ახალი ამბები

პარლამენტი ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობისთვის სასჯელს ამკაცრებს

საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით ერთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელთა თანახმადაც, ნარკოტიკების უკანონო გასაღებაზე სასჯელი მკაცრდება. კანონი ძალაში გამოქვეყნებიდან 15 დღეში შევა ძალაში.

ცვლილებების თანახმად, რომელთა ავტორიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა, სასჯელი მკაცრდება, როგორც ნარკოტიკული საშუალებების, ისე ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო გასაღებაზე. ცვლილებებით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი), 6-11 წლის ნაცვლად, 10-15 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

იგივე ქმედება – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომაროების გამოყენებით (260-ე მუხლის, მე-5 ნაწილი), 7-14 წლის ნაცვლად, 12-17 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

ამასთან, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის წინა 8 წლის ნაცვლად, ამიერიდან 14-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.

რაც შეეხება ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, მათ ანალოგებსა და ძლიერმოქმედ ნივთიერებებს, კანონმდებლებმა სრულიად ახალი დებულებები შემოიღეს. კერძოდ, თუკი ადრე ამგვარი ნივთიერებების დამზადება, გადაზიდვა, შენახვა და გაყიდვა ერთ მუხლში (266-ე მუხლის, 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4 ნაწილები) ერთიანდებოდა, ახლა გასაღების მუხლი ცალკე გამოყვეს და სასჯელი მხოლოდ ამ ნაწილში გაამკაცრეს.

ცვლილებების თანახმად, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის გასაღება 3-6 წლამდე, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღება კი – 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. აქამდე მოქმედი სასჯელი პირველ შემთხვევაში ჯარიმას, 2 წლამდე გამოსასწორებელ სამუშაოებს ან 3 წლამდე პატიმრობას, ხოლო მეორე შემთხვევაში, ჯარიმას ან 1 წლამდე გამოსასწორებელ სამუშაოებს ითვალისწინებდა.

ამგვარი ნივთიერების დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გასაღებისთვის 3-7 წლიანი პატიმრობის ნაცვლად 5-9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება გათვალისწინებული. იმავე ნივთიერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ გასაღება კი – 7-12 წლის ნაცვლად, 10-14 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

ცვლილებებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მოქმედი „ლიბერალური“ ნარკოპოლიტიკა გააკრიტიკა და წესების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button