხვდა.

საპასუხო წერილის გამოქვეყნების დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თინათინ ხიდაშელი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იგი საკუთარ თავს ჩინეთის ექსპერტად წარმოაჩენს და ამავდროულად ჩინეთის მიმართ „მტრულ რიტორიკას“ იყენებს. პაპუაშვილის თქმით, ხიდაშელის ორგანიზაციას ტაივანის არასამთავრობო ორგანიზაცია „ტაივანის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს, რომელიც, მისი ვარაუდით, მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოში ანტიჩინური განწყობების გაღვივებას.

პაპუაშვილმა მედია საშუალებებს მოუწოდა, რომ ხიდაშელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და ტაივანთან დაკავშირებით მის შეხედულებებზე ჰკითხონ. მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ხიდაშელი, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრია და წვდომა ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე, „დაკავებულია ლობიზმით ამ თემაზე, ანტიჩინური იდეების ლიბორებით“.

ინტერვიუს დროს პაპუაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა პარლამენტის მიერ ჩაგდებული „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის“ მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავდა უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია ორგანიზაციების „უცხოური გავლენის აგენტებად“ დარეგისტრირებას. მისი თქმით, ხიდაშელის მსგავსი შემთხვევები იყო ზუსტად ის, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლება გულისხმობდა 2023 წლის თებერვალში კანონპროექტის ინიცირებისას, რადგან, მისი თქმით, უცხოური სუბიექტები არასამთავრობო ორგანიზაციებს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებენ.

20 იანვარს, პაპუაშვილმა ბრიფინგზე ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა, სადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება არასამთავრობო სექტორში პოლიტიკოსების ჩართულობის მიმართ, რომლებიც, მისი თქმით, პოლიტიკურ პროპაგანდაში მონაწილეობენ, და სხვებთან ერთად „სამოქალაქო იდეაც“ დაასახელა.

პაპუაშვილმა განაცხადა: „საქართველოს ინტერესია შუა დერეფანი, აბრეშუმის გზა… და ჩვენ სწორედ ახლა გვაქვს შესაძლებლობა რომ ეს დერეფანი გამოვიყენოთ. ის ტვირთები, რომელიც იმოძრავებს ჩინეთსა და ევროპას შორის გავიდეს საქართველოზე. ის ხალხი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, რა ინტერესები და დაფინანსება დგას ამ ხალხის უკან. ფაქტია, რომ ყველა, ვინც ახალ აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს საქართველოში მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, საქართველო აქციოს ჩიხად და არა დერეფნად“.

პაპუაშვილს სხვა დეპუტატებიც შეუერთდენ მმართველი პარტიიდან და „სამოქალაქო იდეის“ „ანტი-სახელმწიფოებრივ“ ბუნებას გაუსვეს ხაზი. მომდევნო სამი დღის განმავლობაში ხელისუფლების მხარდამჭერმა მედიამ ფართოდ გააშუქა ეს თემა, მათ შორის ტელეკომპანია „იმედზე“ 14- წუთიანი სიუჟეტიც მიუძღვნა, სადაც გაკრიტიკებულია „სამოქალაქო იდეა“ და საქართველოში ჩინეთის მომავალი ჩართულობაა განხილული, მათ შორის ისეთ პროექტებში, როგორიცაა ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ანაკლიის ზღმაწყლოვანი საზღვაო პორტი.

„სამოქალაქო იდეა“ აცხადებს, რომ მან არაერთხელ მიუთითა ჩინეთთან ურთიერთობისას საქართველოს ხელისუფლების წინდახედულობის ნაკლებობაზე,  გააკრიტიკა მისი შესყიდვების პოლიტიკა, რომელიც კეთილგანწყობილია იმ დისკრედიტირებული ჩინური კომპანიების მიმართ, რომლებიც „ვერ ასრულებენ პროექტებს დროულად და თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტების ფარგლებში“.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სტატია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა მოყვა, ეფუძნება „მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს დამატებითი განმარტებებისა და ინტერპრეტაციების გარეშე“ და დასძენს, რომ კრიტიკა მათი მუშაობის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

ორგანიზაცია ბოლოდროინდელ თავდასხმებს მის საქმიანობაზე განიხილავს, როგორც პრევენციულ ზომას, სანამ მთავრობა უფრო დიდ სტრატეგიულ პროექტებს გამოაცხადებს. ის ხაზს უსვამს „მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების პეკინთან კომუნიკაციის ინტენსივობის“ საეჭვო ხასიათს, განსაკუთრებით ანაკლიის პროექტში ჩინეთის პოტენციური ჩართვის კონტექსტში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button