ახალი ამბები

განახლება: გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი დაატყვევა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 ნოემბერს ტელეგრამის არხზე გაავრცელა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს ქართველი მებრძოლი, სახელად გიორგი გოგლიძე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაატყვევეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დატყვევებული მებრძოლი უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-2 საერთაშორისო ლეგიონთან არის დაკავშირებული.

ვიდეოში ჩანს, რომ გოგლიძე გატეხილი რუსულით წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობს, სადაც ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეა და ამბობს, რომ „თითო მოკლულ რუს სამხედროზე 300 აშშ დოლარს დაპირდნენ“. გოგლიძეს სახეზე დაზიანების კვალი აღენიშნება.

„სამხედრო ტყვე ამბობს, რომ ის გერმანიაში კიევის რეჟიმმა გადაიბირა. წვრთნის დროს მასთან მუშაობდნენ ინსტრუქტორები აშშ-დან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და პოლონეთიდან“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დააკავეს, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც გიორგი ჩუბითიძე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ 15 ნოემბერს დაუდასტურა, რომ „ღია წყაროებზე დაყრდნობით“ ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ.

„ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი კვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად“, – განაცხადა სამინისტრომ.

ერთ-ერთი დატყვევებული ჯარისკაცის, გიორგი ჩუბითიძის სახელი მედიაში ადრეც გაჟღერდა, კერძოდ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 2020 წლის ივნისის სიუჟეტში, რომლის თანახმადაც ჩუბითიძე, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ოფიცერი იყო, რომელიც 2007 წლის კოდორის ოპერაციაში მონაწილეობდა, სადაც ორი რუსი ოფიცერი, სავარაუდოდ, მოკლეს. ეს ოპერაცია აფხაზეთში, მაშინ თბილისის მიერ კონტროლირებად და ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზემო კოდორის ხეობაში მშენებარე გზის მახლობლად ჩატარდა.

სიუჟეტის თანახმად, ჩუბითიძე და სხვა მონაწილეები ქართული მხრიდან ოპერაციის შემდეგ რუსეთის ძებნილთა სიაში იმყოფებოდნენ. ამავე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მთავრობა შესაძლოა დაეთანხმა რუსეთის მოთხოვნას ოპერაციის მონაწილეებზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლიდან ჩუბითიძე უკრაინაში იმყოფებოდა და მას როგორც რუსული, ისე სეპარატისტული ძალები ეძებდნენ..

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button