რელიგია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კრემლის ომს დაუჭირა მხარი, რამაც არაერთ ქვეყანაში მის ლეგიტიმაციას პრობლემა შეუქმნა, მათ შორის ესტონეთში, სადაც მცირერიცხოვანი მართლმადიდებელი თემია.
მამუკა კომახია პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკას იკვლევს
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
- გასულ ათწლეულებში რუსეთმა აჩვენა, რომ შეუძლია მართლმადიდებელი ეკლესიების საშუალებით, ეთნიკური რუსების მობილიზება ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის ესტონეთშიც, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 24% ეთნიკურად რუსია.
- უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პროკრემლისტურმა დამოკიდებულებამ, ესტონეთის მსგავს ქვეყნებში რუსული ეკლესიის საქმიანობის საკითხი ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოწვევად აქცია.
- რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში მხოლოდ რელიგიურ ჭრილში არ განიხილება. ამიტომაც, ესტონეთის ხელისუფლების ზეწოლა მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე რუსეთის ეკლესიისა და კრემლის პოლიტიკური გავლენის შემცირების კონტექსტში ჯდება.
- რუსეთის პოლიტიკურ და რელიგიურ გავლენასთან ბრძოლაში ესტონეთის ხელისუფლება მოკავშირედ განიხილავს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი ესტონეთის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ხელისუფლების განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.
- ესტონეთის მცირერიცხოვან მართლმადიდებელ თემზე გავლენისთვის ბრძოლა კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის მიმდინარე ისტორიული დაპირისპირების კონტექსტშიც ჯდება. 2019 წელს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ, ეს ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა და მართლმადიდებელ სამყაროში დიდი რელიგიური განხეთქილების დაწყების მიზეზი გახდა.
ორი მართლმადიდებელი ეკლესია
ესტონეთი ტრადიციულად ლუთერანული ქვეყანაა, თუმცა დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი რელიგიურად არ მიიჩნევს თავს. 2011 წლის მონაცემებით, ესტონელების მხოლოდ 19.5% და ესტონელი რუსების მხოლოდ ნახევარი მიაკუთვნებდა საკუთარ თავს რომელიმე რელიგიურ ჯგუფს.
ესტონეთში ორი მართლმადიდებელი საეკლესიო სტრუქტურა ფუნქციონირებს: მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია (ემე) და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია (ემსე). ესტონეთის რუსულენოვანი მოსახლეობა თავს უფრო პირველ რელიგიურ სტრუქტურას მიაკუთვნებს, ესტონელები კი – კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს.
2011 წლის აღწერით, მართლმადიდებლები მოსახლეობის დაახლოებით 16%-ს შეადგენდა, რაც 176 773 კაცი იყო. აქედან 85%, ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა, ემე-ის მრევლი იყო. ბოლო წლების მონაცემებით, ემსე-ის მრევლის რაოდენობა, დაახლოებით, 34 ათასამდეა.
ისტორიული კონტექსტი
- ადრეული პერიოდი: ესტონეთში, სადაც ადრე ძირითადად ლუთერანები ცხოვრობდნენ, მართლმადიდებლობა შუა საუკუნეებში რუსეთიდან იწყებს შესვლას. მე-XVIII-XIX საუკუნეებში, ესტონეთის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში, მართლმადიდებლობა კიდევ უფრო გავრცელდა.
- მსოფლიო ომებს შორის პერიოდი: 1918 წელს ესტონეთის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. რუსეთში 1920 წელს ბოლშევიკური ტერორი მძვინვარებდა და ამ პირობებში მოსკოვის პატრიარქმა ტიხონმა ემე-ს თვითმმართველი ეკლესიის სტატუსი მიანიჭა. საბჭოთა კავშირში რელიგიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიები პირობებში, ემე-სა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის დაიკარგა კავშირები. ამიტომაც, ემე-მ მფარველობისთვის მსოფლიო პატრიარქს მიმართა, რომელმაც 1923 წელს, ემსე ავტონომიური სტატუსით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციას დაუქვემდებარა.
- ოკუპაციის შემდგომი/საბჭოთა პერიოდი: 1940 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ ესტონეთის ოკუპაციის შემდეგ, ესტონელი მართლმადიდებლები კვლავ მოსკოვის საპატრიარქოს დაუქვემდებარეს. საბჭოთა რეპრესიებს გადარჩენილმა ემსე-ის სამღვდელოებამ კი 1944 წელს ქვეყანა დატოვა და სტოკჰოლმში დაიდო ბინა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდი და დაპირისპირება
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ესტონეთის მართლმადიდებელ თემში დაპირისპირება დაიწყო. ესტონეთში დაბრუნდა დევნილობაში მყოფი ემსე, რომელიც 1993 წელს ესტონეთის შს სამინისტრომ სწრაფადვე დაარეგისტრირა, როგორც ესტონეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესია. ქვეყნის მასშტაბით არსებული მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების მესაკუთრე სწორედ ემსე გახდა. ამავე დროს, შს სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს უარი უთხრა ემე-ის რეგისტრაციაზე, რადგან მათი შეფასებით, სახელი ძალიან ჰგავდა ემსე-ის სახელს.
ამ დაპირისპირების ფონზე, 1993 წელს, რუსეთის პატრიარქმა ალექსეი II-მ ტომოსით დაადასტურა ემე-ის თვითმმართველი ეკლესიის სტატუსი, რომელიც ეკლესიას ჯერ კიდევ 1920 წელს უბოძა მოსკოვის პატრიარქმა.
ემე-სა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა ემსე უზურპაციაში დაადანაშაულეს, ესტონეთის ხელისუფლება კი – საეკლესიო საქმეებში ჩარევაში. რუსეთის საგარეო უწყებაც ხშირად ადანაშაულებდა ესტონეთს რუსულენოვანი მორწმუნეების უფლებების დარღვევაში.
ამ კონფლიქტის კულმინაციად იქცა 1996 წელი, რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსეთის მართლმადიდებულმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან გაწყვიტა ევქარისტული კავშირი და მოსკოვის პატრიარქმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის სახელი დიპტიხიდანაც ამოიღო. ამის საბაბად ის იქცა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ემსეს ტომოსი უბოძა და ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაუქვემდებარა. რუსეთის პატრიარქის, ალექსეი II-ისათვის, რომელიც ესტონეთში იყო დაბადებული და ეს გადაწყვეტილება პირადადაც მიუღებელი იყო.
ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად საბოლოოდ კომპრომისული შეთანხმება მიიღწა. 1996-2001 წლებში კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს ციურიხში, ჟენევაში, ვენასა და ბერლინში. ემსე-მ უარი თქვა უძრავი ქონების სადავო ობიექტებზე – 14 ტაძარსა და კიდევ 4 შენობაზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ, რომელმაც ისინი ემე-ს 50 წლით გადასცა სარგებლობის უფლებით. ემე-ს ოფიციალურად ეწოდა მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია (ემე) და 2002 წლის 17 აპრილს შს სამინისტრომ საბოლოოდ დაარეგისტრირა ემე. 60 სამწყსო ემსე-ის იურისდიქციაში მოექცა, 31 – ემე-ის.
შერიგების სიმბოლოდ იქცა 2003 წელს რუსეთის პატრიარქ ალექსეი II-ის ვიზიტი ისტორიულ სამშობლოში. თუმცა კონსტანტინეპოლთან ევქარისტიული კავშირი მოსკოვის საპატრიარქომ ხელახლა გაწყვიტა 2019 წელს, მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია უბოძა.
ლატვია: სახელმწიფოს ბრძოლა ავტოკეფალიისთვის
მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია დღეს
საეკლესიო კანონების მიხედვით ემე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში თვითმმართველი ეკლესიის სტატუსს ფლობს, ისევე როგორც ლატვიისა და მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიები, ასევე უცხოეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. 2018 წლიდან ეკლესიის წინამძღოლია ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტი ევგენი (რეშეტნიკოვი), რომელიც ეკლესიას ემე-ის კრების საშუალებით მართავს. აღნიშნული ორგანო ახორციელებს უმაღლეს საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და მაკონტროლებელ ფუნქციას. ემე-ის წინამძღოლს ირჩევს ემე-ის კრება და მოვალეობის შესრულებას მხოლოდ მას შემდეგ იწყებს, რაც მის არჩევას დაადასტურებს რუსეთის პატრიარქი.
ემე-ის იურისდიქცია მხოლოდ ესტონეთის ტერიტორიაზე ვრცელდება და ორ ეპარქიას აერთიანებს, ტალინისა და ნარვის, რომელიც 2011 წელს შეიქმნა. ნარვა ესტონეთში ტალინისა და ტარტუს შემდეგ სიდიდით მესამე ქალაქია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად რუსები არიან.
ამჟამად მოსკოვის საპატრიარქოს 38 სამწყსო ექვემდებარება, სასულიერო პირთა რაოდენობა კი დაახლოებით 60-ია, მათ შორის სამი ეპისკოპოსი. ემსე-ს 68 სამწყსო ექვემდებარება, თუმცა მრევლის რაოდენობა გაცილებით ნაკლებია.
რა შეიცვალა უკრაინაში ომის განახლების შემდეგ?
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ესტონეთისთვის რუსეთი მთავარი საფრთხის წყაროა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 1.3 მლნ მაცხოვრებელიდან, დაახლოებით, 24% ეთნიკურად რუსია, რომლის ინტეგრაციის ხარისხი დაბალია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ესტონეთში რუსეთთან დაკავშირებული ორგანიზაციები თუ მედია საშუალებები ხელისუფლების განსაკუთრებული სამიზნე გახდნენ. ამ მხრივ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ემე, რომელიც ომამდე მეტნაკლებად ახერხებდა პოლიტიკისგან დისტანცირებას, თუმცა ომის დაწყების შემდეგ მისგან უფრო მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ.
ომის დაწყების შემდეგ მიტროპოლიტი ევგენი ესტონეთის ეკლესიათა საბჭოს განცხადებას შეუერთდა, რომელიც გმობდა „უკრაინაში საშინელ მოვლენებს“ და რუსეთის სამხედრო მოქმედებებს. თუმცა, მისი ეს და შემდგომი განცხადებები ესტონეთის ხელისუფლებისთვის არ აღმოჩნდა დამაჯერებელი. ემე-ის წინააღმდეგ მედიაშიც გახშირდა სტატიები, პოლიტიკურმა პარტიამ – „სამშობლო“ კი, ემე-ის აკრძალვა მოითხოვა.
2022 წლის 7 ოქტომბერს შს მინისტრმა მიტროპოლიტ ევგენის მოსთხოვა სახელმწიფო მედიაში გამოეთქვა თავისი მოსაზრება იზიარებდა თუ არა იგი რუსეთის პატრიარქ კირილის მიერ 25 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას. კირილმა ქადაგების დროს განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილე რუს სამხედროებს მიეტევებოდათ ცოდვები. მიტროპოლიტს პოზიციის გამოთქმისთვის საბოლოო ვადად 12 ოქტომბერი განუსაზღვრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბინადრობის მოწმობის ჩამორთმევით დაემუქრნენ, რასაც მისი რუსეთში დეპორტაცია მოჰყვებოდა.
12 ოქტომბერს მიტროპოლიტი კირილის განცხადებას გაემიჯნა. ამის შემდეგ ესტონეთის შს სამინიტრომ განაცხადა, რომ ემე არ წარმოადგენდა ქვეყნისთვის საფრთხეს. ემე ცდილობს თავი აირიდოს ბრალდებები სახელმწიფოს მხრიდან და მაქსიმალურად ცდილობს დაემორჩილოს ხელისუფლების მოთხოვნებს.
ემე-ის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც 2023 წლის 9 ივნისს ესტონეთში მაგნიტსკის სია განაახლეს და ქვეყანაში შესვლა რუსეთის 58 მოქალაქეს აუკრძალეს, მათ შორის კირილს, რომელიც ესტონეთში პუტინის იდეოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მხარდამჭერად ითვლება.
გამოწვევების მიუხედავად ემე ამ ეტაპზე არ გეგმავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან ავტოკეფალიის მოთხოვნას. ამის გაკეთებას ლატვიისგან განსხვავებით, არც ესტონეთის ხელისუფლება ითხოვს.
რას უნდა ველოდოთ?
ნაკლებად რელიგიურ ესტონეთში მართლმადიდებლები მოსახლეობის მცირე ნაწილს წარმოადგენენ, თუმცა ისინი ყველაზე დიდი რელიგიური ჯგუფია. მოსკოვის საპატრიარქოს ემე-ის რუსული კავშირების გამო, სახელმწიფო შეეცდება ემე-ში მიმდინარე პროცესები თუ მათი ლიდერების განცხადებები მკაცრად გააკონტროლოს და არ დაუშვას ემე-ის მიერ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელება.
ლატვიისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე არ უნდა ველოდოთ, ესტონეთის ხელისუფლების მხრიდან ემე-ის ავტოკეფალიის მოთხოვნას. თუმცა, ესტონეთის ხელისუფლება შეეცდება მაქსიმალურად შეზღუდოს ემე-ის მოქმედების არეალი და ხელი შეუწყოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემსე-ის გაძლიერებას. რაც საბოლოო ჯამში კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში რუსეთის ეკლესიის გავლენას შეასუსტებს.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და ესტონეთს შორის ურთიერთობის მაღალი ხარისხის გამოვლინება იყო 2023 წლის სექტემბერში მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეს რიგით მეორე ვიზიტი ესტონეთში (მისი პირველი ვიზიტი 2000 წელს შედგა). არსებულ კონტექსტში ბართლომეს ვიზიტს სიმბოლური დატვირთვაც აქვს და რუსეთისთვის პირდაპირი მინიშნებაა, რომ ესტონეთში მხოლოდ იმ მართლმადიდებლებს მიესალმებიან, რომლებიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არიან.