ახალი ამბები

კრწანისის სამხედრო ბაზაზე ქართულ-პოლონური წარმოების დრონები დატესტეს

27 იანვარს საქართველოში ქართულ-პოლონური საწარმოს „DELTA-WB“ მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები დატესტეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, WARMATE-ისა (კამიკაძე) და FLYEYE-ის სადაზვერვო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენა კრწანისის სამხედრო ბაზაზე გაიმართა და მას საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი; თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე; შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სატესტო ფრენის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ უკვე აპრილიდან, საწარმო უპილოტო საფრენი აპარატების „მასობრივ“ წარმოებას დაიწყებს. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ „2022 წლის ბოლოს და 2023 წლის დასაწყისში, ჩვენ დავდეთ შეიარაღებების საშუალებების შესყიდვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები, რომლებიც იქნება შესრულებული“.

შპს „DELTA-WB“ პოლონური კერძო თავდაცვის ინდუსტრიის ჯგუფის, WB Electronics SA-ისა და იარაღის მწარმოებელი ქართული კომპანია Delta International LLC-ის დაფუძნებულია. „საწარმო წელიწადში ასეულობით დრონის წარმოებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანია WARMATE-ისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურებს უზრუნველყოფს“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, „სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „DELTA-WB“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ“.

2022 წლის მაისში, პოლონურმა WB ჯგუფმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხელი მოაწერა კონტრაქტს საქართველოში უპილოტო სისტემების წარმოებასთან დაკავშირებით. თავად WB ჯგუფის განმარტებით, ის „პოლონეთის შეიარაღებული ძალების მიერ გამოყენებული უპილოტო საჰაერო სისტემების უმსხვილესი პოლონელი მწარმოებელია“ და მისი პროდუქცია საბრძოლო მოქმედებებშია გამოცდილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button