ახალი ამბები

NDI-ის კვლევა: პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობა 2024 წლის არჩევნების წინ  

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 11 დეკემბერს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, ხოლო სიღარიბე და ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები დაუცველობის გრძნობის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია. ამასთან, მოქალაქეები, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან.

კვლევა NDI-ისთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK AID-ის ფინანსური ხელშეწყობით CRRC-საქართველომ ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

პოლიტიკური პარტიებისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობის ნაკლებობა

გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 54% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, რაც წინა გამოკითხვასთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით მეტია.

პრემიერ-მინისტრის საქმიანობას გამოკითხულთა 37% „საშუალოდ“ აფასებს, ხოლო გამოკითხულთა 29% „კარგად“. იმავდროულად, პრეზიდენტის საქმიანობას 41% „საშუალოდ“ და მხოლოდ 16% აფასებს „კარგად“. ამასთან, პარლამენტის საქმიანობას გამოკითხულთა 44% „საშუალოდ“ აფასებს, ხოლო 13% „კარგად“.

გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ საქართველოში მყოფი არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს მათ ინტერესებს, ხოლო 53% ფიქრობს, რომ დეპუტატები არ ითვალისწინებენ მათნაირი ხალხის აზრს.

NDI-ს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების 42% „პოლიტიკურად გადაუწყვეტელია“. NDI აღნიშნავს, რომ უმრავლესობამ არ იცის ან არ ამბობს, რომელი პარტიაა მათთან ყველაზე ახლოს: „პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება“.

პარტიების ინდივიდუალურად შეფასების თხოვნაზე, 19%-მა მმართველი პარტია „ქართულ ოცნება“ დაასახელა როგორც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია. იმავდროულად, მხოლოდ 4%-მა დაასახელა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ხოლო 12%-მა სხვა პატარა ოპოზიციური პარტიები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობები და ახალგაზრდები უფრო ხშირად ამბობენ, რომ არცერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ახლოს.

ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა

კვლევის თანახმად, რესპონდენტების 37% ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მხოლოდ პროდასავლური უნდა იყოს, ხოლო 36% ფიქრობს, რომ პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა ქვეყანამ კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს რუსეთთან.

ქართველების უმრავლესობისთვის (79%) ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ მთავარი არჩევანია. კითხვაზე, აკეთებს თუ არა ხელისუფლება ყველაფერს ევროკავშირში გაწევრიანების მისაღწევად, 36% ამბობს, რომ ის არ აკეთებს საკმარისს, 29% ამბობს, რომ რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, ხოლო 16% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად.

ნატოს მიმართ მხარდაჭერა ოდნავ შემცირდა, 67% კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანს; მარტში ეს მაჩვენებელი 73% იყო.

NDI აღნიშნავს, რომ ყოველი მეორე ქართველი ამბობს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება საუკეთესოა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. კითხვაზე, რომელ ქვეყნებთან და გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, 60% ევროკავშირს ასახელებს, 38% აშშ-ს, 20% რუსეთს და 17% ნატოს.

რესპონდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირი და აშშ უნდა იყვნენ საქართველოს უახლოესი ეკონომიკური მოკავშირეები. 59%-მა ევროკავშირი დაასახელა, 34%-მა – აშშ, 25%-მა – რუსეთი და 18%-მა – თურქეთი.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ საფრთხეებს შორის უმრავლესობა რუსეთის სამხედრო აგრესიას ასახელებს (27%), 13% – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და 11% – რუსულ პროპაგანდას.

უსაფრთხოების განცდა და დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში

როდესაც რესპონდენტებს ჰკითხეს აზრი იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო, 33%-მა განაცხადა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, ხოლო 37% ამას არ ეთანხმება და აღნიშნა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. 45% ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს მომავლის მიმართ.

გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა; ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 16%-ითაა გაზრდილი. 69% მიიჩნევს, რომ საქართველოში ცხოვრება უსაფრთხოა. დაუცველობის ძირითადი მიზეზებია სიღარიბე (40%), უმუშევრობა (30%), ინფლაცია (28%) და კრიმინალი (26%).

ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები

კვლევის თანახმად, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე რჩება მთავარ ეროვნულ პრობლემად. რესპონდენტთა და მათ ოჯახებთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემის შესახებ კითხვაზე, 37%-მა ინფლაცია დაასახელა, 35%-მა – სამუშაო ადგილები, 28%-მა – სიღარიბე და 23%-მა – ტერიტორიულ მთლიანობა.

კვლევის თანახმად, რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა ჯანდაცვის (45% ამბობს, რომ მდგომარეობა უკეთესია), სიტყვის თავისუფლების (41%), ქალთა უფლებებისა (39%) და განათლების (33%) კუთხით. ამავდროულად, მდგომარეობა გაუარესდა სიღარიბის (49% ამბობს, რომ მდგომარეობა უარესია, ვიდრე ადრე) და კრიმინალის (48%) კუთხით. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, 56% ამბობს, რომ ის იგივეა, ხოლო 36% ამბობს, რომ გაუარესდა.

გამოკითხულთა 83% თვლის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა, პრობლემაა საქართველოში. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 86% ამბობს, რომ გასულ წელს არც კი უფიქრია ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალთან დახმარებისთვის მიემართა. აღსანიშნავია, რომ 90% – აბსოლუტური უმრავლესობა – მიიჩნევს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებას სახელმწიფო დაზღვევა უნდა ფარავდეს.

ადგილობრივ დონეზე უსახლკარო ცხოველები (22%), გზები (22%), სუფთა ქუჩები (15%) და ტრანსპორტი (14%) დაასახელეს ინფრასტრუქტურის მთავარ გამოწვევად ქალაქებსა და სოფლებში. იმავდროულად, ჰაერის დაბინძურება (42%) და სურსათის უვნებლობა (23%) პირველ ადგილზეა გარემოსდაცვითი პრობლემების სიაში.

ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში, ემიგრაციის საკითხი

გამოკითხულთა 49% ეკონომიკა მდგომარეობას „საშუალოდ“ აფასებს. საქართველოს ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემაა უმუშევრობა (58%), დაბალი ხელფასები (48%), ინფლაცია (43%) და სიღარიბე (23%).

აღსანიშნავია, რომ ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, რესპონდენტები ამბობენ, რომ მათი ოჯახები მეტ შემოსავალს იღებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, უმრავლესობას ხური წლის წინანდელთან შედარებით იგივე ან ნაკლენ ფინანსური შესაძლებლობები აქვთ.

გამოკითხვის თანახმად, ათიდან ერთ მოქალაქეს (რესპონდენტების 12%) საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს (რესპონდენტების 28%) ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. უმრავლესობას (58%) ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ ემიგრაცია უარყოფითად აისახება საქართველოზე. 62% ამბობს, რომ პირადად იცნობს ადამიანს, ვინც ემიგრაციაში წავიდა ბოლო 12 თვის განმავლობაში. ემიგრაციის მიზეზებს შორის 65% საქართველოში დაბალ ხელფასს ასახელებს, 56% – სამუშაოს არქონას, 28% – მაღალ ფასებს და საცხოვრებელ ხარჯებს, ხოლო 24% – ცხოვრების დაბალ ხარისხს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button