ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პოლონური კომპანიისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეიძენს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ პოლონურ კომპანია „MESKO S.A“-სთან პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ და პოლონური კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში თანამედროვე ტიპის, ნატოს სტანდარტების შეირაღების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც „ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს“. მხარეებმა, ასევე განიხილეს თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები. 

ონლაინ ჟურნალი Army Recognition, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს აშუქებს, იტყობინება, რომ ხელშეკრულების თანახმად, საქართველო Piorun-M MANPADS-ის ტიპის სარაკეტო-საჰაერო თავდაცვის სისტემას შეისყიდის, რომელიც საქართველოს მიერ 2007 წელს პოლონეთისგან ნაყიდ GROM-2-ის 100 ერთეულის მარაგს ჩაანაცვლებს.

იგივე ჟურნალი იუწყება, რომ Piorun-M არის GROM MANPADS-ის (გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემის) გაუმჯობესებული ვერსია. პოლონური კომპანიის MESKO-ს მიერ შემუშავებული ეს სისტემა არის საბჭოთა პერიოდის 9K38 Igla-ს (SA-18) მოდერნიზებული ვერსია.

ამავე ინფორმაციით, Piorun MANPADS-ს აქვს მოქმედების დიაპაზონი 400 მეტრიდან 6 კილომეტრამდე. თავად რაკეტა 2 კილოგრამს იწონის და მცირე საჰაერო სამიზნეების, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ზრდისთვისაა განკუთვნილი.

პოლონური კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, MESKO არის სამხედრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, წარმოების თითქმის 100 წლიანი გამოცდილებით. MESKO არის ნატოს ჯარების უფლებამოსილი მიმწოდებელი და მის პროდუქციას ასევე იყენებენ პოლონეთის შეიარაღებული ძალები.

MESKO-ს პროდუქცია მოიცავს მცირე და საშუალო კალიბრის საბრძოლო მასალებს, ასევე საარტილერიო, სატანკო და ნაღმტყორცნებისთვის საჭირო საბრძოლო მასალას. კომპანია ასევე აწარმოებს რაკეტებსა და ჭურვებს, მათ შორის PIORUN MANPADS, რომლებიც შექმნილია თვითმფრინავების, ვერტმფრენების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ფრთიანი რაკეტების განადგურებისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button