ახალი ამბებიდაწვრილებით

ნარკოდანაშაულისთვის ზურა ნიჟარაძის დაკავებამ საქართველოს ნარკოპოლიტიკის მიმართ კრიტიკა განაახლა

11 ნოემბერს, კიდევ ერთ საქმეზე, რომელმაც საქართველოს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შეშფოთება განაახლა, ზურა ნიჟარაძე რამდენიმე სახის კლუბური ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს. ამ ფაქტს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან რეაგირება მოყვა, ხოლო მის მხარდასაჭერად და სამართლებრივი ხარჯების გასასტუმრებლად სოციალურ ქსელში კამპანია მიდის.

რა მოხდა?

26 წლის ნიჟარაძეს, რომელიც ახლა წინასწარ პატიმრობაშია, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ითვალისწინებს სასჯელს „განსაკუთრებით დიდი ოდენობით“ ნარკოტიკული საშუალებების ფლობისთვის.

მისი ადვოკატის, ნინო ლალიაშვილის განცხადებით, პროკურატურა ნიჟარაძეს კლუბური ნარკოტიკების MDMA-ს, LSD-ს და კეტამინის ფლობას ედავება. მისივე თქმით, ნიჟარაძეს ბრალში გასაღების მიზანი არ აქვს.

ნიჟარაძის დაკავების შემდეგ, როგორც ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისე კლუბებმა, რომლებიც ახალგაზრდების მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენენ, ამ საქმეზე და ზოგადად საქართველოს ნარკოპოლიტიკაზე განცხადებები გაავრცელეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება

15 ნოემბერს, ნიჟარაძის დაკავებისა და შესაძლო დაპატიმრების საპასუხოდ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება გამოაქვეყნა სახელწოდებით  „ნარკოპოლიტიკა სისტემურ რეფორმას საჭიროებს“, რომელსაც რვა სხვა ორგანიზაციაც აწერს ხელს და რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას „დაიწყოს მოქმედი ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური და რეალური რეფორმა“.

„საქართველოში ნარკოპოლიტიკა კვლავ რეპრესიული ხასიათისაა და ის წამალდამოკიდებული ადამიანების დასჯისა და საპოლიციო კონტროლის ლოგიკაზე დგას“, – ნათქვამია განცხადებაში. ის კანონდებლობის სიმკაცრეზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ „საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა თითქმის 24 % სასჯელს სწორედ ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების აღქმა  ნარკოტიკებით გამოწვეული საფრთხის შესახებ ხშირად გაზვიადებულია, ხოლო რეალური პრობლემების პრევენცია შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. „ნარკოტიკული დანაშაულებისთვის გათვალისწინებულ მაღალ სასჯელებს ხშირად სახელმწიფოს წარმომადგენლები ქმედების მაღალი საზოგადოებრივი საფრთხით ხსნიან. თუმცა, ნარკოტიკულ საშუალებებთან ასოცირებული გამოწვევები მხოლოდ სისხლის სამართლის რეგულირების სფეროს არ უნდა წარმოადგენდეს და განხილულ უნდა იქნას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭრილში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კერძოდ, განცხადების თანახმად, ნიჟარაძის საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის სამ მწვავე პრობლემას:

  • მკაცრი სასჯელები – „გასაღების მიზნის არარსებობის პირობებში, მაღალია თავისუფლების აღკვეთის ქვედა ზღვარიც კი, რაც ცხადყოფს, რომ ნარკოპოლიტიკა კვლავ დასჯაზეა ორიენტირებული“. განცხადების თანახმად, ზოგ შემთხვევაში ნარკოტიკის პირადი მხოხმარების მიზნით შენახვა შეიძლება უფრო ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდეს, ვიდრე ისეთი ძალადობრივი დანაშაულები, როგორიცაა: განზრახ მკვლელობა (10-დან 15 წლამდე) ან გაუპატიურება (6-დან 8 წლამდე).
  • უსამართლო ოდენობები – „საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები უსამართლოდაა გაწერილი. დაბალია როგორც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის საწყისი, ისე  დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზღვარი“, – ნათქვამია განცხადებაში. „ამგვარი განაწილება ობიექტურად მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შენახვასაც სისხლის სამართლის ჩარჩოებში აქცევს, რაც პირად ცხოვრებაში ხისტ ინტერვენციასა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შელახვას იწვევს“.
  • აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ტენდენცია – არასამთავრობოები ამბობენ, რომ პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახე მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენებოდეს, როდესაც განაჩენის გამოტანამდე არსებობს მართლმსაჯულების შეუფერხებელი და ჯეროვანი განხორციელების, საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვის ობიექტური საჭიროება. „ნარკოტიკული საშუალების ოდენობა და დანაშაულის სიმძიმე ავტომატურად არ ქმნის პატიმრობის გამოყენების ლეგიტიმურ საფუძველს“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით აცხადებენ. რომ ნარკოტიკებთან „ომის“ მიდგომა უშედეგოა და იგი არ იწვევს ქვეყნებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მაჩვენებლების კლებას. „პირიქით, ამწვავებს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, ამყარებს სტიგმასა და იწვევს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა განსაკუთრებულ გარიყვას“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ნარკოვითარების გაუმჯობესებისა და ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის კუთხით, შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას:

  • აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უზრუნველყოს ნარკოტიკული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელებისა და უფლებების შემზღუდველი დამატებითი მექანიზმების გადახედვა და შემსუბუქება;
  • საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, სისხლის სამართლის კოდექსში განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები;
  • საკონსტიტუციო სასამართლომ ოპტიმალურ ვადაში განიხილოს ნარკოტიკულ დანაშაულებთან და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელები და წარდგინებები;
  • საერთო სასამართლოებმა უსამართლო და არაპროპორციული სასჯელის დანიშვნის ნაცვლად გამოიყენონ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის მექანიზმი.

„ხიდის“ განცხადება

14 ნოემბერს, თბილისის ერთ-ერთმა წამყვანმა კლუბმა „ხიდი“ ზურა ნიჟარაძის მხარდასაჭერად განცხადება გამოაქვეყნა. „საქართველოში არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკა დიდი სირთულის წინაშე აყენებს მისი მოქალაქეების ცხოვრებას. ზურა ნიჟარაძე ამ პოლიტიკის სამწუხარო მაგალითს წარმოადგენს და მის მიმართ ასეთი შეუსაბამო პოლიტიკის გატარება ხაზს უსვამს სამართლებრივ სისტემაში არსებულ სისტემურ უსამართლობას“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ნარკოპოლიტიკის განზრახ მკაცრი ხასიათი გამოიხატება მის „არაპროპროპორციულ სასჯელში“, რომლის მიხედვითაც, ზურა ნიჟარაძეს 8-დან 12 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება „პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალებების შენახვისათვის“.

ამავე საქმეს სხვა კლუბებიც გამოეხმაურნენ და ზურა ნიჟარაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ზოგიერთმა მათგანმა, მათ შორის „ხიდმა“ ხალხს თანხის ჩარიცხვისკენ მოუწოდა, რათა „მისი უფლებების ეფექტური დაცვის საშუალებები იქნეს უზრუნველყოფილი“.

პოლიტიკოსების გამოხმაურებები

ზემოხსენებული შეშფოთება ქართველმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ და „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გაიზიარეს. ამგვარად, საქართველოს „რეპრესიული ნარკოპოლიტიკა“ კიდევ ერთხელ გახდა დებატებისა და უკმაყოფილების საგანი, რადგან ნიჟარაძის დაკავების შემდეგ თბილისის ქუჩებში გაჩნდა წარწერები, რომლებზეც დასმული იყო რიტორიკული კითხვა „ზურას ციხეში რა უნდა?“

ნარკოდანაშაული და სხვა ტიპის დანაშაული

ნიჟარაძის დაკავებამ განაახლა დებატები ნარკოდანაშაულისთვის მკაცრი სასჯელის მიზანშეწონილობის შესახებ, განსაკუთრებით სხვა დანაშაულებისთვის არსებული სასჯელის გათვალისწინებით.

  • თვითმკვლელობამდე მიყვანა (მუხლი 115): ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე;
  • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (მუხლი 117): ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე;
  • გაუპატიურება (მუხლი 137): ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე;
  • წამება (მუხლი 144): ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე,

ნიჟარაძისა და უფრო ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკული საშუალებების შენახვისთვის 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა არაპროპორციული და შეუსაბამოა.

საქართველოს ნარკოპოლიტიკა

საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ განსაზღვრავს „მცირე“, „დიდი“ და „განსაკუთრებით დიდი ოდენობების“ ნარკოტიკულ საშუალებებს. ზურა ნიჟარაძეს პროკურატურა შემდეგი ოდენობის ნარკოტიკების ფლობას ედავება:

  • MDMA: 0.05 გრ (მცირე ოდენობა), 0.5 გრ (დიდი ოდენობა) და 1 გრ (განსაკუთრებით დიდი ოდენობა) – ნიჟარაძეს პროკურატურა „განსაკუთრებით დიდი ოდენობის“ ფლობას ედავება (1.4628 გრამი);
  • ლიზერგინის მჟავა (LSD): 0.00002 გრ (მცირე ოდენობა); 0.0002 გრ (დიდი ოდენობა) და 0.001 გრ (განსაკუთრებით დიდი ოდენობა) – ნიჟარაძეს „დიდი ოდენობის“ (0.000105 გრამი) ფლობას ედავებიან;
  • კეტამინი: 0.1 გრ (მცირე ოდენობა); 1 გრ (დიდი ოდენობა) და 10 გრ (განსაკუთრებით დიდი ოდენობა) – ნიჟარაძეს „დიდი ოდენობის“ (4.76617 გრამი) ფლობას ედავებიან.

ოპონენტები აცხადებენ, რომ რაოდენობების შესახებ სამართლებრივი განსაზღვრა არაადეკვატურია და ასევეა შესაბამისი სასჯელიც.

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღების შესახებ“ ამბობს, რომ ამგვარი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. თუ იგივე ქმედებები ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში, როგორიცაა „განსაკუთრებით დიდი ოდენობით“ ან „ორგანიზებული ჯგუფის მიერ“, სასჯელად განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, კანონი არ განასხვავებს ნარკოდანაშაულების მიზნებს (გარდა კანაფის პირადი მოხმარებისთვის ფლობისა 0,1315 გრამამდე), როგორიცაა პირადი მოხმარება ან გაყიდვა და მათ ერთსა და იმავე სისხლისსამართლებრივ სასჯელს უქვემდებარებს.

ბოლო კანონები შეიცვალა და 2021 წელს კიდევ უფრო გამკაცრდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ცვლილებები მიიღო, რომლითაც სასჯელი ნარკოდანაშაულებისთვის თითქმის გაორმაგდა.

ზურა ნიჟარაძის საქმე ერთ-ერთი ბოლო შემთხვევაა, რომელსაც მთავრობის ნარკოპოლიტიკის შესახებ დიდი ხნის წინ დაწყებული დისკუსიის გაგრძელება მოყვა.

2018 წლის 12 მაისს, სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე ორ ღამის კლუბში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ რეიდები ჩაატარეს მას შემდეგ, რაც ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტებზე სავარაუდო ინფორმაცია მიიღეს. გარეთ შეკრებილმა ათობით  ახალგაზრდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციამ მათ მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. დარბევის დროს ოცზე მეტი ადამიანი დააკავეს. დარბევას თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

2017 წელს, მამუკა ბერძენიშვილი 2 გრამი MDMA-ს შენახვისთვის დააკავეს. 2018 წლის 21 მარტს მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის გამოტანიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ, რომელიც 41 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მოუწოდა პარლამენტს მხარი დაეჭირა სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივისთვის ნარკოტიკების პირადი მოხმარებისა და მცირე ოდენობით ნარკოტიკების ფლობის დეკრიმინალიზაციის შესახებ, თუმცა უშედეგოდ.

იმავე წელს, გიორგი გიორგანაშვილს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 0,375 გრამი ოპიატის ბურპრენორფენის (სუბუტექსის) შენახვისთვის. „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ იმ პერიოდში გავლენიანი მოძრაობა იყო, რომელიც საქართველოს „არაჰუმანურ“ ნარკოპოლიტიკას.აპროტესტებდა.

როგორი ვითარებაა ახლა?

ნარკოპოლიტიკა კვლავ რჩება საქართველოს საზოგადოებრივ დღის წესრიგში, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, რამდენად ექნება ზურა ნიჟარაძის საქმეს რაიმე გავლენა. თუმცა, საქართველოს დროდადრო ახსენებენ ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ზოგიერთ პრობლემურ ასპექტს. 2023 წლის აგვისტოში, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ქვეყანაში ნარკოვითარების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმულია, რომ ნარკოკანონმდებლობა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე მეტად კვლავ სადამსჯელო მექანიზმების გამოყენებსკენაა მიმართული და ნარკოდანაშაულის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში არსებითი ცვლილება არ განხორციელებულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button