ახალი ამბები

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაფინანსების წესებში ცვლილებების მოტივით სატელევიზიო გადაცემები დახურა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 16 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იხურება სრულად არხი „ტელესკოლა“ და შვიდი სატელევიზიო გადაცემა და ამ საკითხის პოლიტიზირების წინააღმდეგ მოუწოდა.

ტელეკომპანიის თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით შეიცვალა მაუწყებლის დაფინანსების მოდელი და წესი. „არსებული მოცემულობა ახალი რეალობის წინაშე აყენებს ორგანიზაციას, რომელიც ვალდებულია, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს უწყვეტი მაუწყებლობა, შეასრულოს ნაკისრი შინაარსობრივი ვალდებულებები და, მეორე მხრივ, ახალი გარემოებიდან გამომდინარე, შეცვალოს დაგეგმილი პროგრამირება“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში. ტელეკომპანია ახალ შენობაში გადასვლასთან დაკავშირებულ კაპიტალურ ხარჯებსაც ასახელებს ერთ-ერთ მიზეზად.

15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმადაც 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით.  ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი

აცხადებს რა, რომ მისი ყველა გადაცემა „ერთნაირად ღირებული, ხარისხიანი და მნიშვნელოვანია“, საზოგადოებრივი მაუწყებელი განმარტავს, რომ რესტრუქტურიზაცია დაიგეგმა მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე და „სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს“.

„კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილების შედეგად შემდეგი გადაცემები დაიხურება:

  • „ტელესკოლა“ – საგანმანათლებლო არხი, სადაც მასწავლებლები რეალურ სასკოლო გაკვეთილებს ონლაინ ატარებენ;
  • „დღის კოდი“ – ტელეშოუ, რომელიც კულტურულ და ინტერდისციპლინარულ თემებს ეხება;
  • „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ – საკმაოდ ყურებადი პროგრამის წამყვანი დავით გორგილაძე მაყურებელს ცნობად სახეებთან ინტერვიუებს სთავაზობდა;  
  • „ფერმა“ – ტელეშოუ, რომელიც სასოფლო-სამეურნეო თემების ეძღვნებოდა;
  • „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“ – პოლიტიკური შოუ ქართველი პოლიტიკოსების მონაწილეობით, ძირითადად მმართველი პარტიიდან და იშვიათად ოპოზიციური პარტიებიდან;
  • „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“ – კინოსა და თეატრისადმი მიძღვნილი ტელეშოუ;
  • „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“ – მუსიკალური შოუ;
  • „კაცები PLAY“ – გორგილაძის გადაცემასთან ერთად, „კაცები PLAY“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შოუ იყო იუმორისტული შინაარსით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button