ახალი ამბები

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საგარეო ვაჭრობა 16.2%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 20 ნოემბერს  გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16.2%-ით გაიზარდა და 17.7 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 12.5%-ით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა და 12.7 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6%-ია.

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 2.46 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.  შემდეგ მოდის რუსეთი 2.04 მლრდ აშშ დოლარით; აშშ 1.67 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი 1.4 მლრდ აშშ დოლარით და აზერბაიჯანი 1.23 მლრდ აშშ დოლარით.

იმავე პერიოდში, უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი – 714 მლნ აშშ დოლარი, სომხეთი 658 მლნ აშშ დოლარი, ყაზახეთი 580 მლნ აშშ დოლარი, ყირგიზეთი 564 მლნ აშშ დოლარი და რუსეთი 559 მლნ აშშ დოლარი.

იმპორტის თვალსაზრისით, თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 2.1 მლრდ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის აშშ – 1.6 მლრდ აშშ დოლარით, რუსეთი – 1.5 მლრდ აშშ დოლარით, ჩინეთი  -1.13 მლრდ აშშ დოლარით და გერმანია – 767 მლნ აშშ დოლარით.

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტის კუთხით პირველი ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 1.76 მლრდ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის სპილენძის მადნები და კონცენტრატები 451 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 217 მლნ აშშ დოლარით (4.2 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2.59 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 929  მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 445 მლნ. აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button