skip to content
ახალი ამბები

ბჟანია ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 26 ნოემბერს დაგმო სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ 24 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, სომხეთი „სრულად და ცალსახად“ უჭერს მხარს „საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას“. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ ეთერში უპასუხა კითხვას, მზად არის თუ არა მისი ქვეყანა აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის მიერ ხმის მიცემა გაეროში 2019 წლიდან შეიცვალა. 2019 წლამდე სომხეთი ეწინააღმდეგებოდა გაეროს რეზოლუციას, რომელიც აღიარებს საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. 2019 წლიდან სომხეთი ხმის მიცემისგან თავს იკავებს.

თავის განცხადებაში ასლან ბჟანია სომხეთის ხელმძღვანელობის განცხადებებს „დასავლურ გავლენას“ აბრალებს და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ბოლო განცხადება მთლიანად ეწინააღმდეგება ოკუპირებული აფხაზეთის „სუვერენიტეტის ფაქტს“.

„დღეს აფხაზეთის სომხური თემი წარმოდგენილია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაში, სომხურ ენასა და კულტურას მხარს უჭერს [დე ფაქტო] სახელმწიფო და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სტრუქტურები თავისუფლად ფუნქციონირებენ“, – განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ „აფხაზეთში სომხებს აქვთ ყველაფერი, რისი უზრუნველყოფაც ნიკოლ ფაშინიანმა ვერ შეძლი ყარაბაღელი სომხებისთვის, რომლებიც, მისი პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფოებრიობის ნგრევისა და მშობლიური მიწის დატოვების ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდნენ.

ბჟანიამ მოუწოდა სომხეთის მთავრობას „შეწყვიტოს ინდოქტრინირებული რიტორიკა და თავისი საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, საქმის ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინება დაიწყოს“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ეთნიკურად სომეხი წევრები, აშოტ მინოსიანი, გალუსტ ტრაპიზონიანი, ერიკ რშტუნი და ლევონ გალუსტიანი ასევე გამოეხმაურნენ ფაშინიანის განცხადებას და მას „ზედმეტად ცინიკური“ უწოდეს. დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს ოთხმა წარმომადგენელმა თავის განცხადებაში სომხეთის პრემიერ-მინისტრი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის „ადვილად ცვლის პოზიციებს“ და იგი მთიანი ყარაბაღის „მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან“ გაქრობაში დაადანაშაულა.

„ფაშინიანისგან განსხვავებით, აფხაზეთში არ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდნენ ხალხის არჩევანს და კალმის ერთი მოსმით იმ ქვეყნის ლიკვიდაციას მოახდენდნენ, რომელიც შვილების სისხლითაა მოპოვებული“, – ნათქვამია „დეპუტატების“ განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button