skip to content
ახალი ამბები

პოლიტიკოსები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს ეხმიანებიან

ქართველი პოლიტიკოსები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს ეხმიანებიან, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება. წელს ამ დღეს ასევე აღინიშნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75-ე წლისთავი.

მმართველი გუნდი

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „ჩვენი ხელისუფლების მიზანია, შექმნას და ხელისუფლების თითოეული შტოს, საჯარო უწყებათა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიან დაცვას. ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლების დაცვით სახელმწიფო აძლიერებს ინსტიტუციურ დემოკრატიას, უზრუნველყოფს სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბარ სარგებლობას, განამტკიცებს თანასწორობის პოლიტიკას და მუდმივად ზრუნავს ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე“.

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „2023 წლის 10 დეკემბერი განსაკუთრებული დღეა, ვინაიდან 75 წლის იუბილეა ადამიანი უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიღებიდან და ასეთ დღეს არის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ თუ რა მიღწევები აქვს სხვადასხვა ქვეყანას და ამ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანას ადამიანის უფლებების მიმართულებით და რა არის ის გამოწვევები, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ“.

ოპოზიცია

გიორგი გახარია, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე: „დღეს ადამიანის უფლებების დაცვის დღეა. გუშინ კი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო.  საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა და როგორც შედეგი – გვაქვს უთანასწორობა სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ელიტური ჯგუფების გამდიდრება ხალხის გაღარიბების ხარჯზე, კანონი კანონობს მხოლოდ ვიღაცისთვის, ვიღაცას კი დაუსჯელობის სრული უფლება აქვს. ჩვენი მოქალაქეების უფლებების რეალურ და ქმედით დაცვას მაშინ შევძლებთ, როცა სახელმწიფო ერთი პარტიის ან ერთი კაცის ინტერესებზე კი არ იზრუნებს, არამედ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება – რიგით მოქალაქეებზე. მხოლოდ არაკორუმპირებული, სამართლიანი და პროგრესული საქართველო იქნება თითოეული ადამიანის უფლების ნამდვილი დამცველი და ქვეყანაში თანასწორი და სამართლიანი გარემოს გარანტი. მანამდე კი კორუფციისგან მოქალაქის დაცვა ისევე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვა, მხოლოდ ილუზიაა“.

ანა ნაცვლიშვილი, „ლელო საქართველოსთვის“: „დემოკრატიულ სახელმწიფოში მთავარი უფლებადამცველი სახელმწიფო ინსტიტუციები უნდა იყოს და თავად ხელისუფლება… ეს თავად ამ ქვეყნის კოსნტიტუციით არის დადგენილი… ფაქტი, რომ საქართველო არ არის სახელმწიფო, რომელსაც მართავს კანონი და ინსტიტუციები, ჩემთვის სიახლე არ არის… ყველა მექანიზმის გამოყენებით ვიბრძოდი პირადად მე და ჩემი თანაგუნდელი, რომ ასეთი არ ყოფილიყო ეს სახელმწიფო და მიგვეღო რეალურად თანასწორობაზე, ბალანსზე დაფუძნებული სახელმწიფო მართვა. სამწუხაროდ ვერ მივიღეთ“.   

პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „პირველ რიგში ძალოვანმა უწებამ, პოლიციამ, პენიტენციურმა სისტემამ არ უნდა დაარღვიოს ადამიანის უფლებები, თავის ადგილზე უნდა იყოს სასამართლო და სახალხო დამცველი, არცერთი არ არის თავის ადგილზე. საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მოწინავეა – ამაზე საუბარი არასერიოზულია, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც სამწუხაროდ  აღნიშნულია ციხეებში ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტები, ასევე პოლიციაში დაკავების დროს ადამიანები საუბრობენ უფლებების დარღვევბზე და უამრავი ფაქტი ვიცით, მიტინგებზე და მანიფესტაციებზე ადამიანების უფლებების დარღვევის“.   

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button