რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ გრემისხევთან სანგარსავალს თხრიან
7 იანვარს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ფოტოსურათი, რომელზეც ჩანს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საბრძოლო სანგარსავალის გათხრის პროცესი. სანგრებს ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევთან ახლოს მდებარე საგუშაგოსთან თხრიან.
ქაცარავას თქმით, საოკუპაციო ძალების მიერ სანგარსავალის მოწყობის პროცესი ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო. „ეს წარმოადგენს გარკვეული ტიპის მზადებას, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ საოკუპაციო რეჟიმი არ ჩერდება მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენ გვიმტკიცებს, რომ ისინი პრაგმატულ პოლიტიკას ეწევიან“, – განაცხადა ქაცარავამ ტელეკომპანია „მთავართან“ საუბრისას.
„სამოქალაქო საქართველომ“ კომენტარისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ „მორიგ დესტრუქციულ ქმედებასთან“ დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულები არიან უცხოელი პარტნიორები. სუს-ის განცხადებით კონკრეტულ მონაკვეთზე საგუშაგოების გამაგრების პროცესი ახალი არ არის და წელიწადნახევრის წინ დაიწყო. სუს-ის თქმით, აღნიშნულ საკითხს განიხილავენ ერგნეთისა და ჟენევის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრებზე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის სიახლოვეს მიმდინარე უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი 2022 წლის აგვისტოში დაიწყო. ამ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებს მოწყობილი აქვთ მუდმივმოქმედი დიდი საგუშაგო, ე.წ. წინ წაწეული ოპერატიული ბაზა. ქაცარავას თქმით, განსაკუთრებით აქტიურობა ოკუპაციის ხაზის გასწვრივ რუსეთი „ოკუპაციის ახალი გეგმის“ ნაწილია. გეგმის მიზნი კი “დამატებით 208 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციაა”, რომელიც მოიცავს ზემო რაჭას,ზემო იმერეთს, შიდა ქართლს და მცხეთა-მთიანეთს.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/11/2023 – რუსეთს სურს, რომ თბილისმა „ახალი გამწვავებების“ თავიდან აცილების მიზნით საოკუპაციო ხაზის „დელიმიტაციის“ პროცესი დაიწყოს
- 07/11/2023 – სოციალური სამართლიანობის ცენტრი: სუსტია ხელისუფლების ძალისხმევა, უზრუნველყოს უსაფრთხოება საოკუპაციო ხაზთან
- 26/10/2023 – უსაფრთხოების სამსახური სოფელ მლეთის მახლობლად რუსი სამხედროების გამოჩენას ეხმიანება
- 30/08/2023 – რუსეთის საოკუპაციო ძალები ცხინვალის საოკუპაციო ხაზს ამაგრებენ
- 14/06/2023 – სუსი ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ „ბორდერიზაციის“ შესახებ იტყობინება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)