რელიგია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კრემლის ომს დაუჭირა მხარი, რამაც არაერთ ქვეყანაში მის ლეგიტიმაციას პრობლემა შეუქმნა, მათ შორის ლატვიაში, სადაც მცირერიცხოვანი მართლმადიდებელი თემია.
მამუკა კომახია პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკას იკვლევს
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
- გასულ ათწლეულებში რუსეთმა აჩვენა, რომ შეუძლია მართლმადიდებელი ეკლესიების საშუალებით, ეთნიკური რუსების მობილიზება ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის ლატვიაშიც, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 24% ეთნიკურად რუსია.
- უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრემლზე დამოკიდებულებამ, ლატვიის მსგავს ქვეყნებში რუსულ ეკლესიაზე დამოკიდებულების საკითხი ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოწვევად აქცია.
- რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კრემლის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად აღიქმება და მისი საქმიანობა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში მხოლოდ რელიგიურ ჭრილში არ განიხილება. ამიტომაც, ლატვიის ხელისუფლების ინიციატივა ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ რუსეთის ეკლესიისა და კრემლის პოლიტიკური გავლენის შემცირების კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
თვითმმართველი ეკლესია
საეკლესიო კანონების მიხედვით, ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია (ლმე) რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (რმე) შემადგენლობაში თვითმმართველი ეკლესიის სტატუსს ფლობს, ისევე, როგორც ესტონეთისა და მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიები, ასევე უცხოეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
1990 წლიდან ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი რიგისა და სრულიად ლატვიის მიტროპოლიტი ალექსანდრეა (ალექსანდრ კუდრიაშევი).
ეკლესიის დაფუძნება და ისტორიული კონტექსტი
ძირითადად ლუთერანებისა და კათოლიკეების ქვეყანაში, მართლმადიდებლები მცირე რაოდენობით შუა საუკუნეებშიც ცხოვრობდნენ. მართლმადიდებლობის უფრო აქტიური გავრცელება XVIII საუკუნის ბოლოსკენ, რუსეთის იმპერიის მიერ ლატვიის ტერიტორიის დაპყრობის შემდეგ იწყება, თუმცა მართლმადიდებლობა ლატვიის ტერიტორიაზე მაინც უმცირესობის რელიგიად რჩება.
1836 წელს ლატვიის ტერიტორიაზე ფსკოვის ეპარქიის რიგის სავიკარო დაფუძნდა, 1850 წელს კი – დამოუკიდებელი ეპარქია. 1921 წელს ლატვიის ეკლესიამ მოსკოვისაგან თვითმმართველობა და შიდა საქმეების ავტონომიურად წარმოების უფლება მიიღო. ამ დროისთვის ლატვია უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო.
1936 წლიდან, მცირე ხნით, ლმე მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებაში გადავიდა. 1940-იანი წლებიდან ლატვია საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლი გახდა. საბჭოთა პერიოდი კი რელიგიურ სფეროში რეპრესიებით გამოირჩეოდა, რის გამოც ეკლესიის საკითხმა აქტუალობა დაკარგა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს რუსეთის პატრიარქ ალექსეი II-ის მიერ გამოცემული ტომოსის საფუძველზე, ლმე-მ კვლავ მოიპოვა თვითმმართველობის უფლება, რაც გულისხმობს საეკლესიო-სამეურნეო, საეკლესიო-ადმინისტრაციულ, სასკოლო-საგანმანათლებლო და საეკლესიო-სამოქალაქო საქმეებში ავტონომიურობას.
მრევლი
ლმე-ის მრევლი ძირითადად ლატვიის რუსულენოვანი მოსახლეობაა, დაახლოებით 350 ათასი კაცი. ეთნიკურად ლატვიელი მართლმადიდებლების რაოდენობა უმნიშვნელოა. 2022 წლის მონაცემებით, ლატვიაში ლუთერანები მოსახლეობის 37%-ია, კათოლიკეები – 19%, მართლმადიდებლები კი 13%.
ლმე-ის იურისდიქცია მხოლოდ ლატვიის ტერიტორიაზე ვრცელდება და ორ ეპარქიას აერთიანებს, რიგისა და დაუგავპილსის. დაუგავპილსი ლატვიაში სიდიდით მეორე ქალაქია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად რუსები არიან. ლმე-ს ეპარქია ამ ქალაქში 2013 წელს დაფუძნდა.
მშვიდობა და ომი: რეგიონული კონტექსტის ცვლილება
რა ხდებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე?
ლმე-ის საკითხი ბოლო ათწლეულები ომამდეც მნიშვნელოვანი თემა იყო. მართლმადიდებლობა ლატვიელებში ასოცირდება საბჭოთა გავლენასთან და ოკუპაციასთან. მართლმადიდებლების კრიტიკა ისმოდა მიტროპოლიტ ვლადიმირის სახელის საბჭოთა უშიშროების არქივებში აღმოჩენის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ კარტოთეკებში სხვა კონფესიის წარმომადგენლების სახელებიც ნახეს.
რუსულენოვან მოსახლეობასა და ლატვიელებს შორის ურთიერთობა ყოველთვის რთული იყო, რაც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. 2019 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც რელიგიურ ორგანიზაციებში მაღალი საეკლესიო იერარქები მხოლოდ ლატვიის მოქალაქეები შეიძლება იყვნენ, რაც რუსეთის მოქალაქეების მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე დანიშვნის პრევენციას ისახავს მიზნად.
რა შეიცვალა ომის შემდეგ?
2022 წლის 5 სექტემბერს ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა ლატვიის სეიმს (პარლამენტი) კანონში „ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის“ შესახებ ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმართა. პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ლატვიის სახელმწიფო ლმე-ის დამოუკიდებლობას აღიარებდა, რითაც რმე-ის გავლენა ლატვიის ეკლესიაზე შემცირდებოდა.
პრეზიდენტის შეფასებით, მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირების გაწყვეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში მცხოვრები მართლმადიდებლებისთვის, ლატვიის მთელი საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. პრეზიდენტი სეიმს მოუწოდებდა, საკითხი დაუყოვნებლივ განეხილათ და კანონპროექტი რაც შეიძლება მალე მიეღოთ.
2022 წლის 8 სექტემბერს სეიმმა დაჩქარებულად დაუჭირა მხარი კანონპროექტს. ინფორმაცია ლმე-ის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. ცვლილებების ძალით, ლმე წყვეტდა კავშირს რმე-სთან. მსგავსი გადაწყვეტილებით ლატვიის სახელმწიფომ ლმე-ის სტატუსი დაადგინა, როგორც ავტოკეფალური, ანუ, ის იურიდიულად დამოუკიდებელი გახდა ნებისმიერი საეკლესიო ცენტრისგან, რომელიც ლატვიის გარეთ მდებარეობს.
2022 წლის 20 ოქტომბერს ლმე-ის კრებამ წესდებაში სეიმის მიერ მოთხოვნილი ცვლილებები ასახა და რუსეთის პატრიარქ კირილს ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსის მინიჭებისა და სეიმის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად „წარმოქმნილი გადაულახავი სირთულეების მოგვარების“ თხოვნით მიმართა.
მოსკოვის რეაქცია
ლატვიის პრეზიდენტის ინიციატივას ერთ-ერთი პირველი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, გენადი ასკალდოვიჩი განცხადებით გამოეხმაურა და დაამუნათა, რომ ლატვიის ყველა სახელმწიფო მოხელე არ იცნობს ქვეყნის კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან. იქვე დაამატა, რომ ლატვიის ხელისუფლების მცდელობებს ლატვიის ეკლესია მოწყვიტონ რუსეთს, თავისი შედეგები მოჰყვებაო.
არქიეპისკოპოსმა ნიკოლაი ბალაშოვმა, რომელიც რუსეთის პატრიარქის მრჩეველია, დაგმო ლატვიის პარლამენტის მიერ ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება. რმე-ის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ვლადიმირ ლეგოიდამ ლატვიის მთავრობის ქცევას ლმე-ზე ზეწოლა და „უკანონობა“ უწოდა.
ლატვიიდან მოსული მიმართვა რუსულმა სინოდმა მხოლოდ 2023 წლის 16 მარტს განიხილა და დაასკვნა, რომ მიმართვა წესდების მიხედვით უნდა განეხილა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭოს.
2023 წლის 24 აგვისტოს რმე-ის სინოდმა კიდევ ერთხელ განიხილა ლმე-ში არსებული ვითარება და დაადგინა, რომ მიტროპოლიტმა ალექსანდრემ არაერთხელ უარი თქვა ღვთისმსახურების დროს კანონიკური წესების შესაბამისად პატრიარქის მოხსენიებაზე და სასულიერო პირებს რმე-ის კანონიკურ დაქვემდებარებაზე უარის თქმას სთხოვდა. სინოდმა ასევე დაგმო მიტროპოლიტის ქმედებები, რომელიც რმე-ის შეფასებით საეკლესიო ერთობის დარღვევისკენ იყო მიმართული. ამის იქეთ საქმე არ წასულა და სინოდმა ლმე-ის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობას ამჯერადაც თავი აარიდა.
ლმე-ის მიტროპოლიტის პოზიცია
ლმე-ის მიტროპოლიტი ალექსანდრე რუსეთის ეკლესიას ღიად არ უპირისპირდება, მაგრამ ცდილობს მოსკოვის საპატრიარქოს საომარ ყიჟინას გაემიჯნოს. მან თავის გამოსვლაში დაგმო უკრაინაში რუსეთის აგრესია და თქვა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სამხედრო გზით გადაწყვეტა დაუშვებელია. მისი თქმით, რუსულენოვან მართლმადიდებელ ლატვიელებს სხვა სახელმწიფოების ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. ამავე დროს, ლმე-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მიმართვა, რომელშიც უკრაინელ ლტოლვილებს სულიერ მხარდაჭერას, მეგობრულ მიღებას და ქრისტესმიერ სიყვარულს სთავაზობენ.
საყურადღებოა, რომ ლმე-ის მიტროპოლიტი ყოველთვის ინარჩუნებდა მეგობრულ ურთიერთობებს ლატვიის ხელისუფლებასთან. თუმცა, ლატვიაში მიაჩნიათ, რომ იგი ვერ შეძლებს რმე-თან ურთიერთობის საჯაროდ გაწყვეტას. ლმე ცდილობს აჩვენოს, რომ იგი მხოლოდ ლატვიის კანონებს ემორჩილება და იურიდიული სტატუსის შეცვლაც სწორედ კანონის მოთხოვნა იყო, მაგრამ ამავე დროს, ცდილობს კანონიკური ურთიერთობები მოსკოვის საპატრიარქოსთანაც შეინარჩუნოს.
შესაძლებელია თუ არა ავტოკეფალიის მოპოვება?
მიუხედავად იმისა, რომ ლმე-მ რმე-გან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ფორმალურად იგი მაინც რუსული ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის ქვეშ რჩება, სანამ რმე მას ავტოკეფალიას არ მიანიჭებს.
ლმე-მ თვითმმართველი ეკლესიის სტატუსი რმე-ის ფარგლებში 1992 წელს აღიდგინა. მართლმადიდებელი ტრადიციის მიხედვით კი, ავტოკეფალიის მინიჭებისთვის საჭიროა დედა ეკლესიის (ამ შემთხვევაში რმე-ს) ნებართვა. საეკლესიო კანონით, საერო ხელისუფლებას არ შეუძლია მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სტატუსის განსაზღვრა.
ამავე დროს, ავტოკეფალიის მოპოვება საკმაოდ ბუნდოვანი და გაურკვეველი პროცედურაა, რომელიც დიდი ხანია მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხილვის საგანია და ყველასათვის მისაღები შეთანხმება მიღწეული ჯერაც არაა.
მოლდოვის ორი ეკლესია: ბრძოლა გავლენისათვის
რას უნდა ველოდოთ?
ლატვიის კანონებით ლმე ავტოკეფალურია და დამოუკიდებელია რუსეთისგან, თუმცა კანონიკური წესებით ლმე მართლმადიდებელი სამყაროსთვის კვლავ რმე-ის ნაწილად ითვლება.
მოკლევადიან პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოა ლმე-მ მართლმადიდებელ სამყაროში აღიარება მოიპოვოს. თუმცა, ამის მიუხედავად, ლატვიის ხელისუფლების ინიციატივა შეიძლება ერთგვარი ბიძგი გახდეს სხვა პოსტსაბჭოთა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვისაც, სადაც მცირერიცხოვანი მართლმადიდებელი მრევლი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია. ლატვიის მაგალითს შეიძლება მიბაძონ ყაზახეთში, ლიეტუვასა და ესტონეთშიც.
ამავე დროს, იმ ქვეყნებში სადაც მცირერიცხოვანი მართლმადიდებელი მრევლია, მოსალოდნელია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხარჯზე გაიზრდება კონსტანტინოპოლის ეკლესიის გავლენა, რაც მართლმადიდებელ სამყაროში არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო გააღრმავებს.