ინტერვიუ

როგორ დაამარცხეს არალიბერალური პოპულიზმი პოლონეთში?

პოლონეთის ახალი მთავრობის დამტკიცებიდან ერთი თვე გავიდა. ქვეყანაში ბოლოდროინდელი პოლიტიკური ცვლილებების შესახებ Civil.ge-ს კრისტინა პიტალსკაია ესაუბრა ზოშია ლუტკევიჩს, ვარშავაში დაფუძნებული პოლიტიკური ანგარიშვალდებულების ფონდის (Political Accountability Foundation) მმართველი საბჭოს პრეზიდენტს.

ლუტკევიჩი აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც გავლენა მოახდინა 2023 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგზე. ის გვესაუბრება ოპოზიციის წარმატებულ სტრატეგიაზე, თაობათა ცვლით მოტანილ ახალ დინამიკასა და სამოქალაქო საზოგადოებისა და დიასპორის გადამწყვეტ როლზე.

Რა მოხდა პოლონეთში: იმედის არჩევნები

2023 წლის 15 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა კოალიციამ სძლია პოპულისტურ “კანონისა და სამართლიანობის პარტიას” (PiS), რომელიც ქვეყანას 2015 წლის ოქტომბრიდან მართავდა.

მმართველობის პერიოდში კონსერვატორმა პოპულისტებმა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამო არაერთი ცვლილება განახორციელეს. შედეგად, დაიძაბა ურთიერთობები ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთანაც.

კონსერვატიული საშინაო პოლიტიკის ნიშანსვეტი 2020 წელს მიღებული გადაწყვეტილება იყო, როცა PiS-მა აბორტი თითქმის სრულად აკრძალა. გადაწყვეტილებას 1980-იანი წლების “სოლიდარობის მოძრაობის” შემდეგ ყველაზე დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

არჩევნების წინ მთავრობამ ნაცად პოპულისტურ სტრატეგიას მიმართა: რეფერენდუმზე გაიტანა ბელარუსის მხრიდან მზარდი იმიგრაციის, საპენსიო ასაკის აწევისა და სახელმწიფო აქტივების გაყიდვების თემა. თუმცა ამან არ გაჭრა და დაბალი აქტივობის გამო ამომრჩეველთა მობილიზების მიზნით დაგეგმილი რეფერენდუმი ბათილად იქნა ცნობილი.

უშუალოდ საარჩევნო დღეს კი, ბევრისთვის მოულოდნელად, ამომრჩეველთა აქტივობა სარეკორდო იყო და 74,4%-ს მიაღწია. განსაკუთრებით იაქტიურეს ახალგაზრდებმა, ქალაქელებმა და დიასპორამ, რაც ოპოზიციის გამარჯვების საწინდარი გახდა.

შედეგად, „კანონმა და სამართლიანობამ” სხვებზე მეტი ხმები კი მიიღო, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ შეინარჩუნა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებშიც სამოქალაქო კოალიცია (Civil Coalition), მესამე გზა (Third Way) და მემარცხენეები (the Left) შედიან, ახალი მთავრობის შესაქმნელად საკმარისი მანდატი  მიიღეს და მთავრობაც ჩამოაყალიბეს.

***

ზოშია ლუტკევიჩი პოლიტიკური ანგარიშვალდებულების ფონდის მმართველი საბჭოს პრეზიდენტია. იგი მონაწილეობდა და კოორდინაციას უწევდა საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიებს პოლონეთში, უკრაინაში, საქართველოსა და ყირგიზეთში.

კრისტინა პიტალსკაია, Civil.ge: რა იყო ოპოზიციის წარმატების ფორმულა? რისი სწავლა შეუძლიათ ქვეყნებს, რომლებიც არალიბერალურ პოპულიზმს ებრძვიან?

Ზოშია ლუტკევიჩი: მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს შედეგი და ამომრჩევლის ასეთი აქტივობა ყველა ჩვენგანისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. წინასაარჩევნოდ უბრალო პოლონელები ბევრს საუბრობდნენ, რა უნდა ყოფილიყო წარმატების რეცეპტი – ოპოზიციური პარტიები უნდა გაერთიანებულიყვნენ თუ ცალ-ცალკე ეყარათ კენჭი. დღევანდელი გადმოსახედიდან, პოლონეთის ოპოზიციის წარმატებას რამდენიმე საკვანძო ფაქტორმა  შეუწყო ხელი და ეს გამოცდილება შეიძლება მართლაც ღირებული აღმოჩნდეს სხვა ქვეყნებისთვის.

პოლონეთის ოპოზიციის სტრატეგიის ერთ-ერთი კრიტიკული ელემენტი იყო გადაწყვეტილება, წინასაარჩევნო კოალიცია არ შეექმნათ , მაგრამ არჩევნების შემდეგ თანამშრომლობის პოტენციალი მაინც ეჩვენებინათ. ოპოზიციურმა პარტიებმა მოახერხეს მომავალი მთავრობის საერთო მიზნებზე შეთანხმება და თავი შეიკავეს საარჩევნო ოლქებში ერთმანეთის წინააღმდეგ ასპარეზობისგან. ამ ერთიანობამ მათ საშუალება მისცა, არ გაეფლანგათ ამომრჩევლის ხმები და ამგვარად სერიოზული ალტერნატივა გამხდარიყვნენ მმართველი პარტიისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პარტნიორობის ფარგლებში განსხვავებულობის უზრუნველყოფა იყო. კოალიციის შექმნისას ოპოზიციურმა პარტიებმა შეინარჩუნეს ინდივიდუალური იდენტობა და პროგრამები – მემარცხენე პროგრესულით დაწყებული იდეოლოგიურად კონსერვატიული, ეკონომიკურად ლიბერალი მემარჯვენე-ცენტრისტულით დამთავრებული. თუკი პარტიები არჩევნებში გამარჯვებისთვის ასეთ განსხვავებებს გვერდზე გადადებდნენ და ერთიან კოალიციას შექმნიდნენ, ისინი პოლონელ ამომრჩეველში ნდობას დაკარგავდნენ. შედეგად, ამომრჩევლებს ჰქონდათ არჩევანის საშუალება ოპოზიციური ფრთის შიგნით, სადაც პარტიებს გარკვეულ საკითხებზე განსხვავებულ პოზიციები გააჩნდათ. ისინი არავინ აიძულა “ტაქტიკური არჩევანი” გაეკეთებინათ და მათთვის მიეცათ ხმა, ვისაც რეალურად არ უჭერდნენ მხარს, რათა არჩევნებში ოპოზიციას გაემარჯვა. ამავე მიზეზით, მეტი ამომრჩეველი მოვიდა არჩევნებზე, რადგან თავად ოპოზიციური ფრთას არ ჰქონდა მაპოლარიზებელი მიზნები.

ამომრჩევლებს ჰქონდათ არჩევანის საშუალება ოპოზიციური ფრთის შიგნით, სადაც პარტიებს გარკვეულ საკითხებზე განსხვავებულ პოზიციები გააჩნდათ. ისინი არავინ აიძულა “ტაქტიკური არჩევანი” გაეკეთებინათ.

ოპოზიციამ ამომრჩევლებთან პირდაპირი საუბარი არჩია, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ფორმატში, დიასპორის ჩათვლით. ფიზიკურმა ჩართულობამ, შეხვედრებმა და კომუნიკაციამ ხელი შეუწყო ამომრჩეველთან პირადი კავშირის დამყარებას. ეს მიდგომა გადამწყვეტი აღმოჩნდა და გვიჩვენა, რომ ონლაინ კომუნიკაციის გავრცელების მიუხედავად, პირისპირ ურთიერთობა კვლავ მნიშვნელოვანია. ხალხს შეექმნა განცდა, რომ კონკრეტულ ადამიანს, პარლამენტში მათ წარმომადგენელს აძლევდნენ ხმას და არა უბრალოდ პარტიას.

სამოქალაქო საზოგადოების ადრეულმა და სისტემატურმა ჩართულობამ საკვანძო როლი ითამაშა. აქაც არ შექმნილა რაიმე ფორმალური კოალიცია, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნებამდე 16 თვეზე მეტი ხნით ადრე დაიწყეს შეხვედრების ორგანიზება და ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა. ისინი ერთად მუშაობდნენ საგანმანათლებლო მასალებზე, ამომრჩევლის მობილიზაციაზე, აზიარებდნენ ერთმანეთის მასალებს სოციალური მედიის საშუალებით და ღონისძიებების ორგანიზებაში ერთმანეთს ონლაინ და ფიზიკურად ეხმარებოდნენ. ამგვარმა ადრეულმა ჩართულობამ ეფექტური მხარდაჭერის მობილიზებისა და ინფორმაციის გავრცელებისთვის შექმნა წინაპირობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ასე ადრე მუშაობის დაწყებამ საშუალება მისცა არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს, ურთიერთნდობა და ურთიერთგაგება განევითარებინათ, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა, როცა წინასაარჩევნოდ ვითარება დაიძაბა.

ოპოზიციურმა პარტიებმა ყურადღება გაამახვილეს მათი ამომრჩევლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, კონკრეტული საკითხების მოგვარებაზე, იქნებოდა ეს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა, ქალთა უფლებები, LGBTQI+ უფლებები, კლიმატი თუ ეკლესიის როლი საზოგადოებაში. თავიანთი პროგრამების ხალხის საზრუნავთან მისადაგებით მათ შეძლეს ამომრჩევლის მოზიდვა, მათ შორის ახალგაზრდა ამომრჩევლებისაც, რომლებიც, შედეგად, ხმას აძლევდნენ რაღაც კონკრეტულსა და პოზიტიურს და არა ზოგადად მმართველი პარტიის წინააღმდეგ.

სოციალური მედიისა და ე.წ. ინფლუენსერების ჩართვამ ასევე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგზე. ოპოზიციამ გააცნობიერა ონლაინ პლატფორმების მნიშვნელობა და ფართოდ გამოიყენა სოციალური მედია. ინფლუენსერებმა და სოციალური მედიის კამპანიებმა ძირითად ტაქტიკად პოლიტიკური იუმორი აირჩიეს, რითაც პოლიტიკა ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის უფრო საინტერესო და ახლო გახადეს. ამან გაახალისა პოლიტიკური კამპანია, დაძაბულობა ცოტათი განმუხტა და ამით ყველა კმაყოფილი იყო, მათ შორის პოლიტიკოსებიც. რაღაც მომენტში სერიოზულ ინფორმაციასა და ხუმრობას შორის ზღვრის გავლებაც კი გახდა მნიშვნელოვანი, რადგან ამომრჩევლის გახალისება კი კარგია, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება და განათლებაც.

მედია კამპანიების დიდი ნაწილი დაგეგმილი არ ყოფილა, ისინი აუცილებლობიდან იშვა და ამ სპონტანურობიდან გამომდინარე გულწრფელი ჩანდა.

უნდა ითქვას, რომ მედია კამპანიების დიდი ნაწილი დაგეგმილი არ ყოფილა, ისინი აუცილებლობიდან იშვა და ამ სპონტანურობიდან გამომდინარე გულწრფელი ჩანდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ამომრჩევლებს თავიანთი თანატოლები და იმავე წრის ხალხი ესაუბრებოდა – ჯენ-ზისთან ჯენ-ზი ლაპარაკობდა მათთვის გასაგებ ენაზე და ისე არ ყოფილა, რომ “ახალგაზრდობისათვის” მასალები ბუმერებსა და მილენიალებს შეექმნათ. ციფრული პლატფორმების ამგვარმა გამოყენებამ არჩევნებზე წამსვლელთა რიცხვი გაზარდა.

ყოველივე ამას თუ შევაჯამებთ, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას მინდა ვუთხრა, რომ ამ არჩევნებიდან ასეთი გაკვეთილი ვისწავლეთ:

დარჩით საკუთარი თავის ერთგული. თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ხართ – თქვენი პლატფორმა დამაჯერებლად გამოიყენეთ: თუკი ცხოველების უფლებების დამცველი ხართ – პარტიების პროგრამები ამ მხრივ შეაფასეთ და ამომრჩევლებს გააგებინეთ, დარჩით თქვენთვის ისედაც მნიშვნელოვანი თემების ფარგლებში და ნუ გახდებით “პარტიული”. თუ პოლიტიკოსი ხართ – იპოვეთ თქვენი გამორჩეული “ხმა”, საკითხი, რომელიც გაღელვებთ, მიდგომა, რომელსაც დაიცავთ, თუკი აგირჩევენ. თუ ამომრჩეველი ხართ -გადაწყვიტეთ, რაა თქვენთვის მნიშვნელოვანი და ამის მიხედვით მიეცით ხმა. არჩევნები თქვენი მოთხოვნილებების, საჭიროებების, თქვენი ცხოვრებისა და თქვენი ქვეყნის იმედებისა და ოცნებების ასასრულებელ ინსტრუმენტად აქციეთ.

დიახ, ყოველი ქვეყანა თავისებურია, მაგრამ ჩვენი გამოცდილება გვასწავლის, რომ არალიბერალურ პოპულიზმთან ეფექტური ბრძოლა თუ გინდა, მნიშვნელოვანია მრავალფეროვნებაში ერთიანობის პოვნა, მოქალაქეებთან პირდაპირ ლაპარაკი და იმ კონკრეტული საკითხების წინ წამოწევა, რომლებიც ამომრჩეველს აწუხებს. პოლონეთის გამოცდილება მსგავსი სტრატეგიების დანერგვისა და განხორციელების შესაძლებლობას განსხვავებულ პოლიტიკურ გარემოშიც იძლევა.

  • როცა საქმე პოლიტიკურ პროცესებს ეხება, სამოქალაქო საზოგადოების როლი გადამწყვეტი, მაგრამ თან დელიკატურია. რა იყო სამოქალაქო საზოგადოების უმთავრესი მიზნები, როგორ შეინარჩუნეს მათ სანდოობა და როგორ მოახერხეს, დადებითი გავლენა მოეხდინათ ამომრჩევლის აქტივობაზე?

არჩევნებისთვის როცა ვემზადებოდით, ვიცოდით, რომ სამოქალაქო საზოგადოებას დიდი როლის თამაში მოუწევდა ამომრჩევლების განათლების და მობილიზაციისა და თავად საარჩევნო პროცესზე დაკვირვების კუთხით. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პოლონური სამოქალაქო საზოგადოება ისევეა პოლარიზებული, როგორც პოლიტიკური პარტიები: ზოგი ორგანიზაცია უფრო ღია იყო პოლიტიკურ თანამშრომლობისათვის, ზოგი ნაკლებად. რაც მთავარია, ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვერ დაველოდებოდით – მრავალი თვის განმავლობაში ისე ჩანდა, რომ ჩვენ უფრო მზად ვიყავით არჩევნებისთვის, ვიდრე პარტიები. ამავე დროს, ჩვენ გვესმოდა, რომ პოლიტიკური პარტიების სტრატეგიაზე გავლენას ვერ მოვახდენდით.

ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვერ დაველოდებოდით – მრავალი თვის განმავლობაში ისე ჩანდა, რომ ჩვენ უფრო მზად ვიყავით არჩევნებისთვის, ვიდრე პარტიები.

ბუნებრივია, დროდადრო სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან ურთიერთობა უწევდათ, ჩვენი ურთიერთქმედება ზოგჯერ წარმატებული იყო და ზოგჯერ – არც ისე. ამას პარტნიორობას ვერ დავარქმევდი. ეს ნათლად გამოჩნდა გამომკითხველებისა და საარჩევნო დამკვირვებლების შერჩევისას. ფაქტობრივად, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა აიღეს თავზე ამომრჩევლის ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები, აუხსნეს მათ, როგორ შეეძლოთ ზეგავლენის მოხდენა საარჩევნო დღის რიგიანად ჩატარებაზე, შეაგროვეს მათი მონაცემები და ზოგჯერ გაწვრთნეს კიდეც. 25 ათასამდე ადამიანი შემოუერთდა არასამთავრობოების მიერ ორგანიზებულ ინტერნეტ პორტალს, სადაც შეეძლოთ, აერჩიათ, თუ რით სურდათ დახმარება არჩევნების დღეს და რომელი პარტიის მხარში დგომა ერჩივნათ.

თუმცა, როცა ეს მოხალისეები პოლიტიკურ პარტიებს გადავაბარეთ, მათ კვირების განმავლობაში არავინ დაჰკავშირებია და ეს მობილიზებული ხალხი კინაღამ იმედგაცრუების გამო დავკარგეთ. ესაა გაკვეთილი: პარტიებთან თანამშრომლობა საჭიროა, მაგრამ, მათ პრობლემებზე და ჩავარდნებზე ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ, თუ მოქალაქეების ნდობის შენარჩუნება გვინდა.

ნდობის შენარჩუნებაზე კი ბევრი ჩვენგანი ღელავდა. მზარდად პოლარიზებულ საზოგადოებაში ჩვენი იმიჯი ფრიად დაზარალდებოდა, თუკი ხალხი ჩათვლიდა, რომ საზოგადოებას კი არ ვემსახურებოდით, არამედ პოლიტიკური სცენის ერთ მხარეს ვირჩევდით. იცით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასაც მსგავსი პრობლემა აღელვებს და ცდილობს, პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. გრძელვადიან პერიოდში ხალხის ნდობა რომ არ დაგვეკარგა, პოლონეთში ვცდილობდით, პოლიტიკოსებისგან დამოუკიდებლობისათვის ყოველთვის გაგვესვა ხაზი, იმისდა მიუხედავად, რომ გარკვეული მიზნები საერთო გვქონდა.

პოლონეთის უაღრესად პოლარიზებული პოლიტიკური სისტემა სამოქალაქო საზოგადოებისთვის პრობლემა იყო. უზარმაზარი, შეგნებული ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორივე პოლიტიკურ პოლუსთან შეგვენარჩუნებინა ურთიერთობა. ხშირად ჩვენს წერილებს, ჩვენს მოწვევებს არც პასუხობდნენ. ოღონდ, ჩვენი გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალისხმევა გავიღეთ და სამომავლო, არჩევნების შემდგომი ურთიერთობისათვის ერთი აგური დავდეთ.

დიალოგში შესვლის მცდელობა აუცილებელია მაშინაც კი, თუკი მეორე მხარე არ გელაპარაკება. კომუნიკაციის მუდმივ მცდელობას მაინც დაიმახსოვრებენ და ამგვარად სამოქალაქო საზოგადოება ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საფუძველს ქმნის.

როცა საზოგადოება პოლარიზებულია, ხიდების შენება რთული ამოცანა ხდება. შედეგები მაშინვე არ მოდის, მაგრამ მთავარი გრძელვადიანი შედეგია. დიალოგში შესვლის მცდელობა აუცილებელია – მაშინაც კი, თუკი მეორე მხარე არ გელაპარაკება. კომუნიკაციის მუდმივ მცდელობას მაინც დაიმახსოვრებენ და ამგვარად სამოქალაქო საზოგადოება ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საფუძველს ქმნის, რამაც ერთ დღესაც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებაც შეიძლება მოიტანოს.

  • ამომრჩევლის თაობათა ცვლამ პოლიტიკურ დისკურზე კამპანიის დროსაც და არჩევნების შემდეგაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. თავიდან გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ახალგაზრდებს არჩევნები არ აინტერესებდათ. თუმცა ცხადი გახდა, რომ ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს არჩევნების შედეგის განსაზღვრაში. რა გავლენა მოახდინა ახალგაზრდების კულტურულმა თუ რელიგიურმა მახასიათებლებმა მათ ქცევაზე?

ეჭვგარეშეა, რომ პოლონეთში რელიგიურობა იკლებს: 2021 წლის საყოველთაო აღწერით, 2010 წელთან შედარებით კათოლიკედ თავს ექვსი მილიონით ნაკლები ადამიანი თვლიდა. ეს ცვლილება საყურადღებოა, მაგრამ მობილიზაციაზე უფრო მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა მოახდინა, რომლებიც ახალგაზრდებს პოლიტიკის მიმართ აპათიურად სახავდა. გამოკითხვების თანახმად, ახალგაზრდა მამაკაცები ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანულ “კონფედერაციას” მისცემდნენ ხმას, ახალგაზრდა ქალები კი სულაც არ წავიდოდნენ საარჩევნო უბნებზე. ამ უარყოფითმა პროგნოზებმა სამოქალაქო საზოგადოებას დაუყოვნებელი მოქმედებისკენ უბიძგა.

შესაბამისად, დიდი ძალისხმევა დაიხარჯა ახალგაზრდა ამომრჩევლებთან კავშირის აღსადგენად. გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის იმის ახსნას, რომ არჩევნები რაღაც აბსტრაქტული მოვლენა კი არაა, არამედ ამას ხელშესახები გავლენა აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამის შეგნება ახალგაზრდებში 2020 წლის აბორტის მომხრე საპროტესტო აქციების დროს გაჩნდა, როდესაც სახელმწიფოს ჩარევა ხალხის ცხოვრებაში საგრძნობი გახდა. ბევრი გაუჩნდა ეჭვი, რომ ვეღარ შეძლებდა საკუთარ ნაჭუჭში (თუ “ბაბლში”) ცხოვრების გაგრძელებას. ხალხი მიხვდა, რომ რაც არ უნდა ეცადო მთავრობისგან გაქცევას – კერძო ჯანდაცვით, კერძო განათლებით თუ საზღვარგარეთ დასვენებით – სახელმწიფო მაინც მოახერხებს თქვენს ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას, თუკი მოინდომებს.

იდი ძალისხმევა დაიხარჯა ახალგაზრდა ამომრჩევლებთან კავშირის აღსადგენად. გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის იმის ახსნას, რომ არჩევნები რაღაც აბსტრაქტული მოვლენა კი არაა, არამედ ამას ხელშესახები გავლენა აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

როცა ეს მოხდა, ჰორიზონტზე არჩევნების აღქმის ცვლილების შესაძლებლობაც აკიაფდა. არასამთავრობო სექტორის მთავარი გზავნილი იყო, რომ არჩევნები უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული პოლიტიკური პარტიები, ისინი ეხება ყოველი მოქალაქისთვის სასიცოცხლოდ და პიროვნულად მნიშვნელოვან საკითხებს. ამას დიალოგი მოჰყვა – სულ უფრო მეტმა პოლონელმა ჩათვალა, რომ არჩევნებზე პარტიებს სწორედ პირადად მათთვის მნიშვნელოვან, მათ მიერ შერჩეულ საკითხებზე უნდა ესაუბრათ.

სოციალური მედიისა და ამომრჩეველზე გასვლის სხვა სტრატეგიების გამოყენებით, არჩევნებზე წასვლა მოდაში შემოვიდა და ისეთ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს დაუკავშირდა, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ქალთა უფლებები. TikTok-ისნაირი პლატფორმებისა და ე.წ. ინფლუენსერების  გავლენამ განაპირობა, რომ თავად ახალგაზრდებმა აიღეს ხელში პოლიტიკური გზავნილების ფორმირება და ამან კიდევ უფრო შეცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი. ქვემოდან წამოსულმა ღონისძიებებმა, სოციალური მედიის აქტიურმა გამოყენებამ უზრუნველყო, რომ სწორედ ახალგაზრდები ელაპარაკებოდნენ თავიანთ თანატოლებს, აღარ იყო განცდა, რომ ასაკით უფროსი და ზოგჯერ უფრო პროფესიონალური ჯგუფები და ორგანიზაციები მათ საკუთარ დღის წესრიგს ახვევდნენ თავს.

საარჩევნო მობილიზაციის კამპანიები მრავალფეროვანი და შემოქმედებითი იყო – „გაჩუმება უკვე ვცადეთ”; გაიგენი გზა („Orientuj się”) – ეს მხოლოდ ორი მაგალითია TikTok-სა და ინსტაგრამზე წარმოებული კამპანიებისა. კორპორაციული პროექტებიდან დაწყებული კაფეებში მეგობრების მიერ წამოწყებული სპონტანური მცდელობებით დამთავრებული, ამ კამპანიებმა აჩვენა, რომ მოქალაქეთა ჩართულობა არ საჭიროებს მნიშვნელოვან ბიუჯეტს და მასზე მუშაობა ყველას შეუძლია. ონლაინ და “ცოცხალი” სტრატეგიების შერწყმამ, კამპანიის გახანგრძლივებულ პერიოდთან ერთად, მოქალაქეების მონაწილეობა და მათთან მუშაობა მრავალფეროვანი გახადა – თუნდაც მუსიკალური ფესტივალების სახით.

თავდაპირველად მიზნად უფრო სტრუქტურირებული მიდგომა გვქონდა დასახული, მაგრამ აქტივიზმის დინამიკურმა ბუნებამ განაპირობა, რომ კამპანიას უფრო სპონტანური, რეაქციული ხასიათი ჰქონდა და სხვადასხვა მხრიდან მოდიოდა.

ამომრჩევლებისთვის ერთი რამე მაქვს სათქმელი: ილაპარაკეთ და ჩაერთეთ პროცესში, თვითონ წარმართეთ პროცესები და ნახავთ, რომ მცირე საქმესაც შეიძლება დიდი შედეგი მოჰყვეს.

ამომრჩევლებისთვის ერთი რამე მაქვს სათქმელი: ილაპარაკეთ და ჩაერთეთ პროცესში, თვითონ წარმართეთ პროცესები და ნახავთ, რომ მცირე საქმესაც შეიძლება დიდი შედეგი მოჰყვეს. მსგავსად, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შეძლოს დაგეგმვასა და მოქნილობას შორის ბალანსის პოვნა, იმის გაცნობიერება, რომ კამპანიის დროს გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს და მიმდინარე მოვლენებთან ადაპტირების უნარია მთავარი.

  • პოლონურ დიასპორაშიც მსგავსად განვითარდა მოვლენები?

დიასპორამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მათ არა მხოლოდ საკუთარი მონაწილეობა უზრუნველყვეს არჩევნებში, არამედ თავად არჩევნების ორგანიზებაშიც აქტიურად ჩაერთნენ. პოლონელებისთვის უცხოეთიდან ხმის მიცემა მარტივი არ არის, საარჩევნო უბნები მიმოფანტულია, მათი პოვნა არაა ადვილი, თანაც საჭიროა აქტიური რეგისტრაცია უბანზე, ხმის მიცემა რომ შეძლონ.

საგარეო სამინისტროსთან თანამშრომლობა სრულყოფილი არ იყო, მაგრამ დიასპორის ორგანიზაციებმა სადავეები საკუთარ ხელში აიღეს. რიგით მოქალაქეებთან ერთად მათ ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის პოლონელებით ჭარბად დასახლებულ ადგილებში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა მოახერხეს. ამისთვის მათ არამხოლოდ უბნებისთვის ფიზიკური სივრცეები იპოვეს, არამედ საარჩევნო უბნის პერსონალიც მოიძიეს და გაწვრთნეს კიდეც. ამგვარად გაადვილდა საარჩევნო უბნებზე წვდომა და ის საბაბიც მოაკლდა მოყოყმანე ამომრჩეველს, რომ საარჩევნო უბნის მოძიება გვიჭირსო. თავად პოლიტიკოსებმა აქტიური კამპანია აწარმოეს საზღვარგარეთ, გააცნობიერეს რა საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებთან პირდაპირი ურთიერთობის მნიშვნელობა – სოციალური ქსელებისა და თავად პოლონეთში გამართული კამპანიის მიღმა.

ორგანიზაციული ძალისხმევის გარდა, ხალხმა გულწრფელად დაიჯერა, რომ ვითარების შეცვლა შეეძლოთ – მათ გამოავლინეს ინიციატივა და მანამდე არ გაჩერდნენ, სანამ გადაწყვეტილების მიმღებმა ხალხმა ყურადღება არ მიაქცია.

  • არჩევნების შედეგებს თუ მივუბრუნდებით, რა არის მთავარი გამოწვევა დონალდ ტუსკის ახალი მთავრობისთვის?

პირველ რიგში, არსებითი მნიშვნელობა აქვს მოლოდინების მართვას, არჩევნების შემდგომი რამდენიმე შესაძლო სცენარის შესახებ კომუნიკაციას, რათა ამომრჩევლები შეამზადონ. მართალი გითხრათ, ამ მხრივ ცოტა მოვიკოჭლებდით, რადგან არჩევნების შედეგი ცოტა არ იყოს მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენთვის და იმიტომაც, რომ ჩვენი პოლიტიკური გარემო რთულად პროგნოზირებადია.

მიუხედავად ოპოზიციის გამარჯვებისა, რეალობა ისაა, რომ ვითარებას სრული 180-გრადუსით არ შეცვლილა. ანჯეი დუდას მიმდინარე პრეზიდენტობა ცხოვრებას ურთულებს ტუსკის მთავრობას, რომელსაც წინ რთული გზა ელის – 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მაინც. უმნიშვნელოვანესია ამაზე ამომრჩეველთან კომუნიკაცია, რადგან მობილიზებული ამომრჩეველი მყისიერ და შორსმიმავალ ცვლილებების მოელის. მათთვის აუცილებლად გამჭვირვალე უნდა იყოს, რაზე მუშაობს მთავრობა მიმდინარე მომენტში.

მობილიზებული ამომრჩეველი მყისიერ და შორსმიმავალ ცვლილებების მოელის. მათთვის აუცილებლად გამჭვირვალე უნდა იყოს, რაზე მუშაობს მთავრობა მიმდინარე მომენტში.

ტუსკის მთავრობის პირველი თვის გამოცდილებით, ნათელი იყო, რომ პრეზიდენტი დუდა გარკვეული სამთავრობო ინიციატივებისათვის ხელის შეშლას შეეცდებოდა. უშუალოდ არჩევნების დასრულების შემდეგ არსებობდა იმედი, რომ პრეზიდენტი კერძო ინტერესზე და “კანონისა და სამართლიანობის” პარტიულ მოთხოვნებზე წინ ქვეყნის ინტერესს დააყენებდა, რაც მთავრობის სხვადასხვა შტოს შორის თანამშრომლობასა და კომპრომისებს მოითხოვს. სამწუხაროდ, ახლა ისეთი სცენარი ვითარდება, რომელიც პოლონეთს პოლიტიკური დაპირისპირებისაკენ უბიძგებს და რაც კანონის უზენაესობის სფეროში შექმნილი მძიმე კრიზისის გაგრძელებაა.

ერთი მიმართულება, რომელსაც მთავრობის შეცვლა დიდად არ შეხებია, საგარეო პოლიტიკაა. საგარეო პოლიტიკის კუთხით, არჩევნების შედეგების მიუხედავად, ევროკავშირის, ტრანსატლანტიკური ალიანსის, უკრაინისა და რეგიონული სტაბილურობისადმი ერთგულება ურყევი რჩება. ტუსკის მთავრობა, ბუნებრივია, შეეცდება ვარშავასა და ბრიუსელს შორის დაძაბულობის განმუხტვას და მოახერხებს პოლონეთის, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის დაბრუნებას, რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის სამაგალითოს გახდის ჩვენს ქვეყანას. საგარეო პოლიტიკის უწყვეტობა დადებითი რამაა და ამცირებს შიშებს, რომ პოლიტიკური კურსი რადიკალურად შეიცვლება.

საგარეო პოლიტიკის კუთხით, არჩევნების შედეგების მიუხედავად, ევროკავშირის, ტრანსატლანტიკური ალიანსის, უკრაინისა და რეგიონული სტაბილურობისადმი ერთგულება ურყევი რჩება.

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების ირგვლივ არსებული ეიფორიის მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივიდან აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ნამდვილი სამუშაო ახლა იწყება. ახლა ყურადღება გასამახვილებელია გამარჯვებულის პასუხისმგებლობასა და ახალი მთავრობის მუშაობის ზედმიწევნით მონიტორინგზე, ახალ გარემოში უფრო ეფექტური, თანამშრომლობაზე დამყარებული პარტნიორობის ჩამოყალიბების მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button