ახალი ამბები

ზურაბ ნოღაიდელი „კარტოგრაფების საქმეზე“ გამოკითხეს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 21 ნოემბერს სასამართლოს ჩვენება მისცა ე.წ. „კარტოგრაფების საქმეზე“, სადაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ყოფილ საჯარო მოხელეებს აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის მცდელობას ედავება. ჩვენების მიცემისას ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის შესახებ და რომ გადაწყვეტილებები აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის კომპეტენციაში შედიოდა.

ნოღაიდელმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, განაცხადა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნების საკითხი პრეზიდენტმა 2005 წლის ბოლოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე დააყენა. ნოღაიდელის თქმით. შეხვედრაზე საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ მათი მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ ყველა არსებული დოკუმენტის, ინფორმაციისა და რუკის მიხედვით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რამდენიმე მონასტერი საზღვის აზერბაიჯანულ მხარეს ექცეოდა. ყოფილი პრემიერის თქმით, შეხვედრაზე დავით გარეჯის ქართულ ძეგლად შენარჩუნების თაობაზე არაფორმალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ნოღაიდელმა ასევე განაცხადა, რომ რაიმე დამატებითი ინფორმაციის ან 1938 წლის 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის შესახებ რომ სცოდნოდა, ყველაფერს გააკეთებდა ამ ინფორმაციის მისაღებად.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველო მზადაა დავით გარეჯის კომპლექსის მონაკვეთები (მათ შორის, ბერთუბანი) სხვა ტერიტორიებში გაცვალოს, ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ამგვარ გაცვლას მხარს დაუჭერდა.

საქმის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე სასამართლოს სხდომას სოციალურ მედიაში გამოეხმაურა. მისი თქმით, სამი წელზე მეტია „პროკურატურას პროცესზე მოყავს და  მოყავს მოწმეები, რომლებმაც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არაფერი იციან“ და საზღვრის დელიმიტაციის საკითხი კვლავ მოუგვარებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც სასამართლოში მოყვანილ ადამიანებს კონკრეტულ შეკითხვებს დაუსვამ, „პროკურორს შესჩერებიან თვალებში, ახლა ამას რა ვუპასუხოო, საქმე არ გაგიფუჭოთო“.

„მაგალითად, ყოფილმა პრემიერმა ნოღაიდელმა დღეს გაიგო, რომ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს მთავრობას, რომელიც საგარეო პოლიტიკას ახორციელებს“, – წერს მშვენიერაძე. „მე მხოლოდ ეკონომიკა მებარაო, ეს არის პრემიერის ფუნქციაო. მისი პასუხისმგებლობა არის და იყო, მაგრამ არასდროს დაინტერესებულა, რა შეთანხმება იყო აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, რა ისტორიული წყაროებია, რა დოკუმენტებია, რა მოცემულობაა. მაგრამ ეს არ იცის და როგორც ჩანს არც აინტერესებდა“. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ნოღაიდელი „არაფრით არ დაინტერესებულა არასდროს ჩიჩხუტურთან, უდაბნოსთან ან სხვა მონასტრებთან დაკავშირებით, არც კი ჩაუხედავს როგორც მიმდინარეობს დელიმიტაციის პროცესი, როცა პრემიერ-მინისტრი იყო, არც არავინ დაუბარებია, არც არავისთვის არაფერი უკითხავს და ახლა საუბარი, რომ ის პოსტ-ფაქტუმ, 15 წლის მერე დაინტერესდებოდა ამ საკითხით, ცოტა, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button