ახალი ამბები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: სუსტია ხელისუფლების ძალისხმევა, უზრუნველყოს უსაფრთხოება საოკუპაციო ხაზთან

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 7 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა.  

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკა ოკუპაციის და განგრძობადი კონფლიქტის თანამდევი მძიმე შედეგია, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას მუდმივი შიშის და საფრთხის ქვეშ ამყოფებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელობას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალი რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

„სამწუხაროდ, სუსტია საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების პრევენციის  მიზნით“, – აცხადებს ორგანიზაცია. „ამ დრომდე, გამყოფი ხაზის სოფლებში არ ფუნქციონირებს ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს საფრთხეების დროული იდენტიფიცირებისა და პრევენციული ზომების მიღების შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნულ სოფლებში არასაკმარისია საპოლიციო მუშაობაც. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული 2022 წლის რაოდენობრივი კვლევის შესაბამისად, ცხინვალის მიმართულებით გამყოფი ხაზის სოფლების 63%-ში არ არის პოლიციის განყოფილება, ამავე სოფლების 39%-ში კი პოლიცია არ პატრულირებს“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • დაიწყოს გამოძიება თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე და უზრუნველყოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და დასჯა;
  • გააძლიეროს ძალისხმევა დაკავებული ლევან დოთიაშვილის დროული გათავისუფლების მიზნით;
  • საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში დაუყოვნებლივ დანერგოს ადრეული შეტყობინების სისტემა და არსებითად გააძლიეროს ამ სოფლებში საპოლიციო მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვის მიზნით;
  • გააძლიეროს საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური და დიპლომატიური მუშაობა საქართველოში რუსეთის ოკუპაციისა და მისგან მომდინარე მასობრივი უფლების დარღვევის ფაქტების აღიარებისა და რუსეთზე საგარეო პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერების მიზნით. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით პოლიტიკური ძალისხმევა შემცირებული და დასუსტებული ჩანს;
  • გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები აგვისტოს ომის შემდეგ უფლების დარღვევის უმძიმესი ფაქტებზე დავისთვის და მსხვერპლების ინტერესების დაცვისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button