ახალი ამბები

პოლიციამ რაჭის ტყეებთან დაკავშირებულ აქციაზე 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 18 ნოემბერს, რომ თბილისში, გარემოს დაცვის სამინისტროსთან გამართული აქციის დროს 13 აქტივისტი დააკავეს, რომლებიც კარვების გაშლას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეთა უმეტესობა რაჭიდან ჩამოვიდა, სადაც საპროტესტო აქციები 27 სექტემბრიდან იმართება. ადგილობრივები რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეებზე 49-წლიანი ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ლიცენზია შესაბამისი საჯარო კონსულტაციების გარეშე გაიცა და ისინი 3 ნოემბრიდან გარემოს დაცვის სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვენ.

მედიის ინფორმაციით,  დაკავებულთა შორის არის „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი და ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის მთავარი ფიგურა, ვარლამ გოლეთიანი.

საია – სახელმწიფო შეკრების თავისუფლებას მომეტებულად ზღუდავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე სახელმწიფო შეკრების თავისუფლებას მომეტებულად ზღუდავს. ორგანიზაციის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა, საკონსტიტუციო თუ საერთო სასამართლოების პრაქტიკა „იცავს კარვის დადგმის უფლებას, როგორც შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროს“. პოლიციის ლეგიტიმური მიზანი, რომ აქციის მონაწილეებს კარვების გაშლაში შეუშალოს ხელი, კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, ნათქვამია საია-ს განცხადებაში. „მოცემული შემთხვევის ირვლივ არსებული გარემოებების, მათ შორის, სამინისტროს ადგილმდებარეობის, არასამუშაო დღისა და დროის, გათვალისწინებით, ბუნდოვანია ის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა ძირითად უფლებაში ჩარევას, კერძოდ, აქციის მონაწილეებისთვის კარვის დადგმის უფლების რეალიზების შეზღუდვას, როგორც სამინისტროს ეზოში, ასევე, მის გარეთ, ასევე, აქციის ორგანიზატორების / ჟურნალისტების დაკავებას“, – აცხადებს ორგანიზაცია და დასძენს, რომ პოლიციის ჩარევის ერთდაერთი მიზანი საპროტესტო აქციის მუხტის სავარაუდო შესუსტებაა, რაც კანონით არალეგიტიმურია.

საია-ს ასევე გააპროტესტა ონლიან გამოცემა „მაუწყებლის“ ჟურნალისტის, რატი რატიანის დაკავება და განაცხადა, რომ აქციების დროს ჟურნალისტების დაკავების მავნე პრაქტიკას ადგილი 2023 წელს უკვე არაერთხელ ჰქონდა, რასაც მედიის თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტი აქვს.

20 ნოემბერს, საქმის ადვოკატმა „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ ყველა დაკავებული გაათავისუფლეს. სასამართლო მოსმენა გადაიდო.

შენიშვნა: მასალა განახლდა 20 ნოემბერს, 13:30 საათზე და მასში ადვოკატის კომენტარი აისახა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button